მთავარი,სიახლეები

როგორი იქნება ხელოვნების უნივერსიტეტის ახალი შენობა [ფოტო]

18.12.2018 • 3531
როგორი იქნება ხელოვნების უნივერსიტეტის ახალი შენობა [ფოტო]

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ახალი შენობის მშენებლობა და რემონტი დასრულდა. შენობაში ახლა ბოლო ეტაპის სამუშაოებია დარჩენილი – დალაგება და ინვენტარით აღჭურვა. ოთხსართულიანი შენობა ბათუმის ცენტრში, გორგილაძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების გადაკვეთაზე დგას.

“ამ შენობის ვიზუალური მხარე და დაპროექტება  ჩვენი უნივერსიტეტის არქიტექტორების ესკიზებითაა. გია რამიშვილის ხელმძღვანელობით ჯგუფებში მომზადდა ესკიზები, არქიტექტურული ნაწილი. ტენდერი როცა გამოცხადდა პროექტის დამზადებაზე, ტენდერში გაიმარჯვა ქუთაისურმა ფირმამ “ლაივ დიზაინი”, ზურა ვაშაკიძეა ხელმძღვანელი. მათ დაასრულეს პროექტი და მოამზადეს ხარჯთაღრიცხვა. მშენებელი კომპანია შპს “ალიგატორი 1″-ია,” – უთხრა “ბათუმელებს” ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერმა გელა ბერიძემ. მისივე თქმით, შენობა სტუდენტების საჭიროებებზეა მორგებული.

“ხუთმა პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა და ხუთივე პროგრამის კომისია გვყავდა აქ. ყველა ერთ აზრზე თანხმდება, რომ ეს შენობა მორგებულია ყველა მიმართულების სპეციალობას. ხელოვნების  უნივერსიტეტში რამდენიმე მიმართულებაა – სახვითი მიმართულება, სასცენო ხელოვნების მიმართულება, არქიტექტურა, მუსიკა, ჰუმანიტარული. ყველა მიმართულებას აქვს თავისი სივრცე, მისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და არც ერთი მიმართულება არ არის დარჩენილი უყურადღებოდ ან მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გარეშე. ამ უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა მოეწყო უნივერსიტეტში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამებისთვის. ყველაფერი ათვისებულია, ერთი კვადრატული მეტრიც არ დაიკარგა,” – ამბობს გელა ბერიძე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტისთვის, ბოლო ორ წელში, 3,5 მილიონი ლარი გამოყო. აქედან 2 მილიონ 400 ათასი ლარი მშენებლობა-რეკონსტრუქციაზე დაიხარჯა. მილიონ ასი ათასი კი – სასწავლო ინვენტარზე, ტექნიკასა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შეძენაზე.

 

მეოთხე სართულს ღია აივანი აქვს, სადაც სტუდენტებისთვის დასასვენებელი სივრცე მოეწყობა

აუდიტორიებს დიდი, ფართო ფანჯრები აქვს, რომლებიც ორ ქუჩაზე გადის

აქ საკონფერენციო დარბაზი იქნება

დერეფნული სისტემის მეშვეობით ყველა ოთახი ნათელია

მცირე სცენა მუსიკის ფაკულტეტისთვის

შიდა ეზოში გამავალ აუდიტორიებს ფრანგული აივნები აქვთ

მეოთხე სართულზე სახვითი მიმართულების სტუდენტების აუდიტორიები  იქნება

ხედი ხელოვნების უნივერსიტეტის ახალი შენობიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: