მთავარი,სიახლეები

დაზარალებული: პოლიციელებმა ფარული კამერით შემიშვეს კლუბში, სადაც ფულს მძალავდნენ

17.12.2018 • 2596
დაზარალებული: პოლიციელებმა ფარული კამერით შემიშვეს კლუბში, სადაც ფულს მძალავდნენ

„ყველამ იცის, როგორ სძალავენ ფულს ღამის კლუბში… მე დისკოთეკებზე არ დავდივარ. ერთხელ ვიყავი ადრე და მაშინაც მასე გააკეთეს. ახლა ფარული კამერით შევედი…“ – ასე დაიწყო ამბის მოყოლა დღევანდელ პროცესზე მურატ ჩილიოღლუმ. მან დღევანდელ პროცესზე სასამართლოს მოწმის სახით ჩვენება მისცა.

მურატ ჩილიოღლუ თურქეთის მოქალაქეა და ბოლო სამი წელია საქართველოში ცხოვრობს. მან პოლიციელების ოპერატიული დავალება შეასრულა და ტაბიძის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბში – „ფაშა“ მეგობართან ერთად ფარული კამერით აღჭურვილი შევიდა. დაზარალებულად ცნობილი მურატი და პროკურორი ადილარ წირღვავა ირწმუნებიან, რომ კადრებში ფულის გამოძალვის კონკრეტული ფაქტი ჩანს.

„მეგობარი ჩამოვიდა სტუმრად რიზედან და მან მთხოვნა კლუბში წასვლა. ავუხსენი, რაც ხდებოდა კლუბებში, ამიტომ პოლიციელებს ვთხოვე დახმარება. მათ ფარული კამერები დაგვამაგრეს და ისე შევედით.

კლუბში მხოლოდ ერთი კოქტეილი და ერთი „რედ ბული“ შევუკვეთეთ… მერე თავისით მოიტანეს ხილის ასორტი და გოგოც ჩამოგვიჯდა. ვუთხარი, რომ საჩუქარი არ გვინდა და ანგარიში მოგვიტანე-მეთქი. ანგარიში მოიტანეს. იქ ეწერა, რომ 750 ლარი უნდა გადაგვეხადა.

ვუთხარით მიმტანს, რომ ამ თანხას არ გადავიხდიდით. მერე მოვიდნენ უფროსები… კლუბის ერთი თანამშრომელი ჩემი ნაცნობი აღმოჩნდა. მე გადავრჩი. ჩემს მეგობარს კი მარცხენა ფერდში ჩაარტყეს და ყური აუწიეს. გვაგინებდნენ, გვიყვიროდნენ… მერე პოლიცია შემოვიდა. ჩვენ 250 ლარი დავტოვეთ და წამოვედით,“ – დაახლოებით ამ სიტყვებით აღწერა სასამართლო პროცესზე მურატ ჩილიოღლუმ კლუბში მომხდარი ამბავი.

ღამის კლუბ „ფაშას“ ხელმძღვანელები რამაზ ი. და მუსტაფა ქ. წინასწარ პატიმრობაში არიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მათ 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით. ისინი წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. საქმეს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე განიხილავს.

„მე მოვედი შენთან და ფული მოგთხოვე?“ – ჰკითხა მოწმეს ბრალდებულმა.

„კი, შენ იყავი,“ – თქვა მოწმემ.

ადვოკატ პაატა ბოლქვაძის მტკიცებით კი, გამოძალვას ადგილი არ ჰქონია.

„თქვენ შეგიზღუდათ ვინმემ თავისუფლება? რატომ გადაიხადეთ ეს 250 ლარი?“ – იკითხა ადვოკატმა, რაზეც მოწმემ უპასუხა, რომ ის და მისი მეგობარი პოლიციის ადგილზე მისვლამ გადაარჩინა.

ადვოკატი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ფარული კამერით გადაღებულ კადრებში ფიზიკური ძალადობა არ ჩანს. ეს კადრები მოსამართლემ წინა პროცესზე ნახა. ადვოკატის კითხვაზე, მოწმემ ასევე თქვა, რომ ამ შემთხვევამდე ის კლუბ „ფაშაში“ არ ყოფილა.

„იქვე მახლობლად სხვა კლუბში ვიყავი, სახელი არ მახსოვს…“ – დასძინა მოწმემ.

„თუკი ამ კლუბში მანამდე არ ყოფილხართ, რატომ მიხვედით იქ კამერით აღჭურვილი?“ – იკითხა ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ.

მურატ ჩილიოღლუ: „მეგობრებიც ყვებოდნენ, რომ ასე ხდებაო, ამიტომ თავი დავიზღვიე…“

პროკურორ ადილარ წირღვავას თქმით, შემდეგ პროცესზე ჩვენებას მისცემს კლუბში დასაქმებული მიმტანიც. პროკურატურა მიმტანისგანაც მისთვის სასარგებლო ჩვენების მიცემას ელოდება.

ღამის კლუბებში თანხის გამოძალვის არაერთი ფაქტის შესახებ წერდა „ბათუმელები“. სხვა შემთხვევებშიც დაზარალებულები ანალოგიურ სცენარზე საუბრობდნენ. რამდენიმე მათგანი სცემეს იმიტომ, რომ კლუბში გადახდის ქვითარში მითითებული თანხა არ გადაიხადეს. ერთ-ერთი ღამის კლუბის – „ვოგის“ მესაკუთრეებს, ასევე, გამოძალვის მუხლით, გასული წლის ბოლოს მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა.

ამ თემაზე:

„თანხის გამოძალვის ოთახი“ ღამის კლუბში

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: