მთავარი,სიახლეები

ამირან გამყრელიძე: აჭარაში სამ დაავადებაზე ერთიანი შეტევა იწყება

12.12.2018 • 3151
ამირან გამყრელიძე: აჭარაში სამ დაავადებაზე ერთიანი შეტევა იწყება

დღეს, 12 დეკემბერს, ბათუმში აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე აჭარაში ტუბერკულოზის, აივ ინფექცია/შიდსისა და C ჰეპატიტის ინტეგრირებული სკრინინგის შესახებ ისაუბრეს.

დღესვე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აჭარის რეგიონში ახალი პროგრამის დაწყება დააანონსა. აჭარა “ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივას” შეუერთდა.

„მნიშვნელოვანი პროექტები იწყება  – ნულოვანი ტუბერკულოზი აჭარაში და სამი დაავადების – ტუბერკულოზის, აივ ინფექცია შიდსის და ც ჰეპატიტის ინტეგრირებული მართვა პირველადი ჯანდაცვის დონეზე,“ –  განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, სამი ინფექციური დაავადების ინტეგრირებული მართვა სიახლეა საქართველოში. გასულ წელს მსგავსი პროექტი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განხორციელდა.

„C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტი გახლავთ საქართველოს ფლაგმანი პროექტი, სავიზიტო ბარათი, რომლის მიხედვითაც მიღწეული შედეგებით, სამი წლის განმავლობაში, შეიძლება ითქვას, საქართველო გახლავთ მოწინავე  მთელს მსოფლიოში როგორც მოსახლეობის გამოკვლევის, ისე ინფიცირებულთა მკურნალობის მოცვის თვალსაზრისით. იმ პილოტმა, რაც სამეგრელო-ზემო სვანეთში გასულ წელს დაიწყო და წელს განვითარდა, კარგი შედეგები მოგვცა. ამიტომ წელს უერთდება აჭარა და მომავალი წლიდან მთელ საქართველოში დაიწყება პროექტის იმ მასშტაბით განხორციელება, რაც პირველადი ჯანდაცვის დონეზე ამ სამი დაავადების ინტეგრირებულ მართვას შეეძლება,“ – ამბობს ამირან გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე

მისივე თქმით, თუ აქამდე ტუბერკულოზის, შიდსის და C ჰეპატიტის მატარებლები, ძირითადად დიაგნოსტირდებოდნენ და შემდეგ მკურნალობას გადიოდნენ  სპეციალიზებულ დაწესებულებაში, დღეიდან ამ საკითხში უფრო მეტად ჩაერთვება პირველადი ჯანდაცვის რგოლი.

“სწორედ პირველადი ჯანდაცვის ექიმებს შეაქვთ ყველაზე მეტი წვლილი მოსახლეობის გაჯანსაღებაში,“ – ამბობს ამირან გამყრელიძე.

იმისთვის, რომ პროგრამა წარმატებით განხორციელდეს, დაგეგმილია აჭარის პირველადი ჯანდაცვის ქსელის მთლიანად გადამზადება. ასევე, სახელმწიფოს ხარჯზე იქნება მიწოდებული ტესტსისტემები სწრაფი დიაგნოსტიკისთვის. დღესვე აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს სამი ავტომობილი გადაეცა, რომლითაც მოსახლეობაში სპეციალისტები იმოძრავებენ სკრინინგისთვის. გარდა ამისა, გლობალური ფონდის პროექტით მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს შვიდი კომპიუტერი გადასცეს.

„ჩვენთან აწყობილია ტელემედიცინის ეხოსისტემა, რომლის საშუალებითაც თბილისის ცენტრალური კლინიკები უკავშირდებიან რეგიონებს და დგება ექიმ სპეციალისტების კონსილიუმი ტელემედიცინის საშუალებით, როცა ტუბერკულოზის რთული შემთხვევებია. ამისთვის სპეციალური პროგრამებით აღჭურვილი კომპიუტერები გადაეცემა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს და ასე ვთქვათ, ძალიან სერიოზულ სამ დაავადებაზე ერთიანი შეტევა დაიწყება აჭარაში. ვფიქრობ  სულ მალე, რამდენიმე წელიწადში აჭარას გავათავისუფლებთ, ისე როგორც მთელ საქართველოს, ამ სამი, ძალიან ვერაგი ინფექციური დაავადებისაგან,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ტუბერკულოზის, აივ ინფექცია შიდსის და ცე ჰეპატიტის ტესტირების ჩატარება მოქალაქეებს უფასოდ შეეძლებათ მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრებში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: