მთავარი,სიახლეები

ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობას“ ბათუმში პოეტი გენრი დოლიძე უხელმძღვანელებს

21.12.2018 • 3069
ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობას“ ბათუმში პოეტი გენრი დოლიძე უხელმძღვანელებს

ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობა“ ბათუმში ოფისს ხვალ, 22 დეკემბერს გახსნის. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მოძრაობის ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი პოეტი გენრი დოლიძე იქნება.

„ჯერ არ შემიძლია დავადასტურო, რადგან გადაწყვეტილი არ არის, კონსულტაცია მქონდა. ხვალ დილით ჩამოვლენ, გავივლით ერთობლივად კონსულტაციას, ხვალ დილით მეცოდინება დადასტურებულად,“ – გვითხრა გენრი დოლიძემ.

„სამოქალაქო მოძრაობის“ პრესცენტრში გვითხრეს, რომ ახალი სახეების შესახებ ინფორმაციას ვერც დაადასტურებენ და ვერც უარყოფენ, რადგან პრეზენტაცია ხვალისთვისაა ჩანიშნული.

გენრი დოლიძეს ერთ-ერთი ბოლო საზოგადოებრივი აქტივობა ბათუმის საკრებულოში ჰქონდა, სადაც მან ნურეთინ ჩარმიქლუს ქუჩისთვის სახელის შეცვლა მოითხოვა. 2017 წლის იანვარში პეტიციით მოითხოვეს ქუჩისთვის სახელის შეცვლა, თუმცა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიამ 2018 წლის 29 ნოემბერს უარი თქვა. [წარმოშობით ლაზი ბიზნესმენის, ნურეთინ ჩარმიქლის სახელი ქუჩას ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით 2010 წელს მიენიჭა. მის სახელს ბათუმში სასტუმრო „შერატონის“ მშენებლობა უკავშირდება. გარდა ამისა, იგი საქართველოს საპატიო კონსული იყო ქალაქ იზმირში.]

„სამოქალაქო მოძრაობა“, როგორც სამოქალაქო ორგანიზაცია 7 დეკემბერს დაფუძნდა თბილისში. მოძრაობის პრეზენტაციის დროს დამფუძნებელმა ალეკო ელისაშვილმა „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ ამ ეტაპზე მოძრაობას პოლიტიკური ორგანიზაციის სახე არ ექნება, თუმცა სამომავლოდ მის პარტიად გარდაქმნას არ გამორიცხავს.

„ჩვენი სამოქალაქო მოძრაობის მიზანი არის ერთი: ვხედავთ, ეს ქვეყანა როგორ იხლიჩება ორ პოლიტიკურ ძალას შორის და ამ დაპირისპირებით იმდენად გართულები არიან თავად ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, სულ დაავიწყდათ ქვეყანა, ხალხი და ის, რომ ხალხს ყოველდღიურად აქვს რეალური, ხელშესახები პრობლემები, რომელზეც არავინ არ ფიქრობს და საერთოდ არის დავიწყებული,“ – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: