მთავარი,სიახლეები

რატომ ვერ ყიდიან ქობულეთელები მანდარინს

19.12.2018 • 3262
რატომ ვერ ყიდიან ქობულეთელები მანდარინს

„კარგ ფასად გვინდოდა გაყიდვა და კლიენტები საერთოდ აღარ ჩანან, საწარმოც დაიხურა,“ – ამბობენ ქობულეთელი მეციტრუსეები. ციტრუსის მიღება-გადამუშავების საწარმო TCF Georgia-მ სტანდარტული მანდარინის მიღება რამდენიმე დღის წინ შეაჩერა. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რატომ ვერ ყიდიან მეციტრუსეები მანდარინს.

„ჩვენ სტანდარტულ მანდარინში, საშუალოდ, 60-70 თეთრს ვიხდიდით. ამ ფასად ბევრმა არ მოიტანა მანდარინი, რადგან იმედი ჰქონდათ, რომ მეტს გადაუხდიდნენ ადგილზე მისული კლიენტები. ჩემი პროგნოზი გამართლდა, მანდარინის ფასმა არ მოიმატა… სტანდარტულ მანდარინს აღარ ვიღებთ, რადგან მისი სარეალიზაციოდ გატანა ახალი წლის დღეებში პრობლემაა,“ – ამბობს კახა შავაძე, საწარმო TCF Georgia-ს ხელმძღვანელი. ამ საწარმომ წელს 800-მდე ტონა სტანდარტული მანდარინი მიიღო.

საწარმოში არასტანდარტული მანდარინის მიღება გრძელდება. ერთ კილოგრამში ფერმერი სახელმწიფოსგან გამოყოფილი სუბსიდიის ჩათვლით, 20 თეთრს იღებს.

კახა შავაძე რამდენიმე ფაქტორს ასახელებს, რის გამოც სტანდარტული მანდარინის ფასი არ გაიზარდა.

„წინა წლებში ადგილზე ყოველთვის მიდიოდნენ გადამყიდველები, ძირითადად აზერბაიჯანის მოქალაქეები… წელს მათი რიცხვი შემცირდა, რადგან მათ უკვე სთხოვენ განბაჟებას, ისე ვეღარ გადააქვთ. გარდა ამისა, მთავარ ბაზრად ისევ რჩება რუსეთი. ჩვენც, ძირითადად, რუსეთში გავიტანეთ. რუსეთის ბაზარზე კი გამოგვიჩნდა კონკურენტი თურქეთის სახით. თურქეთი ახერხებს უფრო დაბალ ფასად მანდარინის შეთავაზებას რუსეთისთვის, რაოდენობის ხარჯზე. იქ ციტრუსის გაცილებით დიდი მოსავალია…“ – გვიყვება კახა შავაძე.

ბიზნესმენის მიერ დასახელებული ფაქტორებიდან არცერთს არ იზიარებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი. ტიტე აროშიძე ასევე არ ეთანხმება იმ მეციტრუსეებს, რომლებიც ამბობენ, რომ მანდარინის ფასი დაბალია და წელს მათ იმაზე უფრო იაფად უწევთ მანდარინის გაყიდვა, ვიდრე ეს წინა წლებში იყო.

„მეციტრუსე ყოველთვის უკმაყოფილოა მანდარინის ფასით… მეც ვიცი, რომ ბევრს არ გაუყიდია, მაგრამ ისინი ინახავენ მანდარინს, რომ შემდეგ, როცა დეფიციტი შეიქმნება, მაშინ გაყიდონ ძვირად. ისინი ამ მანდარინს მარტში ყიდიან,“ – ამბობს ტიტე აროშიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი.

ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის აჭარიდან დაახლოებით 18 ათასი ტონა მანდარინი გავიდა ექსპორტზე. რეგიონში წელს ციტრუსის 60 ათასამდე ტონა მოსავალი მოვიდა.

ტიტე აროშიძის თქმით, არც კერძო შემსყიდველების რაოდენობა შემცირებულა და ვერც თურქეთი გვიწევს კონკურენციას რუსეთის ბაზარზე. მინისტრი ადასტურებს იმას, რომ ქართული ციტრუსის გასაღების მთავარი ბაზარი ისევ რუსეთია და ევროპის ქვეყნებიდან მხოლოდ ლატვიაში გავიდა მანდარინი – 1000 ტონა.

„ ევროპის რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ წელს ვერ მოესწრება ეს პროცედურები, სამომავლოდ გაფორმდება მემორანდუმი და წაიღებენ მანდარინს… რაც შეეხება რუსეთის ბაზარს, იქ აქტიურად შედის მანდარინი თურქეთიდან, მაგრამ აჭარაში მოწეული ციტრუსი ბევრად ხარისხიანია და ამას პრობლემა არ შეუქმნია. ერთადერთი, სადაც წელს შედარებით პრობლემა შეიქმნა, უკრაინაა, სადაც არსებულმა ფისკალურმა პოლიტიკამ გაყიდვების რაოდენობაზე მოახდინა გავლენა…

არ შეესაბამება ეს ინფორმაცია სინამდვილეს, რომ მანდარინის ფასი დაიწია ან კერძო შემსყიდველების რაოდენობამ იკლო. თუ მეციტრუსეები ამას ამბობენ, მე მაქვს მათთან შეკითხვა, რომელ წელთან შედარებით იყო დაბალი ფასი წელს? მანდარინი ხარისხის შესაბამისად წელს იყიდებოდა 40 თეთრიდან 90 თეთრის ფარგლებში.

კერძო შემსყიდველები მუშაობენ ორგანიზებული ფორმით. ისინი წინასწარ შერჩეულ ბაღებში შედიან და მათი რაოდენობა არ შემცირებულა, ადრე იყო ქაოსური გადანაწილება…“ – გვითხრა ტიტე აროშიძემ.

რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს მეციტრუსეს ახლა და რამდენად ადეკვატურია მანდარინის საშუალოდ 60 თეთრად გაყიდვა? – ტიტე აროშიძემ გვიპასუხა, რომ მანდარინის ბაღს თუკი მეციტრუსე სათანადოდ მოუვლის, მას ბევრად მეტი შემოსავლის მიღება შეუძლია, ვიდრე, მაგალითად, საჯარო მოხელეს, „რომელიც დილიდან საღამომდე მუშაობით იკლავს თავს.“

„მაგალითად, ნებისმიერ ფერმერს ქობულეთში მინიმუმ ორი ტონა მანდარინი მაინც აქვს ისეთი, რომელსაც კილოს 60 თეთრად გაყიდის. ეს გამოდის 1200 ლარი. მოვლა-პატრონობის მაქსიმალური ხარჯი მას ექნებოდა 300-400 ლარი. მეციტრუსეს 800 ლარი რჩება, რომლითაც შეუძლია სხვა რაღაც გააკეთოს… ათტონიანი ბაღიდან 12 ათასი ლარის მიღება შეიძლება საშუალოდ. საჯარო მოხელეს არ აქვს ამდენი, დილიდან საღამომდე რომ იკლავს თავს…“ – აღნიშნა ტიტე აროშიძემ „ბათუმელებთან“.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს შევახსენეთ, რომ ეს შემოსავალი ქობულეთის სოფლებში მცხოვრები ოჯახებისთვის ხშირად მთელი წლის ხარჯისთვის განკუთვნილი ფულია და მათ შემოსავლის სხვა წყარო მცირემიწიანობის და სხვა პრობლემების გამო არ აქვთ. მინისტრმა გვითხრა, რომ მეციტრუსეებიდან ბევრს ათტონიანი ბაღი აქვს, ხოლო თუ არ აქვს, შესაძლებელია აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამაში ჩართვა და ციტრუსის ბაღის ეტაპობრივი განახლება.

„ჩვენ ვთავაზობთ მეციტრუსეებს ბაღების ეტაპობრივ განახლებას, მათ შეუძლიათ ამ პროგრამაში უფასოდ ჩართვა, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი ამით ნაკლებად ინტერესდებიან…“ – დასძინა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: