მთავარი,სიახლეები

ომბუდსმენი რეკლამის დამკვეთებს ახსენებს, რომ პროდუქტებსა და ნივთებს სქესი არ აქვთ

18.12.2018 • 3007
ომბუდსმენი რეკლამის დამკვეთებს ახსენებს, რომ პროდუქტებსა და ნივთებს სქესი არ აქვთ

მედიასივრცეში ქართულმა რეკლამამ დიდი ევოლუცია განიცადა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ძირითადი წინსვლა რეკლამის ტექნიკურ ნაწილს შეეხო, შინაარსობრივად კი რეკლამებში კვლავ დიდი დოზითაა სექსიზმი და გენდერული სტერეოტიპი.

ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როდესაც კომპანიები პროდუქტის რეკლამირებისთვის გენდერული სტერეოტიპების გარდა, პროდუქციას სქესის მიხედვით ასხვავებენ. სწორედ ამიტომ სახალხო დამცველის აპარატმა რეკლამაში სექსტისტური სტერეოტიპების თავიდან ასაცილებლად ვიდეორგოლი მოამზადა, სადაც კიდევ ერთხელ ახსენებს რეკლამის დამკვეთებს, რომ პროდუქტები და ნივთები არ იყოფა სქესის მიხედვით: “საყოფაცხოვრებო ნივთებს კაცებიც იყენებენ, შოკოლადს, საღეჭ რეზინს, სასმელსა და ნებისმიერ სხვა პროდუქტს სქესი არ აქვს. თუ უცნაურად გეჩვენება, ეს გენდერული სტერეოტიპია. ნუ გამოიყენებ დისკრიმინაციულ სტერეოტიპებს შენი პროდუქტის რეკლამირებისთვის!“

https://www.facebook.com/OmbudsmanofGeorgia/videos/478695645990372/

არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი ანა არგანაშვილი ამბობს, რომ დისკრიმინაციის წახალისებასა და ქალთა მიმართ ძალადობას შორის მჭირდო კავშირია. ის სექსისტური რეკლამის ორ სახეს განიხილავს: რეკლამები, სადაც გვაქვს აშკარა ვიზუალიზაცია, რომელიც ძალადობას ან/და ქალთა უთანასწორო მდგომარეობას განამტკიცებს და, შედარებით შეფარული, რთულად ამოსაცნობი სექსიზმი რეკლამაში – ქალთა ობიექტივიზაცია, როცა ქალები გამოყენებულნი არიან რაიმე მარკეტინგული ნიშნით, რომ საქონელი გაიყიდოს, რა დროსაც  ქალს აკნინებენ.

„ვფიქრობ, ჩვენ პირველ ეტაპზე ვართ, როცა დავა გვიწევს აშკარად უთანასწორობის მესიჯის მატარებელ რეკლამებზე. სამწუხაროა, რომ სანამ სახალხო დამცველი არ იტყვის – “ქმარი არ არის ბანკომატი, იქამდე ჩვენ ვერ ვამტკიცებთ ამას. ნელა იცვლება ეს სტანდარტი, ერთი და იგივე შეცდომები არ უნდა მეორდებოდეს. მაგალითად, ყოველ ახალ წელს ჩვენ ვხედავთ, რომ ქალი რეკლამაში გამოყვანილია როგორც სამზარეულოს ტექნიკაზე დახარბებული ადამიანი, რადგან, თურმე სამზარეულოში ქალი უნდა იყოს,” – ამბობს ანა არგანაშვილი.

თუ ადრე რეკლამებში ქალები პირდაპირი მნიშვნელობით სექსის ობიექტებად იყვნენ წარმოჩენილნი,

ლუდის სექსტისტური რეკლამა. გადაღებულია დაახლოებით 10 წლის წინ:

დღეს ეს სურათი შეიცვალა და ფაქტი დღევანდელ სარეკლამო სივრცეში უფრო შეინიღბა. მაგალითად, გამოჩნდა სექსისტური რეკლამები სოციალური ქსელისთვის, სადაც რეკლამების ეთიკურობას მხოლოდ ცალკეული ჯგუფები აკვირდებიან და აპროტესტებენ:

ერთ-ერთი ფეისბუქგვერდის მიერ მომზადებული რესტორნის რეკლამა

საქმე ის არის, რომ რეკლამას ძირითადად კერძო სექტორი აკეთებს, სახალხო დამცველის გავლენა კი, კერძო სექტორზე მცირეა.

„კანონი არ შეცვალა პარლამენტმა და კერძო სექტორი, უნდა გაითვალისწინებს ომბუდსმენის რეკოენდაციას, უნდა – არა. სანქციაც არ არის დაწესებული. ჩვენთან ეს რეპუტაციური დავები არ არის გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი ისე, რომ მათ ყოველთვის უღირდეთ თავიანთი რეპუტაცია. ამიტომ თუ სანქცია არ არის, ისინი, უბრალოდ, არ ითვალისწინებენ რეკომენდაციას. პარლამენტმა უნდა შეცვალოს კანონი და უფრო მკაცრი ზომები უნდა იყოს გათვალისწინებული“, – ამბობს ანა არგანაშვილი.

არის შემთხვევები, როცა ფეისბუქში საზოგადოების მხრიდან ამა თუ იმ კომპანიის მიერ სექსისტური რეკლამის საპასუხოდ გაკეთებულ ნეგატიურ კომენტარებს დადებითი შედეგი აქვს და ესა თუ ის ორგანიზაცია რეკლამას ცვლის ან საჯარო განმარტებას აკეთებს და ბოდიშსაც იხდის.

თუმცა ანა არგანაშვილი ამბობს, რომ არ შეიძლება ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი საზოგადოების რეაქციის იმედად დავტოვოთ:

„ჩვენს რეაქციას აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ხანდახან საზოგადოებაც არ არის მზად იმისთვის, რომ რეაქცია სწორი იყოს. პირობითად, საზოგადოებაში თუ ჰომოფობიური განწყობა ჭარბობს, ამის გამო ხომ ვერ დავუშვებთ ჰომოფობიურ რეკლამას. საზოგადოების რეაქციაზე მაღალი სტანდარტი უნდა გვქონდეს, რადგან საზოგადოების რეაქცია იცვლება მაშინ, როცა ტრაგედიები ხდება და ამას ვერ დაველოდებით. სახელმწიფო იმიტომ გვაქვს, რომ გავიზიაროთ, რას მიაღწიეს სხვა ქვეყნებმა და ჩვენ გვქონდეს ჩამოყალიბებული ინდიკატორები. უკვე გამოხატვის თავისუფლების მიღმა არის სიძულვილის ენა, მოწოდება ძალადობისკენ და ა.შ… ამიტომ საზოგადოების იმედად ვერ ვიქნებით, რადგან ზოგჯერ უმრავლესობა დიდ აგრესიას იჩენს უმცირესობის მიმართ.”

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: