მთავარი,სიახლეები

ბათუმში ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობის“ ოფისი გაიხსნა

22.12.2018 • 3357
ბათუმში ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობის“ ოფისი გაიხსნა

„ჩვენ ბევრი რამ გვაწუხებს, მაგრამ ვერ ვახერხებთ ორგანიზებას. ხელისუფლებას ეს არ ადარდებს. ჩვენ ვტკეპნით ერთ ადგილს… გვაქვს მენტალური პრობლემაც, ველოდებით ვიღაც მესიას, მდიდარ და კეთილ კაცს, რომელიც ჩამოგვირიგებს ფულებს და ჩვენ მარტო მხარ-თეძოზე გადაბრუნების უფლებას მოგვცემს. ასე არსად არ ხდება სინამდვილეში, ასე ხდება მხოლოდ ზღაპრებში. რეალურად ხალხმა უნდა  მოინდომოს ის, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ წავიდეს ქვეყანა წინ…“ – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა ბათუმში შეკრებილ მოქალაქეებთან სიტყვით მიმართვის დროს. დღეს მან ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩის #9-ში „სამოქალაქო მოძრაობის“ ბათუმის ოფისი გახსნა.

თბილისის შემდეგ ბათუმი პირველი ქალაქია რეგიონებში, სადაც „სამოქალაქო მოძრაობის“ ოფისი გაიხსნა. მოძრაობის ოფისი მალე ქუთაისშიც გაიხსნება. ალეკო ელისაშვილმა აქცენტები პოლიტიკაზე ბათუმში გამართულ შეხვედრაზეც გააკეთა.

„თუ ჩვენ პოლიტიკურ მოძრაობას შევქმნით, ეს არ იქნება უბრალოდ მესამე ადგილისთვის და პოლიტიკაში ტივტივისთვის არ ვიბრძოლებთ. ვეცდებით, რომ ვიყოთ ყველაზე ანგარიშგასაწევი ძალა. ჩვენი მიზანია, რომ ხალხის ხმა ისმოდეს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

„სამოქალაქო მოძრაობის“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი პოეტი გენრი დოლიძე იქნება. ალეკო ელისაშვილს ვკითხეთ, რის მიხედვით შეარჩია მოძრაობის ბათუმის ორგანიზაციის ლიდერად ადამიანი, რომელიც აქამდე სამოქალაქო აქტივიზმით გამორჩეული არ ყოფილა. [გენრი დოლიძეს ერთ-ერთი ბოლო საზოგადოებრივი აქტივობა ბათუმის საკრებულოში ჰქონდა, სადაც მან ნურეთინ ჩარმიქლუს ქუჩისთვის სახელის შეცვლა მოითხოვა.]

„ყველას ვკითხე, ვისაც ვიცნობდი ბათუმში, როგორ დაახასიათებდნენ გენრის. იყო მინიშნება, რომ იგი იყო ერთი კონკრეტული ფრთიდან და შესაძლოა ყოფილიყო ქსენოფობიაში ჩართული. რეალურად გენრი აპროტესტებდა იმას, რასაც მე ვაპროტესტებდი თბილისში. არ შეიძლება ქუჩას ცოცხალი ადამიანის სახელი მიანიჭო. მე ქუჩისთვის სახელის შეცვლის მოთხოვნაში ვერანაირ ქსენოფობიას ვერ ვხედავ.

თბილისშიც არიან ადამიანები, რომლებიც აქამდე არ გამოირჩეოდნენ დიდი სამოქალაქო აქტივიზმით. მთავარი იყო კეთილსინდისიერი და კვალიფიციური ადამიანის შერჩევა. სანთლით არის საძებარი კვალიფიციური ხალხი. მე მქონდა ბათუმშიც ბევრთან შეთავაზება, მაგრამ თავად ადამიანს უნდა უნდოდეს ეს,“ – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

„ჩვენ კარგად ვიცით, რა აწუხებს ხალხს“, – მიმართა შეხვედრაზე შეკრებილებს გენრი დოლიძემ, თუმცა მან თავი შეიკავა ესაუბრა კონკრეტულ პრობლემებზე, რაც მისი აზრით, ბათუმს აწუხებს.

„ბათუმს ყველაზე მეტად აწუხებს სოციალური პრობლემები, ასევე ადამიანის უფლებები… კონკრეტულად ვერ გეტყვით, ყველა ჯგუფის უფლება ირღვევა. ვისაც გაუჭირდება, ვინც მოგვმართავს, ყველა ამ პრობლემაზე გვექნება შესაბამისი რეაგირება. რა ფორმით, ამას მოვიფიქრებთ,“ – გვითხრა გენრი დოლიძემ.

რადგან „სამოქალაქო მოძრაობის“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელმა ყურადღება ადამიანის უფლებებზე გაამახვილა, ჩვენ მას დაკონკრეტება, მაგალითად, მუსლიმ თემზე ვთხოვეთ, რომელსაც ამ დრომდე ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების უფლებას არ აძლევენ. გენრი დოლიძემ ამ საკითხზე საუბრისგანაც თავი შეიკავა.

„ეს ისეთი საკითხია, რომ ამ წუთში არ მექნება პასუხი. არ ვარ ღრმად ჩახედული ამ საკითხში, სანამ ნიუანსები არ მეცოდინება და ორივე მხარის პოზიცია, მანამდე შესაძლოა ეს იყო არაკომპეტენტური, ოფიციალური პოზიცია ვერ მექნება,“ – აღნიშნა გენრი დოლიძემ.

ვინ აფინანსებს ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობას“?

„არსებობს მოსაზრება, რომ თითქოს ივანიშვილი მაფინანსებს, ან „ნაციონალური მოძრაობა“… რეალურად მე თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ორჯერ ვიყავი ბრიუსელში და დაფინანსება მივიღეთ ევროპის დემოკრატიის მხარდაჭერის ფონდისგან. მათ აინტერესებდათ, როგორ მოვახერხე დამოუკიდებელმა კანდიდატმა ძალიან ცოტა ფულით მეორე ადგილზე გასვლა. აინტერესებდათ, ასევე, ვაპირებდი თუ არა სამოქალაქო აქტივიზმს. ერთი კაცის სოლო რომ არ ყოფილიყო ეს, ამიტომაც დავაფუძნეთ სამოქალაქო მოძრაობა. გვინდა ასევე რეგიონული ოფისები საქართველოს სხვა ქალაქებშიც გავხსნათ“, – გვითხრა ალეკო ელისაშვილმა.

„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერის თქმით, ამ ეტაპზე, მოძრაობას გრანტის სახით 200 ათასი ევრო აქვს მიღებული, რაც წელიწადნახევარზეა გათვლილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: