მთავარი,სიახლეები

„არა სალომეს!“ – ოპოზიციამ ბათუმში პრეზიდენტის ინაუგურაცია გააპროტესტა

16.12.2018 • 2070
„არა სალომეს!“ – ოპოზიციამ ბათუმში პრეზიდენტის ინაუგურაცია გააპროტესტა

დღეს, 16 დეკემბერს გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებმა ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს. „არა სალომეს“ – ეს იყო აქციის მთავარი სლოგანი. აქცია ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან დაიწყო მსვლელობით და აჭარის მთავრობის სახლთან გაგრძელდა

ოპოზიცია ბათუმში ამ აქციით გამოეხმაურა თელავში დაგეგმილ საპროტესტო აქციას.

„ვაპროტესტებთ მოპარულ არჩევნებს, რომელიც მოიპარა ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა, ვაპროტესტებთ იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი, ადამიანი, რომელიც ქართულ ჯარს აბრალებს ომის დაწყებას, უნდა გახდეს მთავარსარდალი. ის არასდროს არ იქნება ჩვენი პრეზიდენტი. ვაპროტესტებთ იმ ქაჯობას, რომელიც მოდის საქართველოს პარლამენტის სკიპერიდან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარიდან, საკრებულოს თავმჯდომარიდან, რომლებიც აგრესიაზე არიან გადასული“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ანთაძემ.

„ხელისუფლებას მოუწევს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა, უფრო მეტიც, მოუწევს საკანონმდებლო ცვლილებების შეტანა და აუცილებლად მოუწევს ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, იმიტომ რომ წარმოდგენილი პოლიტიკური ვითარება არ შეესაბამება იმ რეალობას, რაც გვაქვს ჩვენ. ამიტომ დაიწყოს ხელისუფლებამ ფიქრი ამაზე. ეს არის ჩვენი მოთხოვნა და ჩვენ უნდა გავაგონოთ ეს ხმა“ – განაცხადა აქციაზე მირდატ ქამადაძემ, რომელიც ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელმძღვანელობს.

გაერთიანებული ოპოზიციის აქცია ბათუმში. 16/12/2018

გაერთიანებული ოპოზიციის აქცია ბათუმში. 16/12/2018

ოპოზიციის მხარდამჭერები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან იკრიბებიან. 16/12/2018

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის, პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, საქართველოში არ ჩატარებულა საპრეზიდენტო არჩევნები. მისი შეფასებით, არჩევნების ნაცვლად, კორუმპირებული ჩინოვნიკების ზედამხედველობის ქვეშ ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის მიზანი იყო ქართველი ამომრჩევლის აზრის გაყალბება.

დღეს, 16 დეკემბერს ოპოზიცია აქციას გეგმავს თელავში, სადაც სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია უნდა გაიმართოს, თუმცა ჩუმლაყთან შს სამინსიტრომ გურჯაანი-თელავის ცენტრალური გზა გადაკეტა და ცენტრალურ გზაზე ავტობუსები დააყენა.

საპატრულო პოლიცია ოპოზიციის წარმომადგენლებს სთავაზობს, თელავში ყვარლის გავლით ან ფეხით ჩავიდნენ.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ

ჟურნალისტებს არ ექნებათ საშუალება, უშუალოდ გააშუქონ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში. ადგილზე მყოფი ჟურნალისტები ღონისძიებას ერეკლე მეორეს ციხის ეზოში განთავსებული მონიტორიდან გააშუქებენ. რაც შეეხება უშუალოდ იმ ადგილს, სადაც სალომე ზურაბიშვილმა ფიცი უნდა დადოს, ამ ტერიტორიაზე მხოლოდ პირად ფოტოგრაფებსა და ვიდეოოპერატორებს შეუშვებენ.

ამავე თემაზე: 

https://netgazeti.ge/news/328643/

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: