მთავარი,სიახლეები

დემოკრატიის ინსტიტუტმა ბენეფიციართა შვილებს წინასაახალწლო დღესასწაული მოუწყო

15.12.2018 • 1653
დემოკრატიის ინსტიტუტმა ბენეფიციართა შვილებს წინასაახალწლო დღესასწაული მოუწყო

14 დეკემბერს „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ ბენეფიციართა შვილებისთვის წინასაახალწლო დღესასწაული მოაწყო. ბავშვებს საახალწლო საჩუქრები, ნაძვის ხეები, თოვლის ბაბუები, სათამაშოები და ტკბილეული გადასცეს, შემდეგ კი მათ გართობასა და გამასპინძლებაზე გორგილაძის ქუჩაზე მდებარე „მაკდონალდსმა“ იზრუნა.

აქცია „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და  პრობაციონერების მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ოთხ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებს აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და სამეგრელო – ზემო სვანეთში.

„ბავშვებისთვის ბედნიერი დღეა, მშობელმა შეიძლება შვილი სადმე გაიყვანოს გასახალისებლად, მაგრამ როცა ამდენი ბავშვი იკრიბება ერთად და მოულოდნელ სიურპრიზებს იღებენ, სხვა სიხარულია. ქობულეთიდან ჩამოვედით ღონისძიებაზე, სასკოლო საჩუქრებიც გადმოგვცა სწავლის დასაწყისში დემოკრატიის ინსტიტუტმა. უკვე მეორედ ვართ ბავშვებისთვის დაგეგმილ ღონისძიებაზე“, – ამბობს ერთ-ერთი პატიმრის მეუღლე, რომელიც „მაკდონალდსში“ შვილთან ერთად მოვიდა, მაგრამ გვთხოვა სახელი არ გაგვემჟღავნებინა.

გარდა „მაკდონალდსისა“, ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის 14 დეკემბრის აქციაში ჩაერთო მაღაზიათა ქსელი „ვილმარტი“. მათ რამდენიმე კვირის განმავლობაში სამყოფი საკვები პროდუქტი გადასცეს სამ ოჯახს, რომლებისთვისაც მსგავსი ხელშეწყობა მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო – ზოგ მათგანს სოციალურად არასახარბიელო პირობები აქვს, ზოგიც მრავალშვილიანია.

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის კოორდინატორი, ნინო ხაჩიძე მსგავს აქციებში ბიზნესის ჩართულობის მნიშვნელობასა და მათ სოციალურ პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

„ჩვენ შევთავაზეთ „ვილმარტის“ წარმომადგენლებს ჩართულიყვნენ ამ აქციაში და ისინიც სიამოვნებით დაგვთანხმდნენ. „მაკდონალდსმა“ კი დღეს პატარებს გასართობი პროგრამა შესთავაზა უფასოდ. „ვილმარტის“ წარმომადგენლები გამოგვყვნენ ოჯახებში, მათ შორის მოვინახულეთ მრავალშვილიანი ოჯახები. ვფიქრობ, ასეთი უშუალო კავშირები ძალიან მნიშვნელოვანია.

ნელ-ნელა საქართველოში ბიზნესი მიდის იმ დასკვნამდე, რომ სოციალური პასუხისმგებლობა ძალიან ბევრ რამეს ცვლის შეჭირვებული ოჯახებისთვის.

ყველა უნდა ეცადოს ჩართოს ბიზნესი მსგავს აქტივობებში. ეს უნდა ჩამოყალიბდეს ხედვად, არაფორმალურ პოლიტიკად და მიდგომად, რომ ერთჯერადი აქციები არ დარჩეს მხოლოდ ერთჯერად აქციებად. ასე იზრდება ბრენდის ცნობადობაც და მომხმარებლებსაც მეტი ნდობა უჩნდება მათ მიმართ. როცა ვიცი, რომ „მაკდონალდსი“ უსასყიდლოდ მასპინძლობს ბავშვებს, მე, როგორც მოქალაქე, მადლიერების ნიშნად ხშირად მივიყვან შვილს სწორედ „მაკდონალდსში“ და არა სხვაგან.

უცხოეთში თითქმის ყველა ბიზნესს აქვს საქველმოქმედო ბიუჯეტი. ჩვენს ქვეყანაშიც ფეხს იკიდებს ეს მიდგომა, მაგრამ, ჯერჯერობით, არ შეიმჩნევა ისეთი აქტიურობა, როგორიც სასურველი იქნებოდა. ვიზრდებით, თუმცა ნელა“, – ამბობს ნინო ხაჩიძე.

წინასაახალწლო აქცია ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტში ჩართულ ბენეფიციართა პატარებისთვის მოეწყობა იმერეთში, გურიასა და სამეგრელო – ზემო სვანეთშიც. აქციას რეგიონებში „დემოკრატიის ინსტიტუტთან“ ერთად პარტნიორი ორგანიზაციები: ,,აფხაზინტერკონტი“, გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი და „ფონდი აფხაზინტერკონტი” უზრუნველყოფს.

ამჯერად მიმდინარეობს მოლაპარაკება ბიზნესის წარმომადგენლებთან, რეგიონებში გასამართ აქციებში ჩასართავად. აქციაში შესაძლოა ჩაერთოს ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელი „ვაიკიკიც“, რომ პატარები ზამთრის თბილი სამოსით იყვნენ უზრუნველყოფილი.

 

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: