მთავარი,სიახლეები

პოზიტიური და ნეგატიური ასოციაციები ბათუმზე – შეფასება ურბანული განვითარების ჭრილში

18.12.2018 • 1845
პოზიტიური და ნეგატიური ასოციაციები ბათუმზე – შეფასება  ურბანული განვითარების ჭრილში

სანაპირო, ზღვა, ჰორიზონტი, სივრცე, ბულვარი – დაასახელეს კვლევის ფარგლებში ფოკუსჯგუფების წევრებმა, რომლებსაც ბათუმთან დაკავშირებული პოზიტიური ასოციაციების დასახელება სთხოვეს. მათ მიერ დასახელებული ნეგატიური ასოციაციები კი, ძირითადად, ბათუმის ურბანულ პოლიტიკას უკავშირება –  ქაოსური მშენებლობები, მაღალსართულიანი შენობები, ცათამბჯენები და ქალაქი, რომელიც ნაკლებად ორიენტირებულია მოქალაქეზე.

კვლევის მიზანი იყო ბათუმის თვითმმართველობის საქმიანობის შეფასება ქალაქის ურბანული განვითარების ჭრილში. კვლევის მონაწილეების განმარტებით, კვლევისთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად გამოიყენეს თვისებრივი კვლევის მეთოდი – ფოკუსჯგუფი.

კვლევის ფარგლებში სულ ორი რვაწევრიანი ფოკუსჯგუფი გამოკითხეს. ეს ჯგუფები შექმნეს სამიზნე აუდიტორიისგან, გამოკითხეს ბათუმის მოსახლეობა, მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ორგანიზატორების ინფორმაციით, კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ კვლევაში მონაწილე სამივე სამიზნე ჯგუფს – არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, ჟურნალისტებსა და ბათუმის მცხოვრებლებს დაახლოებით ერთი და იგივე რამ მოსწონთ და არ მოსწონთ დღევანდელ ბათუმში.

ფოკუსჯგუფების მიერ დასახლებული ნეგატიური ცვლილებების ჩამონათვალი ასეთია:

კვლევის ფარგლებში ფოკუსჯგუფებს სთხოვეს პოზიტიური ცვლილებების დასახელებაც, სადაც დაასახელეს: საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ახალი უბნების განვითარება, ტურისტული ნაკადის მატება, ბულვარის გაფართოება და განვითარება, თანამედროვე არქიტექტურისა და ველოინფრასტრუქტურის განვითარება.

სამიზნე ჯგუფებში მიიჩნიეს, რომ ბათუმის ისტორიული  ნაწილის იერსახის შენარჩუნება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია და მათზე გაფრთხილება აუცილებელია, რადგანაც ქალაქის ძველი ნაწილი ბათუმის ისტორიას, ავთენტურობასა და უნიკალურობას წარმოაჩენს და საინტერესო ადგილია ტურისტებისთვის.

კვლევის მიხედვით, ქალაქის ისტორიული ნაწილი იმითაცაა გამორჩეული სხვა უბნებისგან, რომ აქედან ზღვასთან მიახლოება უფრო მარტივად შეიძლება.

კვლევის მიზანი იყო ბათუმის თვითმმართველობის საქმიანობის შეფასება ქალაქის ურბანული განვითარების ჭრილში

კვლევა NDI-ის მხარდაჭერით სტუდია „რეკმა“ ჩაატარა.

კვლევის პრეზენტაციას დღეს, 18 დეკემბერს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, უმაღლესი საბჭოსა და ბათუმის საკრებულოს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ასევე, ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრას დაესწრნენ და დისკუსიის ნაწილშიც მიიღეს მონაწილეობა ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებმაც.

პრეზენტაცია კვლევის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ოჩი კონცელიძემ სტუმრებს დეტალურად წარუდგინა, რის შემდეგაც დაიწყო დისკუსია. დისკუსიის ნაწილში მონაწილეობა არ მიუღიათ უმაღლესი საბჭოს წევრებს, მათ შეხვედრა მალევე დატოვეს.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს იმაზე, რომ ბათუმს არ აქვს განაშენიანების რეგულირების გეგმა და საკმარისი რეგულაციები იმისთვის, რომ ქალაქში მშენებლობები ქაოსურად არ გაგრძელდეს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: