აჭარის უმაღლესი საბჭო ზაზა ოქუაშვილისთვის დეპუტატის სტატუსის შეჩერებაზე იმსჯელებს

სტატიის გაანხლება

აჭარის უმაღლეს საბჭოში ზაზა ოქუაშვილის განცხადებას ელიან. უწყების პრესსამსახურის განმარტებით, დეპუტატმა თავად განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, რომ არ ჩააგდებს კოლეგებს [უმაღლეს საბჭოს] უხერხულ მდგომარეობაში და მიმართავს განცხადებით დეპუტატის სტატუსის შესაჩერებლად. ზაზა ოქუაშვილი დიდი ხანია, რაც სხდომებზე დასწრებასა და უმაღლესი საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას ვერ ახერხებს.

ჯერჯერობით, დეპუტატის განცხადება უმაღლეს საბჭოში არ შესულა. იმ შემთხვევაში, თუ კი დეპუტატი უმაღლეს საბჭოს განცხადებით არ მიმართავს, რას აპირებს აჭარის საკანონმდებლო ორგანო? – უწყებაში გვიპასუხეს, რომ ზამთრის სესიების შემდეგ იმსჯელებენ, როცა გაცდენებს დაითვლიან.

კანონით, უმაღლესი საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:

  • არსებობს დეპუტატის პირადი განცხადება უფლებამოსილების მოხსნის თაობაზე
  • მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი
  • სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ
  • დაიკავა უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ეწევა მასთან შეუთავსებელ საქმიანობას
  • დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა
  • არასაპატიო მიზეზით, ზედიზედ 3 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა უმაღლესი საბჭოს სასესიო [პლენარული და კომისიის სხდომები] მუშაობაში

ზაზა ოქუაშვილმა ხელისუფლება ბიზნესზე ზეწოლაში დაადანაშაულა. ოქუაშვილის ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომელთა შუამავალი სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი იყო, “პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ” ტელეკომპანია “იბერიას” დათმობა მოითხოვეს. “პრობლემებში” იგულისხმება “ომეგა ჯგუფის” რამდენიმემილიონიანი დავალიანება ბიუჯეტის მიმართ.  დეპუტატი ასევე საუბრობდა სხვადასხვა სახის გამოძალვაზე.

განახლება: პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო სიით უმაღლეს საბჭოში მოხვედრილმა ზაზა ოქუაშვილმა უმაღლეს საბჭოს დღეს, 20 დეკემბერს მიმართა დეპუტატის სტატუსის შეჩერების თხოვნით. შესაბამისად, აჭარის საკანონმდებლო ორგანოში ზაზა ოქუაშვილს „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიის მესამე ნომერი – მერაბ ბლადაძე ჩაანაცვლებს.

უფრო ვრცლათ თემაზე წაიკითხეთ აქ:

 

ოქუაშვილის  სკანდალური ინტერვიუ ივანიშვილზე, ფარცხალაძეზე და 4 მილიონის გამოძალვაზე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი

ავტორი