მთავარი,სიახლეები

შსს აღარ იძიებს არჩევნების დღეს ბათუმში „ოცნების“ წარმომადგენლებზე ძალადობის სამ ფაქტს

18.12.2018 • 1394
შსს აღარ იძიებს არჩევნების დღეს ბათუმში „ოცნების“ წარმომადგენლებზე ძალადობის სამ ფაქტს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არჩევნებთან დაკავშირებულ  სისხლის სამართლის 13 საქმეზე შეწყვიტა გამოძიება. მათ შორისაა ბათუმში, საარჩევნო უბნების მიმდებარედ მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის ორი ფაქტი #29 და #39 საარჩევნო უბნებთან და ასევე, #35 საარჩევნო უბანთან მმართველი პარტიის კოორდინატორის ავტომანქანის დაზიანების ფაქტი.

შს სამინისტროს განცხადებით, ამ საქმეებზე გამოძიება შეწყდა, „სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, ვინაიდან არ დადასტურდა დანაშაულის არსებობა.“

შს სამინსიტროს ინფორმაციით, 2018 წლის 28 ნოემბერს და შემდგომ პერიოდში პოლიციამ გამოძიება დაიწყო სავარაუდო დანაშაულის 25 ფაქტზე, ხოლო სისხლის სამართლის 2 საქმეზე დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის: ქუთაისის აეროპორტში, თამარ ჩარკვიანის მეუღლის – ჯონდო გიგანის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე ერთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა და თბილისში, გლდანის რაიონში, ერთ-ერთი საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე „ტვ პირველის“ ჟურნალისტის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე ერთი პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა.

____________

მთავარ ფოტოზე: პოლიცია საარჩევნო უბანთან, 28 ნოემბერი. ფოტო: „ბათუმელები“

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: