მთავარი,სიახლეები

როცა მშობელი ამჩნევს, რომ ბავშვი პორნოგრაფიას უყურებს

15.12.2018 • 5367
როცა მშობელი ამჩნევს, რომ ბავშვი პორნოგრაფიას უყურებს

დღე ბავშვები სულ უფრო მეტ დროს ატარებენ ინტერნეტში, სადაც საკმაოდ  მარტივად შეიძლება გახსნან ისეთი ვებგვერდები, სადაც პორნოგრაფიული ან ეროტიკული შინაარსის შემცველი ვიდეო ან ფოტომასალაა გამოქვეყნებული. როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მშობელი? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ფსიქოლოგ თინანო ჯავახიშვილს ესაუბრა.

  • როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ კი ამჩნევს, რომ ბავშვი პორნოვიდეოებს უყურებს? როგორი უნდა იყოს ამ დროს მისი რეაქცია, თვალი აარიდოს, დაუშალოს, გაუბრაზდეს, რაიმე აუხსნას…

ბავშვის მიერ პორნოგრაფიის ნახვა, განსაკუთრებით პირველად ნახვის შემთხვევა, შეიძლება განვიხილოთ, როგორც მეტ-ნაკლებად მატრამვირებელი მოვლენა. ბავშვს არ ესმის რა ხდება, მან შეიძლება ეკრანზე ნანახი აღიქვას, როგორც ძალადობა და მისთვის ეს იყოს ტრავმა.

რაც შეეხება უფროსის რეაქციას, მშობელი ბავშვს ამის გამო არ უნდა გაუჯავრდეს, მით უმეტეს არ შეიძლება ბავშვის დასჯა. ასეთ დროს მშობელმა მშვიდად და არა ყვირილით, უნდა აუხსნას ბავშვს, რომ ის, რაც ნახა, არ არის ბავშვებისთვის განკუთვნილი. ეს ძალიან საფრთხილო თემაა, რადგან მნიშვნელოვანია შემდგომში ბავშვისთვის ეს არ იყოს რაიმე ძალიან ცუდთან დაკავშირებული.

ზოგადად, მშობლები უნდა იყვნენ ფრთხილად. ბავშვი შეიძლება სულ არ ეძებდეს პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეოს და შემთხვევით წააწყდეს. ამიტომაც მშობელმა უნდა აკონტროლოს ბავშვის აქტივობა ინტერნეტში და რა თქმა უნდა, ეს უნდა მოხდეს პირადი ინფორმაციის პატივისცემით. შეიძლება კოდების დაყენება, რომ მხოლოდ უსაფრთხო ვებგვერდები იყოს ხელმისაწვდომი ბავშვისთვის, არსებობს მარტივი და ეფექტური ხერხები იმის შესამოწმებლად, თუ რა ვებგვერდებზე შედის ბავშვი… ამის კონტროლი აუცილებელია, ოღონდ არა ჩხრეკა, შევარდნები, უცებ თავზე დადგომა – „აბა, მაჩვენე რას აკეთებ“ და ა.შ. უნდა იცოდეს ბავშვმა, რომ კომპიუტერში მშობელიც შედის, ეს წინასწარ სჯობს იყოს შეთანხმებული.

საინფორმაციო ბუკლეტებიც კი შეიძლება გაკეთდეს ამასთან დაკავშირებით და მშობლებს დაურიგდეთ სკოლაში, თუ როგორ აკონტროლონ ბავშვები ინტერნეტ სივრცეში, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

  • როგორ შეიძლება აისახოს ბავშვზე პორნოგრაფიული შინაარსის მქონე ვიდეოების/ფოტოს ნახვა?

შეიძლება ბავშვმა მიიღოს ტრავმა, წუხდეს ამაზე და ვერ მოახერხოს ამის თქმა. როგორც წესი, ბავშვები ვერ ინახავენ საიდუმლოს და იწყებენ ამის გაზიარებას სხვა ბავშვებთან, რადგან თვითონ არ იცის როგორ მოექცეს ამ გამოცდილებას და უნდა, რომ სხვებს გაუზიაროს, აჩვენოს. უფროსებთან შეიძლება შეეშინდეს, რადგან იფიქროს, რომ რაღაც ისეთს აკეთებს, რაც უფროსებს არ მოეწონებათ, ამიტომ თანატოლებს უზიარებენ ხოლმე.

ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ბავშვს ამ და ზოგადად, ყველა გამოცდილებაზე საუბარი შეეძლოს მშობელთან და მშობელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს შესაძლებელი იყოს.

  • თუ კი მშობელი ამჩნევს, რომ ბავშვს აქვს ინტერესი და ხშირად უყურებს პორნო ან ეროტიკულ ვიდეოებს, ასეთ დროს რა უნდა ქნას?

როცა მშობელი ბავშვს ამჩნევს ასაკთან შეუსაბამო ქცევას, ვთქვათ სექსუალური შინაარსის, აქ მხოლოდ  პორნოგრაფიის ყურებაზე არ არის საუბარი, ეს ზოგადად ყურადსაღები უნდა იყოს მისთვის. ეს შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ შეიძლება ბავშვმა რაღაც ნახა, რაც არ უნდა ენახა, ან ვიღაცამ მოუყვა რაღაც, რაც არ არის მისი ასაკისთვის შესაფერისი.

ყვირილსა და გაბრაზებას შედეგი არ ექნება, პირდაპირ მკაცრ აკრძალვას შეიძლება მოჰყვეს ის, რომ ბავშვი კიდევ უფრო დაინტერესდება. ეს უნდა იყოს განხილული, როგორც ქცევა, რომელიც მიზანშეწონილი არ არის.  სჯობს მშობელმა უთხრას  ბავშვს, რომ მოვა დრო, როცა ამაზე ილაპარაკებენ. თუ მშობელი ხედავს, რომ ბავშვი რეგულარულად უყურებს პორნოგრაფიულ ვიდეოებს, ფსიქოლოგის დახმარება არ იქნება ურიგო, სადაც ბავშვი სპეციალისტთან, დაცულ გარემოში შეძლებს დაალაგოს ეს გამოცდილება.

არ არის აუცილებელი ბავშვთან ნანახის შინაარსობრივი განხილვა, საუბარია ქცევის განხილვაზე. უნდა ვუთხრათ ბავშვს, რომ ეს არის უფროსებისთვის განკუთვნილი ფილმები, გაბრაზება – „არ ნახო, არ შეიძლება“ – არ არის საკმარისი.

სამწუხაროდ, კონკრეტული რეცეპტი არ არსებობს, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია, ისევე როგორც ყველა ბავშვი და ყველა მშობელი.

  • ასეთ ვიდეოებში ხშირად არის ძალადობის შემცველი სცენები. როგორ შეიძლება ეს აისახოს ბავშვზე? იქონიებს თუ არა ეს გავლენას მის წარმოდგენაზე, თუ როგორია სექსი და როგორი უნდა იყოს ქალის ან მამაკაცის როლი?

რა თქმა უნდა, გავლენა შეიძლება იქონიოს და ეს არის სწორედ პრობლემა. სექსი პატარა ბავშვმა შეიძლება აღიქვას როგორც ძალადობა. სწორედ ამიტომ არის საჭირო ამის კონტროლი და ამისთვისაა საჭირო, რომ მშობელი ყოველთვის ღია იყოს ბავშვისთვის, რომ მან შეძლოს მშობელთან საუბარი და ეს არ იყოს სტრესთან და სირცხვილთან დაკავშირებული.

  • ზოგადად რა ასაკიდან აქვთ ბავშვებს სექსის მიმართ ინტერესი? როდიდან იწყება საკუთარი სექსუალობის აღქმა?

ბავშვები საკმაოდ პატარა ასაკიდან  იწყებენ საკუთარი სხეულის შესწავლას. ეს შეიძლება 2-3 წლის ასაკიდან მოხდეს, როცა ბავშვები იწყებენ სქესის განსხვავებების აღმოჩენას. საბავშვო ბაღში ხდება შემთხვევები, როცა ბავშვები ერთმანეთს აჩვენებენ სასქესო ორგანოებს, ერთმანეთს შეისწავლიან. ამაში საგანგაშო არაფერია, უბრალოდ ეს უნდა ხდებოდეს ნორმირებულად და მშობელმა საჭიროა მიაქციოს ყურადღება, როგორ მიდის განვითარება ამ მიმართულებით და თუ არის რაიმე საყურადღებო, უნდა მიმართოს სპეციალისტს.

  • თქვენ საბავშვო ბაღი ახსენეთ. რეაქცია აღმზრდელების, მშობლების მხრიდან ისეთ შემთხვევაში არის საკმაოდ მკაცრი. არის შემთხვევები, როცა არცხვენენ ბავშვს. ეს რამდენად სწორია?

არ არის სწორი. ეს არ უნდა იყოს დაკავშირებული ასეთ სირცხვილთან და „ცუდ რამესთან“. თქმა – „ცუდი გოგო ხარ, ან ცუდი ბიჭი ხარ“ – არასწორია, რადგან ბავშვს არ ესმის, რატომ, ეს ხომ მისი სხეულის ნაწილია. ამაზე რეაქცია უნდა იყოს მშვიდი საუბარი, ახსნა, რომ ეს არის ადამიანის სხეული, რომელიც არის ძალიან პირადი, დაფარული. უნდა ავუხსნათ ბავშვს მისთვის გასაგებად, მარტივად, თუ რატომ არ უნდა აჩვენოს სხვას სასქესო ორგანოები. ეს არის უნდა გახდეს ბავშვის შერცხვენის და დასჯის მიზეზი.

  • ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც მშობლები ხშირად არიდებენ თვალს ბავშვების და ასევე მოზარდების ინტერესსაც სექსის მიმართ. იგივე ხდება სკოლაშიც, სადაც ბავშვი დიდ დროს ატარებს. ბიოლოგიის გაკვეთილზე მასწავლებლები შეძლებისდაგვარად გვერდს უვლიან ამ თემას და ხშირად გაკვეთილიც კი არ ტარდება სქესობრივი აღზრდის შესახებ. ასეთ პირობებში ბავშვი, შემდგომში მოზარდი, რჩება ფილმების, პორნოვიდეოების და თანატოლებისგან მიღებული ინფორმაციის ამარა. ეს არის პრობლემა თქვენი აზრით?

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა. მოზარდობის ასაკში ბავშვს უნდა ჰქონდეს წვდომა სექსუალურ განვითარებასთან დაკავშირებულ ინფორმაციასთან, უნდა არსებობდეს მასალა, ლიტერატურა, ვებგვერდები, სადაც კვალიფიციურად მომზადებული ინფორმაცია იქნება უსაფრთხო სექსზე და არა მითები. აუცილებელია ამ საკითხზე მოზარდს ესაუბროს მშობელი, ეს არ უნდა იყოს ტაბუდადებულ თემა. ცნობისმოყვარეობა არსად არ მიდის, ეს არის ადამიანის ერთ-ერთი მთავარი ინსტინქტი და ამ თემაზე არსებობს ათასი მითი, კითხვები, რაზეც მოზარდებს არ აქვთ პასუხი.

ჩემი აზრით, სქესობრივი აღზრდის საკითხები უნდა იყოს ჩართული განათლების სისტემაში, მაგრამ როგორ, რა ფორმით – ეს კარგად მოსაფიქრებელია, რომ კლასში, სადაც 30-40 ამ ამბით მოცული თინეიჯერია, ეს არ გახდეს დაცინვის, აგდების თემა.

ზოგადად მშობლებმა უფრო მეტი ნდობა უნდა გამოუცხადონ შვილებს. საჭიროა მათთან მშვიდი საუბარი და ღიად განხილვა, თუნდაც საკუთარი ემოციების, რომ ბავშვმა იცოდეს რატომ განიცდის, რაზე ნერვიულობს მშობელი. ეს ბევრად უფრო მომგებიანია, ვიდრე ყვირილი და დასჯა, ბავშვებს ბევრად მეტი ესმით, ვიდრე უფროსებს ჰქონიათ.

_______________

მთავარ ფოტოზე: თინანო ჯავახიშვილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: