მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

ყველაზე ძველი პარლამენტი და ყველაზე „ახალგაზრდა“ სასამართლო ბრექსითის შესახებ

17.12.2018 • 2930
ყველაზე ძველი პარლამენტი და ყველაზე „ახალგაზრდა“ სასამართლო ბრექსითის შესახებ

ავტორი: აკაკი ბერიძე, ლექტორი, საერთაშორისო  სამართლის დოქტორანტი

200 ხმა 117-ის წინააღმდეგ – კონსერვატიულმა პარტიამ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსა და პარტიის ლიდერს, ტერეზა მეის, ნდობა გამოუცხადა.

კენჭისყრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში, ტერეზა მეიმ დაიფიცა, რომ ის ბოლომდე მიიყვანს ბრექსითის პროცედურას, “რომელსაც ბრიტანელმა ხალხმა მხარი დაუჭირა”.

ტერეზა მეის მიმართ ნდობის გამოცხადების საკითხს წინ უძღოდა რამდენიმეთვიანი რთული მოლაპარაკება, რის შედეგადაც დიდი ბრიტანეთის მთავრობა და ევროკავშირი გასვლის ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ. 585-გვერდიანი დოკუმენტი ბევრ საკითხს ფარავს, მათ შორის ყველაზე პრობლემატურ საკითხს ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის საზღვარი წარმოადგენდა.

აკაკი ბერიძე

ჩრდილოეთ ირლანდია გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში შედის, ხოლო ირლანდიის რესპუბლიკა დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ამჟამად ჩრდ. ირლანდიასა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის, ფაქტობრივად, საზღვარი არ არსებობს. 1968-98 წლებში ჩრდ. ირლანდიაში შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობდა უნიონისტებს (ადამიანები, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში სურდათ დარჩენა) და ნაციონალისტებს (ადამიანები, რომლებსაც ირლანდიის რესპუბლიკასთან შეერთება სურდათ) შორის. საბოლოოდ, სისხლისღვრა წითელი პარასკევის შეთანხმებით დასრულდა – ჩრდ. ირლანდიის მოქალაქეებს ორმაგი მოქალაქეობა მიენიჭათ და ქვეყნებს შორის საზღვარი შეუმჩნეველი გახდა. ბრექსითის შემდგომ, გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის ერთიანი ბაზრისა და საბაჟო კავშირის წევრი აღარ იქნება. ეს ნიშნავს, რომ ჩრდ. ირლანდიასა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის, რომელიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოა, შესაძლოა, ე.წ “მყარი საზღვარი” დადგინდეს.

თვეების განმავლობაში ბრიტანეთი უარს ამბობდა  ევროკავშირის შემოთავაზებულ ე.წ. “ბექსტოპზე”, რაც ნიშნავდა, რომ ჩრდილოეთ ირლანდია ევროკავშირის ერთიან ბაზარსა და საბაჟო კავშირში უნდა დარჩენილიყო. ბრიტანეთის უარს განაპირობებდა ის ფაქტორი, რომ ამ შეთანხმებით ჩრდილოეთ ირლანდიას დანარჩენი სამეფოსგან განსხვავებულად მოეპყრობოდნენ. ტერეზა მეი თავის გამოსვლებში ხაზს უსვამდა, რომ ის ქვეყნის ერთიანობას საფრთხის ქვეშ არ დააყენებდა.

შეთანხმებას კრიტიკა მოჰყვა კონსერვატორ ბრექსითერებში. ბრექსითის მინისტრი, დომინიკ რააბი თანამდებობიდან გადადგა. მისი თქმით, ეს ხელშეკრულება გაერთიანებულ სამეფოს სამუდამოდ დატოვებს ევროკავშირის საბაჟო კავშირში, რაც აიძულებს ბრიტანეთს ევროკავშირის წესების მიღებას. კონსერვატორების ნაწილმა განაცხადა, რომ ტერეზა მეის უნდობლობას უცხადებს. კომიტეტს გაეგზავნა 48 წერილი, ტერეზა მეის უნდობლობის გამოცხადებაზე კენჭისყრა ჩავარდა.

ტერეზა მეის ნდობის გამოცხადებისთვის კენჭისყრის ჩატარებამდე 2 დღით ადრე, 10 დეკემბერს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებამ პოლიტიკურ და სამართლებრივ აუდიენციას გარკვეული მესიჯები გადასცა ევროკავშირის წევრობაზე: ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ ბრიტანეთის ბრექსითის საქმეზე დაადგინა, რომ ბრიტანეთს შეუძლია გააუქმოს ბრექსითი, როგორც სამართლებრივი და პოლიტიკური რეალობა, დანარჩენი 27 წევრი ქვეყნის ნებართვის გარეშე. ის ფაქტი, რომ ეს სასამართლო გადაწყვეტილება გამოიტანა ყველაზე დიდმა „მოსამართლეთა კოლეგიამ“ – 27-მა მოსამართლემ, აღნიშნულ გადაწყვეტილებას უფრო დიდ ლეგიტიმაციას სძენს. არადა თვით ეს სასამართლო გადაწყვეტილება არის კითხვის ნიშნის შემცველი, ერთობ პროვოკაციული და შეიძლება ითქვას, ევროკავშირის პოლიტიკისთვის საფრთხის შემცველი. ამას თან ერთვოდა ბრიტანული პოლიტიკური ელიტასა და ტერეზა მეის ოპონენტების დავა იმაზე, რომ დიდ ბრიტანეთს ჰქონოდა ბრექსითის პროცესის ცალმხრივად  შეჩერების უფლება. ამას წამყვანი პოლიტიკური ელიტა და ევროკავშირის ინსტიტუციები ეწინააღმდეგებოდნენ.

მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს [ECJ] უმაღლესი თანამდებობის პირმა – გენერალურმა დამცველმა თქვა, რომ გასულ კვირას მან მხარი დაუჭირა აზრს, რომ დიდ ბრიტანეთს უნდა ჰქონდეს ევროკავშირის დატოვების შესახებ აზრის შეცვლის შესაძლებლობა. მის ამ განცხადებას მაშინ სამართლებრივი სარჩული არ ჰქონია, მაგრამ სასამართლომ სწორედ ეს მოსაზრება გაითვალისწინა.

მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ ბევრი მნიშვნელოვანი აქცენტი ჩადო გადაწყვეტილებაში – პირველი და უმთავრესი მაინც ის იყო, რომ პასუხი გასცა ევროკავშირის წამყვანი ინსტიტუციებისა და ბრიტანეთის მთავრობისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ მყოფ საკითხს, რამდენად შეეძლო დიდ ბრიტანეთს გაეუქმებინა ბრექსითი დანარჩენი 27 სახელმწიფოს ნებართვის გარეშე.

სასამართლომ აშკარად განმარტა, რომ ევროკავშირის წევრობა, ასევე წევრობასთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები, არის ნებაყოფლობითი ხასიათის. სახელმწიფოებს გააჩნიათ უფლება გაწევრიანდნენ ევროკავშირში. სასამართლომ ხაზი გაუსვა იმას, რომ ევროკავშირის წევრობა დაფუძნებული „თავისუფლებაზე და ნებაყოფლობითობაზე“. ევროკავშირის შეთანხმების 49-ე მუხლი წარმოადგენს იმის მტკიცების საფუძველს, რომ სახელმწიფოებს თავისუფლად და ნებაყოფლობით შეუძლიათ ევროკავშირის წევრობაზე უარის თქმა და ევროკავშირის სამართლის უზენაესობისგან გათავისუფლება. სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, ერთი სახელმწიფოს მიერ ევროკავშირის წევრობა თუ წევრობის გაუქმება არის დაფუძნებული ევროკავშირის ღირებულებებს, ეს არის ნებაყოფლობითი კავშირი და ემყარება წევრი ქვეყნების თანასწორობას.

ევროკავშირის სამართლის ექსპერტებისთვის ევროკავშირის შესახებ შეთანხმების 50-ე მუხლი განმარტეს ისტორიული და შინაარსობრივი კუთხით. შესაბამისად, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმება სანამ ძალაში შევა (გარდამავალი 2 წლიანი ვადა), ბრიტანეთს აქვს უფლება შეიცვალოს აზრი და ეს ევროკავშირში უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს – ევროკავშირის საბჭოს წერილობით შეატყობინოს.

ამასთან, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ ღიად დატოვა საკითხი, თუ რა სახით უნდა მოხდეს ევროკავშირის დატოვების ანულირება, ანუ ბრექსითის შედეგების გაუქმება. ამ შემთხვევაში ალბათ ევროკავშირიდან გასვლის ანალოგი (ბრექსითის) სახის პროცედურა უნდა განხორციელდეს, ანუ ჩატარდეს რეფერენდუმი ბრექსითის შედეგების გაუქმებაზე. ეს შეიძლება გამომდინარეობდეს თვით ევროკავშირის შესახებ შეთანხმების 50(1) მუხლიდან, რომელიც ყოფნა/არყოფნაზე გადაწყვეტილების მიღების დროს ითვალისწინებს შიდა კონსტიტუციური მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა ეფუძნებოდეს ევროპის კონტინენტზე არსებულ სუვერენიტეტის ტრადიციას და მის მიმართებას რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მაგრამ ფაქტი ისაა, რომ სასამართლომ არ დაიცვა თანაფარდობა წევრი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ევროკავშირის ფუნქციონირებასა და მიზნებს შორის.

პირველი, რაც მანიშნებელია იმისა, რომ სასამართლომ არ დაიცვა თანაფარდობა, არის ის, რომ სასამართლომ თქვა: ბრექსითის შედეგები შეიძლება ისე გაუქმდეს, რომ ბრიტანეთის წევრობის პირობები არ დაირღვეს. ეს უბიძგებს და წაახალისებს იმ სახელმწიფოებს, ვისაც ევროკავშირის წევრობა უნდათ, მაგრამ არ მოსწონთ პირობები – მათ შეიძლება წამოიწყონ ბრიტანეთის მსგავსი კამპანია და ევროკავშირი დაიყოლიონ დათმობებზე.

ეს მექანიზმი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დაუსრულებელ პოლემიკას საერთაშორისო სამართალში ევროკავშირის სამართალსუბიექტობის შესახებ, ევროკავშირი რა სახის საერთაშორისო ორგანიზაციაა, არის თუ არა საერთოდ ის საერთაშორისო ორგანიზაცია? ამ კითხვაზე შუალედური პასუხიც კი ძნელი მოსაძებნია.

მეორე, თუ რა მიმართულებით არის ეს გადაწყვეტილება საფრთხის შემცველი ევროინტეგრაციისთვის, ეს სასამართლო გადაწყვეტილება ერთგვარი უხერხულობის მომენტს ქმნის იმ ქვეყნებისთვის, ვისაც უნდა ევროკავშირის წევრობა, მათ შორის საქართველოსთვის. დიდი ბრიტანეთი, როგორც გლობალური და რეგიონული მოთამაშე მსოფლიო პოლიტიკაში, ყოველთვის დიდი მხარდამჭერი იყო ევროკავშირის გაფართოებისა და მისი ფუნქციონალური დატვირთვის კუთხით. შესაბამისად, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაში მისი მხარდაჭერა შეწყდება წევრ ქვეყნებზე.

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: