მთავარი,სიახლეები

განაჩენი „ლეოგრანდში” გაჩენილ ხანძარზე

21.12.2018 • 3478
განაჩენი „ლეოგრანდში” გაჩენილ ხანძარზე

„ლეოგრანდის” საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა განაჩენი გამოცხადა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, თურქეთის მოქალაქე ფათიჰ იავუზს, რომელიც ამ სასტუმროში ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა, 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, გიორგი მიქელაძეს კი ორი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.

გიორგი მიქელაძე „ლეოგრანდში” საწყობის უფროსი იყო. ის მოსამართლემ გაამართლა სახანძრო უსაფრთხოების დაცვის ნაწილში. სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს კვალიფიკაცია შეუცვალა და მიქელაძე სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის შესაბამისად გაასამართლა. ეს მუხლი გულგრილობას გულისხმობს კერძო სექტორში.

“თქვენ კი ამტკიცებდით, რომ იქ არ იყო საწყობი, მაგრამ საწყობი იქ იყო,” – მიმართა მოსამართლემ გიორგი მიქელაძეს.

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ მეორე მსჯავრდებულს – ფათიჰ იავუზსაც მიმართა.

“მეტ სასჯელს იმსახურებდით, მაგრამ ეს თქვენმა ადვოკატმა, კახა წერეთელმა გადამაფიქრებინა… თქვენ მტკიცებულებების ნაწილი უდავოდ მიიჩნიეთ, სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს თქვენს ქცევას სასამართლო პროცესებზე, მაგრამ შედეგი მძიმეა, ძალიან მძიმე,” – თქვა მოსამართლემ.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი 2017 წლის 24 ნოემბერს გაჩნდა, რის შედეგადაც შენობაში მყოფი 11 ადამიანი დაიღუპა, 19-მა კი სხეულის დაზიანება მიიღო.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ხანძარი თავდაპირველად საქვაბე ოთახში გაჩნდა, სადაც „თამბაქოს მოსაწევი ადგილი გამოყოფილი არ იყო.“ ასევე, არ არსებობდა ავტომატური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა საგანგაშო სისტემის ჩართვას და იმას, რომ კვამლი სავენტილაციო არხებში არ წასულიყო. გამოძიებამ ბრალი ამ სასტუმროს ტექნიკური მენეჯერს ფათიჰ იავუზს და საწყობზე პასუხისმგებელ პირს – გიორგი მიქელაძეს წარუდგინა.

პროკურორ ვლადიმერ თურმანიძის მტკიცებით, სახანძრო სისტემის უსაფრთხოება სასტუმროს ტექნიკურ მენეჯერს, ფათიჰ იავუზს და ტექნიკურ საწყობზე პასუხისმგებელ პირს – გიორგი მიქელაძეს უნდა უზრუნველეყოთ.

ამ თემაზე:

პროკურატურა ლეოგრანდის საქმეზე: ხანძარი ჩაუმქრალმა სიგარეტმა ან ასანთმა გამოიწვია

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: