ქრისტინეს გზა ბავშვთა საოჯახო სახლიდან უნივერსიტეტამდე

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალს სწავლობს, მეორე კურსზეა. სტუდენტურ კაფეში დილაობით ყავას მიირთმევს, სწავლას სამსახურსაც უთავსებს, მეგობრებთან ერთად კვირაში რამდენჯერმე დადის სპორტდარბაზში და ცდილობს აქტიურად იცხოვროს. ქრისტინე ფედანიანი 19 წლის ჩვეულებრივი სტუდენტია, მაგრამ არც ისე ჩვეულებრივია გზა, რომელიც მან სტუდენტობამდე გაიარა.

ქრისტინე ფედანიანი

ქრისტინე ოზურგეთის საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში გაიზარდა. 18 წლისა გაშვილდა, იმავე წელს ჩააბარა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ოზურგეთიდან საცხოვრებლად ბათუმში გადმოვიდა. ამბობს, რომ შეეძლო თბილისის რომელიმე უნივერსიტეტში გაეგრძელებინა სწავლა, მაგრამ ახალი მშობლებისგან შორს წასვლა არ ისურვა, მათთან შაბათ-კვირას ბათუმიდან ადვილად ახერხებს ჩასვლას. ამბობს, რომ კვირის ბოლოს მშობლებთან ჩასვლა მისთვის განტვირთვაა და კარგად ისვენებს. აქვს საკუთარი ოთახი, ხელს არავინ უშლის და ნელ-ნელა ახალ ცხოვრებას ეგუება. ქრისტინეს დედა 52 წლისაა და ბაღის აღმზრდელად მუშაობს, მამა – 59-ის. ცოლ-ქმარს შვილი 28 წელი არ ჰყავდა, მათ ახლა ქრისტინე ჰყავთ.

საკუთარ ამბებზე ემოციების გარეშე ყვება. „იმდენჯერ მიწევდა სკოლაში ახსნა ვინ ვარ, სად ვცხოვრობ და რატომ, რომ მივეჩვიე, ლაპარაკი აღარ მიჭირს“, – ამბობს ქრისტინე. მერე იმ ამბებს იხსენებს, რაც სულ რაღაც 4-5 წლის წინ გადახდა თავს.

„დედა მამინაცვალს ვერ ეგუებოდა, ხშირად ჩხუბობდნენ. მეც აღმოვჩნდი ამ ჩხუბში, მეზობლებმა სოცმუშაკებს დაურეკეს, კონფლიქტს გამარიდეს, ავად გავხდი და საავადმყოფოში აღმოვჩნდი“, – ეს ქრისტინეს ბავშვობის დროინდელი ამბავია. მერე მისთვის და მისი ოჯახისთვის ყველაფერი შეიცვალა და გოგონა სოცმუშაკებმა საოჯახო ტიპის სახლში გადაიყვანეს.

„უსაფრთხო, საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში ცხოვრება შემომთავაზეს. დამპირდნენ, რომ მომივლიდნენ, სწავლის საშუალებასაც მომცემდნენ… დავთანხმდი. 14 წლის ვიყავი, როცა ბავშვთა დაცვის დღეს საოჯახო ტიპის სახლში გადამიყვანეს. ოთხი წელი ვცხოვრობდი იქ“, – ყვება ქრისტინე.

ქრისტინე ფედანიანი

ბათუმში ქირით ცხოვრობს. ოზურგეთიდან დედ-მამა ეხმარება ფინანსურად, მაგრამ ამბობს, რომ მათი ერიდება და არ უნდა უსაქმოდ იყოს. ელექტროტექნიკის მაღაზიაში ღამის ცვლის კონსულტანტად მუშაობს – დილით ლექციებზე მიდის. ასე ცხოვრებას შეეჩვია და უმოქმედობა ვეღარ წარმოუდგენია.

დამოუკიდებლად ცხოვრება მოსწონს. მიაჩნია, რომ მნიშვნელოვან მომენტებში ადამიანს თავად უნდა შეეძლოს გადაწყვეტილებების მიღება.

„თუ არაფერს გააკეთებ და სხვის იმედად იქნები, არაფერიც არ იქნება. სირთულეების გადაჭრის გზაზე თუ იფიქრებ, სხვების დაუხმარებლადაც მოაგვარებ ყველაფერს. ვღიზიანდები, როცა გადაჭარბებული ყურადღებით მეპყრობიან, თითქოს განსაკუთრებული ვიყო. მირჩევნია ისევე მომცენ შენიშვნები, როგორც სხვებს აძლევენ. არაფერი განსაკუთრებული ჩემს თავს არ ხდება“, – ამბობს ქრისტინე.

მისი აზრით, ბავშვთა საოჯახო ტიპის სახლებში ცხოვრება მოსახერხებელია და ამ გარემომ მას ბევრი მისცა. ყვება, რომ სახლში შვიდ ბავშვთან ერთად ცხოვრობდა. თუ ვინმეს რამე სათქმელი ჰქონდა, საღამოობით სხდებოდნენ ერთად და საუბრობდნენ, როგორ დაეძლიათ სირთულეები. სახლში დიდი ბიბლიოთეკაც ჰქონდათ, სამიათასამდე წიგნით.

„ბავშვთა სახლიდან გამიჩნდნენ დობილები და ძმობილები. ჩემი ერთი ძმობილი ახლა ჯარშია, დობილი გათხოვდა, ქორწილშიც ვიყავი. არ ვკარგავთ ერთმანეთს, მიწერ-მოწერა გვაქვს“.

ქრისტინე ბათუმს მალე შეეჩვია. ზღვა უყვარს, მაგრამ ამბობს, რომ ცურვა არ იცის და ცოტათი ეშინია, ამიტომ სანაპიროზე სეირნობას არჩევს. ერთი წლის განმავლობაში ბევრი მეგობარი შეიძინა. სამომავლოდ უცხოეთში სწავლაზე ოცნებობს და მოგზაურობაზე ფიქრობს.

ქრისტინე სოციალური კამპანიის – „გააზიარე სითბო“ ერთ-ერთი მონაწილეა. ამ კამპანიის ფარგლებში მოხალისეებმა ბათუმში,  ტბელ აბუსერიძის №9 – ში სოციალური კარადა დადგეს, სადაც ყველას შეუძლია დატოვოს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ნივთები მათთვის, ვისაც ეს სჭირდება. ქრისტინე ამბობს, რომ კარგად ესმის,  თუ რას ცვლის მსგავსი ინიციატივები მათთვის, ვისაც დახმარება სჭირდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი

ავტორი
თამარ ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან