„სამშენებლო პოლიგონი“ ქობულეთის ფიჭვნარის მწვანე ზოლში [ფოტო]

ქობულეთის სანაპიროზე ჯებირების აღსადგენად სამშენებლო მასალებს პირდაპირ ფიჭვნარის მწვანე ზოლში ამზადებენ. ქობულეთში მცხოვრებმა პირმა ამ სამუშაოების ამსახველი ფოტოები გამოგვიგზავნა და გვითხრა, რომ ფიჭვნარში არა მხოლოდ მძიმე ტექნიკა გადაადგილდება, არამედ, პრაქტიკულად, „სამშენებლო პოლიგონია“ მოწყობილი ტურისტებისა და ადგილობრივების საყვარელ რეკრეაციულ  ადგილზე.

„სამშენებლო პოლიგონია“ კი, რადგან არაგაბარიტული ტვირთის გადაადგილება მიზანშეუწონელია… ეს შესაძლებელია, მაგრამ მიზანშეწონილი არ არის. გარდა ამისა, სხვაგან რომ დამზადდეს და შემდეგ აქ მოიტანონ, დროში გაიწელება პროცესი. ჩვენ კი გვინდა, რომ ახალი ტურისტული სეზონის დაწყებამდე დავასრულოთ ჯებირების აღდგენა,“ – განმარტავს მწვანე ზოლში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების აუცილებლობას სულხან მოწყობილი, ქობულეთის მერის მოადგილე.

ქობულეთში 1900 მეტრ სიგრძეზე ახალი ჯებირი უნდა მოეწყოს და სასეირნო ბილიკი. ნაპირდაცვითი ღონისძიებების ფარგლებში, ამ პროგრამისთვის, მერის მოადგილის თქმით, დაახლოებით 6 მილიონი ლარი დაიხარჯება. ჯებირების აღდგენაზე კომპანია „საბა კონსტრაქშენი“ მუშაობს. ქობულეთის მერიაში განმარტავენ, რომ ამ კომპანიას მწვანე ზოლის სამშენებლო სამუშაოებისთვის გამოყენებაზე ნებართვა არ აქვს, რადგან ამის საჭიროება არ იყო.

„სპეციალური ნებართვა არ სჭირდება ამას. მუნიციპალური განვითარების ფონდსა და ამ კომპანიას შორის არსებობს სახელშეკრულებო ურთიერთობა. ჩვენ მხოლოდ ვაკონტროლებთ მიმდინარე სამუშაოებს, ასევე, შევარჩიეთ შესაბამისი ადგილები, სადაც უნდა გადაადგილდეს მძიმე ტექნიკა, რომ რამე დარღვევა არ მოხდეს და მთლიანად არ დაზიანდეს მწვანე საფარი და იქ არსებული ინფრასტრუქტურა,“ – განმარტავს სულხან მოწყობილი.

ქობულეთის მერიის მოადგილის თქმით, დაზიანებულ მწვანე საფარს თავად კომპანია აღადგენს ზაფხულის სეზონის დაწყებამდე.

სად არის ქობულეთის ფიჭვნარის მწვანე საფარის აღდგენის ვალდებულება გაწერილი და რა ფორმით?

„არ წამიკითხავს ეს ხელშეკრულება, მაგრამ ვიცი, რომ ასეთი ვალდებულება აქვს კომპანიას. ზოგადად ასე ხდება,“ – გვითხრა სულხან მოწყობილმა, ქობულეთის მერის მოადგილემ.

აპირებს თუ არა „საბა კონსტრაქშენი“ ქობულეთის ფიჭვნარში დაზიანებული მწვანე საფარის აღდგენას? – ეს კითხვა გვინდოდა „საბა კონსტრაქშენისთვის“ დაგვესვა, თუმცა კომპანიის დირექტორმა, ლევან თარგამაძემ ჩვენ სატელეფონო შეტყობინებას არ უპასუხა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი

ავტორი