თქვენ შეგიძლიათ უჩივლოთ პროკურორს – საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება



თუკი პროკურორი თქვენს დაზარალებულად ცნობაზე უარს იტყვის, შეგიძლიათ მას სასამართლოში უჩივლოთ. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დღეს, 14 დეკემბერს მიიღო.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, სასამართლოში პროკურორის დადგენილება დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმის შესახებ აქამდე მხოლოდ მაშინ საჩივრდებოდა, თუკი იგი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს შეეხებოდა. მძიმე და ნაკლებად მძიმე დანაშაულის საქმეებზე ადამიანებს პროკურორის გადაწყვეტილებას ვერ ასაჩივრებდნენ.

თუკი სისხლის სამართლის კონკრეტულ საქმეზე თქვენ დაზარალებულის სტატუსი არ გაქვთ, საქმის მასალებს ვერ გაეცნობით. დაზარალებულის სტატუსის მქონე ადამიანს კი, პროკურორმა გამოძიების პროცესის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს: ვინ დაკითხეს, რა მტკიცებულებები მოიპოვეს და ასე შემდეგ.

საკონსტიტუციო სასამართლოს ამ სარჩელით სამმა მოქალაქემ მიმართა: ხვიჩა ყირმიზაშვილმა, გია ფაცურიამ და გვნაცა გაგნიაშვილმა. მათი აზრით, სადავო სამართლებრივი ნორმა ეწინააღმდეგებოდა სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას, ასევე თანასწორობის პრინციპს.

მოპასუხე, ანუ საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოში აქცენტს აკეთებდა იმაზე, რომ ეს შეზღუდვა ემსახურებოდა სასამართლოების გადატვირთვისგან დაცვას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, სისხლის სამართლის პროცესში კანონმდებლობით განსაზღვრულ მნიშვნელოვან უფლებებზე წვდომის წინაპირობაა. შესაბამისად, პირს აქვს დაზარალებულის სტატუსთან დაკავშირებით პროკურორის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების მომეტებული ინტერესი. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ერთი მხრივ, პროკურორის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების ინტერესი და, მეორე მხრივ, ამ ურთიერთობაში დისკრიმინაციისაგან დაცვის საჭიროება აღემატებოდა სადავო ნორმით დაცულ სიკეთეს – სასამართლოს გადატვირთვის პრევენციას.

მთავარი ფოტო: ბათუმელების არქივი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი