აჭარის ბიუჯეტი დამტკიცებულია – რაში დაიხარჯება 324 მილიონი ლარი


სხდომას, რომელზეც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი დამტკიცდა, 21 დეპუტატიდან 14 დაესწრო. ოპოზიციამ – ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს დეპუტატებმა – სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ აჭარის ბიუჯეტში მოსახლეობის პრიორიტეტები ასახული არ არის. 2019 წლის აჭარის ბიუჯეტს მხარი მხოლოდ “ქართული ოცნების” 13-მა დეპუტატმა დაუჭირა. დარბაზში იყო, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია დეპუტატ გიორგი ცინცქილაძეს “ბურჯანაძე-დემოკრატებიდან”.

2019 წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი 324 მილიონ ლარს აჭარბებს. ბიუჯეტი შემდეგნაირად გადანაწილდა. აჭარის უმაღლესი საბჭოს დაფინანსება 2019 წელს 5 მილიონზე მეტი ლარი იქნება, აქედან 3 მილიონ 433 ათასი ლარი შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯება. უსკოს [აჭარის ა/რ უმაღლესი საარჩევნო კომისია] დაფინანსება 669 ათასი ლარი იქნება, აქედან 589 ათასი ლარი ხელფასებზე დაიხარჯება.

91 მილიონ ლარს აჭარბებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წლიური ბიუჯეტი. 5 მილიონ 512 ათასი ლარი ხელფასებზე დაიხარჯება, ხოლო 55 მილიონზე მეტი ლარი საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ბიუჯეტია. 13 მილიონი ლარია გათვალისწინებული აჭარის მაღალმთიანი რეგიონის გაზიფიცირებისთვის, 9 მილიონ 911 ათას ლარზე მეტია ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ბიუჯეტი. 6 მილიონამდე ლარი დაიხარჯება ბათუმის ბულვარის ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვისა და განვითარების ხელშეწყობისთვის.

50 მილიონზე მეტი ლარია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2019 წლის ბიუჯეტი. აქედან, კულტურის განვითარების, ხელშეწყობისა და პოპულარიზაციისათვის 19 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება, სასცენო და სამუსიკო ხელოვნების ხელშეწყობისთვის 12 მილიონზე მეტი ლარია გათვალისწინებული, საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება-ინვენტარით აღჭურვისთვის – 8 მილიონზე მეტი ალრი. დაფინანსება, ასევე, განსაზღვრულია ინკლუზიური განათლებისთვის, სპორტის ხელშეწყობისთვის, საზღვარგარეთ სწავლისთვის და სხვა.

სამინისტროებს შორის ყველაზე მცირე დაფინანსება ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს აქვთ.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი – 17 მილიონ 762  ათასი ლარია. აქედან, სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო
დახმარებისთვის 7 მილიონზე მეტი ლარია გათვალისწინებული, მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარებისათვის  – მილიონ-ნახევარზე მეტი, მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსებისთვის, შარშანდელის მსგავსად, 500 ათასი ლარი, ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის კი – 3 მილიონამდე ლარი.

აჭარის  სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წლის ბიუჯეტი 14 მილიონზე მეტი ლარია. აქედან 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება შრომის ანაზღაურებაზე, 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება აგროსასურსათო სექტორის განვითარების პოლიტიკის შემუშავებისა და მართვისთვის. სოფლის მეურნეობაში მაღალეფექტური ტექნოლოგიების დანერგვისთვის კი 5 მილიონზე მეტი ლარია გამოყოფილი.

4 მილიონ 764 ათასი ლარითაა განსაზღვრული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ბიუჯეტი. აქედან 2 მილიონ 700 ათასი ლარი შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯება.

მთავარი ფოტო: აჭარის უმაღლესი საბჭო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი