მთავარი,სიახლეები

ვინ აშენებს ბათუმში ახალ ტერმინალს – პორტში კომპანიას მიწა უკვე გადასცეს

08.01.2019 • 7871
ვინ აშენებს ბათუმში ახალ ტერმინალს – პორტში კომპანიას მიწა უკვე გადასცეს

ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის ასაშენებლად, ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა კერძო კომპანიას 15 128 კვ/მ ფართობი აღნაგობის უფლებით უკვე გადასცა. ტერმინალის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას ხელი 2018 წლის 22 მარტს მოეწერა. ახალი ტერმინალი ცენტრალური აზიიდან მინერალური სასუქების ტრანზიტისთვის იქნება განკუთვნილი.

პროექტი ითვალისწინებს სატრანზიტო ტერმინალისა და სასაწყობე ობიექტების მშენებლობას მინერალური სასუქების მიღების, შენახვისა და გადატვირთვის მიზნით. ხელშეკრულებას ორი ხელმომწერი ჰყავს, ბათუმის საზღვაო ნავსადგური და საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია Wondernet Exspress-ი.

კამპანია ახალი ტერმინალის წინააღმდეგ

ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობს წინააღმდეგ, პერიოდულად, სოციალურ ქსელებში მიმდინარეობს კამპანია, რომ ახალი ტერმინალით ჯანმრთელობისთვის საშიში ქიმიური ნივთიერებების გადაზიდვა იგეგმება. საქართველოს ხელისუფლება ამ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს, პორტის ადმინისტრაცია კი აცხადებს, რომ ეს ტყუილია და ტერმინალით ორგანული მინერალური სასუქის – კარბამიდის გადაზიდვა იგეგმება.

ბათუმში მცხოვრებთა ერთმა ჯგუფმა ტერმინალის მშენებლობა აქციითაც გააპროტესტა. სოციალურ ქსელში ბათუმის პორტთან კიდევ ერთი საპროტესტო აქცია კი 20 იანვრისთვის დააანონსეს, სლოგანით – „არა! ქიმიურ საწყობს ბათუმში!“. „ქიმიური საწყობი ბათუმში არ უნდა აშენდეს… ჩვენ 20 იანვარს დიდ სიურპრიზს მოვუწყობთ ქალაქის წინაშე შეთქმულებს“, – წერენ აქციის ორგანიზატორები ფეისბუქში.

ის, რომ ახალი ტერმინალი სწორედ კარბამიდის გადასაზიდად [საწყის ეტაპზე მაინც] შენდება, „ბათუმელებს“ იმ კომპანიაშიც დაუდასტურეს, რომელიც ახალი ტერმინალის აშენებას გეგმავს. „თუმცა, სატრანზიტო ტვირთებში სხვა მინერალური სასუქებიც წერია და შესაძლოა ამან გამოიწვია გაუგებრობა, ვერ გეტყვით. კარბამიდის გადაზიდვა სრულიად უსაფრთხოა. მითუმეტეს, ეს იქნება დახურული ტიპის ტერმინალი და არა ღია. ამდენად, იმაზე 90%-ით უფრო უსაფრთხო იქნება, ვიდრე დღეს გადააქვთ ტვირთები“, – გვითხრეს კომპანიაში.

კარბამიდი, როგორც მარტივი სასუქი, იმ აგროქიმიკატების სახელმწიფო კატალოგშიცაა შეტანილი, რომელთა არათუ გადაზიდვა, არამედ მათი საქართველოში გამოყენებაც კი არის ნებადართული. კატალოგში ამ სასუქის ხუთი სავაჭრო დასახელებაა შეტანილი, რომელთაგან ერთს უკრაინაში აწარმოებენ, ორს რუსეთში და ორსაც შუა აზიაში – თურქმენეთსა და უზბეკეთში. ჩვენი ინფორმაციით, შუა აზიიდან კარბამიდი დღეს, ძირითადად, რუსეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების გავლით გააქვთ. ახალი ტერმინალის აშენებით კი, „ვონდერნეტ ექსპრესს“ ამ ტვირთის შუა აზიიდან საქართველოს დერეფანში გადმოტანა სურს.

„ეს ტერმინალი იქნება ახალი ლოჯისტიკური დერეფნის ნაწილი: ცენტრალური აზიიდან, აზერბაიჯანსა და საქართველოში, შემდეგ კი ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მეშვეობით შავი ზღვის გავლით ტვირთების გადასაზიდად… სასაწყობე ობიექტები განკუთვნილი იქნება 60 000 ტონა ჯამური მოცულობის სასუქის შენახვისთვის. სატრანზიტო ტერმინალის დიზაინი ყველანაირ კლიმატურ პირობებზე იქნება გათვლილი. საწყის ეტაპზე ტერმინალის საწარმოო სიმძლავრე წელიწადში 1 200 000 ტონამდე მინერალური სასუქების გადამუშავების საშუალებას იძლევა“, – ნათქვამი იყო ოფიციალურ რელიზში.

ვინ ააშენებს ახალ ტერმინალს ბათუმის პორტში

ამ პროექტის უკან, როგორც „ბათუმელებმა“ დოკუმენტებზე დაყრდნობით გაარკვია, დგას გიორგი ზარიძე, დიმიტრი აბდუშელიშვილი, ასევე უზბეკეთის მოქალაქე ალიშერ იკრამოვი. ისინი სხვა კომპანიაში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის პარტნიორები არიან. დიმიტრი აბდუშელიშვილი კი ათი სხვადასხვა კომპანიის დირექტორი და ოთხი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. აბდუშელიშვილს ასევე წილები აქვს 15 სხვადასხვა კომპანიაში.

ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს, ანუ გასული წლის 22 მარტს ითქვა, რომ ტერმინალის ასაშენებლად „ვონდერნეტ ექსპრესი“, იგივე „ვონდერნეტ ექსპრეს ჯორჯია“, 20 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს ბათუმის პორტში. ეს კომპანია თავის მხრივ დაუფუძნებია ნიდერლანდებში რეგისტრირებულ „ვონდერნეტ ექსპრეს ბ.ვ.“, რომელსაც საქართველოში წარმოადგენდა ალიშერ იკრამოვი [როგორც მინდობილი პირი].

რაც შეეხება  ტერმინალის ასაშენებლ ტერიტორიას – „ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა“ 15 128 კვ/მ ფართობი აღნაგობის უფლებით გადასცა შპს „ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფს“. მხარეებმა შესაბამისი ხელშეკრულება ოცი დღის წინ, 2018 წლის 14 დეკემბერს გააფორმეს. ამ კომპანიის 66,7% წილის მფლობელი დიმიტრი აბდუშელიშვილია, ხოლო დანარჩენ 33,3%-ს ალიშერ იკრამოვი ფლობს.

ამ ორ კომპანიას [ინვესტორი – „ვონდერნეტ ექსპრეს ჯორჯია“ და პორტის ტერიტორიის მოსარგებლე „ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფ“] კიდევ ერთი რამ აკავშირებთ – ორივეს დირექტორი გიორგი ზარიძეა.

გიორგი ზარიძე ასევე სააქციო საზოგადოება „ვანდერნეთ ლოჯისთიქის“ დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. ამ საბჭოს თამჯდომარე კი დიმიტრი აბდუშელიშვილია, მისი მოადგილე – ალიშერ იკრამოვი. სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთი წევრია ასევე  მამუკა ხაზარაძე, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი.

უშუალოდ „ვანდერნეთ ლოჯისთიქის“ დამფუძნებლები კი არიან კომპანიები: „ვანდერნეთ ექსპრესი“, „თიბისიეიჩ ანაკლია“, ასევე აშშ-ში რეგისტრირებული „კონტი ინტერნეიშენალი“, რომელიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმშიც“ შედის.

რა ინვესტიცია ჩაიდება ახალი ტერმინალის მშენებლობაში? – ამ კითხვაზე პასუხად „ვონდერნეტ ექსპრეს ჯორჯიაში“ ზოგადად გვითხრეს, რომ „არის უზბეკურიც, ამერიკულიც და ქართული ინვესტიციაც“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, სახელმწიფო თუ სახელმწიფო კომპანიების ინვესტიცია პროექტში არ ჩაიდება. „მთავრობის თანამონაწილეობა პროექტის მხარდაჭერაში გამოიხატება. ეს იქნება მთლიანად კერძო ინვესტიცია“, – გვითხრეს „ვონდერნეტ ექსპრეს ჯორჯიაში“.

„სილქ როუდ ჯგუფი“ ახალი ტემინალისა და ბათუმის პორტის წინააღმდეგ

გასული წლის მარტში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზში აღნიშნული იყო, რომ პროექტის პარტნიორია ტრეიდერული კომპანია- Trammo AG და პროექტი „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“, საქართველოს რკინიგზისა და საქართველოს მთავრობის მონაწილეობით ხორციელდება.

ამ ინფორმაციის გავრცელებიდან 8 თვეში, ბათუმში, „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელმა, გიორგი რამიშვილმა ბათუმის პორტის არსებული სახით შენარჩუნებისა და ნავსადგურის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ გააკეთა განცხადება.

გიორგი რამიშვილი მიიჩნევს, რომ ბათუმის პორტს სამრეწველო დანიშნულება არ უნდა ჰქონდეს და სამგზავრო ნავსადგურად უნდა იქცეს.

აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი, რომლის პარტნიორიც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდია“, ღიად ამბობს, რომ ამის თაობაზე „ყველა მაღალ დონეზე“ ისაუბრა.

გიორგი რამიშვილის თქმით, კომპანიის გეგმებშია ბათუმის სანაპიროს მოადგეს „იახტები მდიდარი ტურისტებით“. იქვე, ახლოს, პორტის ტერმინალის არსებობა კი, რომელიც ქიმიური სასუქების გადაზიდვისთვის იქნება განკუთვნილი, კომპანიის მიზნებისთვის ხელსაყრელი არ არის.

„ეს პროექტი [6 მაღლივი კორპუსი ბათუმის იახტკლუბთანარის იმ პროექტის [ახალი ტერმინალი – ავტ.] მოწინააღმდეგე და მტერი. როგორც ბიზნესი, ის ბიზნესი და ეს ბიზნესი არის შეუთავსებელი ერთმანეთთან, ამაზეა საუბარი. ამ პროექტის განვითარება არის საწინდარი, რომ ისეთი პროექტები ვეღარ განვითარდება. აბსოლუტურად კონფლიქტში შედის ერთმანეთთან ასეთი განვითარება“, –  განაცხადა გიორგი რამიშვილმა.

„სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელმა იმაზეც ისაუბრა, რომ იდეის დონეზე ის მოიაზრებს პორტის მართვის უფლების გამოსყიდვას ყაზახური კომპანიისგან.

„ვონდერნეტ ექსპრეს ჯორჯიაში“ გვითხრეს, რომ მათ რამიშვილის ამ განცხადების შესახებ არაფერი იციან და კომენტარს არ გააკეთებენ.

თავის მხრივ „სილქ როუდ ჯგუფიც“ საქართველოში, ყაზახ პარტნიორებთან ერთად, მსხვილი ინვესტიციის განხორციელების ინიციატივით 2006 წელს გამოჩნდა. მიზანი აჭარაში ტურიზმის, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა იყო. ამ პირობით, მაშინდელმა მთავრობამ აჭარის სანაპირო ზოლში 21 ობიექტი კომპანიას გადასცა.  21-დან მხოლოდ ერთი ვალდებულება შესრულდა – ყოფილი „მედეას“ ადგილზე „რედისონ ბლუ“ აშენდა.

კომპანიასთან, რომელმაც ათი წლის განმავლობაში ნაკისრი ვალდებულებები სრულად ვერ შეასრულა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ახალი შეთანხმება 2016 წელს გააფორმა. ამით „ყაზახურ ინვესტიციასთან“ დაკავშირებული ხელშეკრულება ახალი პირობებით ამოქმედდა. ახალი ხელშეკრულება კი სწორედ მაშინ გაფორმდა, როცა მწვანე კონცხით მილიარდერი, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა.

 

ტერიტორია [წითელი ფერით, 15 128 კვ/მ] რომელიც აღნაგობის უფლებით ბათუმის ნავსადგურმა სხვა კერძო კომპანიას გადასცა აქ ახალი ტერმინალის ასაშენებლად.


 

https://www.facebook.com/mofgeorgia/posts/1748736888497950

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: