მთავარი,სიახლეები

გასეირნება სილამაზის სალონიდან დაიწყო – თავშესაფარში მცხოვრები ქალების 10 დეკემბერი

11.12.2018 • 5755
გასეირნება სილამაზის სალონიდან დაიწყო – თავშესაფარში მცხოვრები ქალების 10 დეკემბერი

10 დეკემბერს მსოფლიომ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნა. 2018 წელს  ადამიანის უფლებათა დაცვის დეკლარაციას 70 წელი შეუსრულდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ გადაწყვიტა ეს დღე წინა წლებისგან განსხვავებულად აღენიშნა: #ვიზრუნოთერთმანეთზე – ასე ჰქვია სოციალურ კამპანიას, რომლის ფარგლებშიც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ ბათუმის სათნოების სავანის ბინადრებს დღესასწაული მოუწყო.

ბათუმის სათნოების სავანე 122 ბენეფიციარს ემსახურება. 68 ქალიდან მხოლოდ 14-ს შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება. კამპანიაში სწორედ ისინი ჩაერთვნენ.

10 დეკემბრის დიდი გასეირნება სილამაზის სალონიდან დაიწყო – ბათუმში მდებარე სალონი „შვარცკოფი“ ქალებს უფასოდ მოემსახურა, სალონმა „დაიმონდმა“ კი, მსგავს აქციებში სამომავლოდ მონაწილეობის მზაობა გამოთქვა.

გუშინ, 10 დეკემბერს, ამ ქალებისგან არაერთი ცხოვრებაში პირველად ესტუმრა სილამაზის სალონს, ზოგიც ახალგაზრდობაში ლამაზდებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხოვრება გაურთულდათ არც თმა შეუღებავთ, აღარც მაკიაჟით გალამაზება უცდიათ. ყველას ერთი რამ აერთიანებს – ბათუმის სათნოების სახლში ცხოვრობენ ერთად.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი

თმა ზოგმა შეიღება, ზოგმა შეიკრიჭა. ბევრი გრძელ თმას ვერ შეელია და დავარცხნას დასჯერდა.  ზოგი მხიარულია და ცეკვავს კიდეც, ზოგი ჩუმად ზის კუთხეში და პარიკმახერთან საკუთარ რიგს ელოდება. კამერების დანახვისას ზოგი საუბრობს, ზოგიც არაფერს ამბობს.

73 წლის ციური ჟორჟოლიანი გრძელ თმას არ იკრეჭს, არც იღებავს, ბუნებრივ ჭაღარას ვერ ველევიო – ამბობს. ცხოვრების რთული გზა გაიარა: პატარობიდანვე ობოლ ბავშვთა თავშესაფარში იზრდებოდა, მერე იშვილეს, დაქორწინდა, შვილები გაუჩნდა, მერე ყველაფერი ერთად დაკარგა და საბოლოოდ ისევ თავშესაფარში აღმოჩნდა. მისი მხიარულება და ცხოვრების ხალისი ამას ვერ გაფიქრებინებთ. თუმცა როცა საუბარს იწყებს, ცხადი ხდება, რომ ღიმილით, უბრალოდ, მოჭარბებულ ტკივილს ფარავს.

„სალონში 25 წელია არ ვყოფილვარ, მას შემდეგ, რაც შვილები დამეღუპა. სასტუმრო ინტურისტში ვმუშაობდი, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაშიც, მზარეულად – 20 წელი. უბრალო ადამიანი ვარ, მაგრამ ჩემი საქმით საზოგადოებასთან მქონდა ურთიერთობა. ოთხი წელია სავანეში ვცხოვრობ.

ადრე დავქვრივდი. ორი შვილი მყავდა, ორივე დამეღუპა. ერთი ბიჭი ციმბირში გარდაიცვალა. დასატირებლადაც ვერ ჩავედი, საშუალება არ მქონდა. მალევე გარდამეცვალა მეორე ბიჭიც. რძალთან და მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად დავრჩი. მერე რძალი უცხოეთში წავიდა სამუშაოდ. დაიკარგა ჩვენი ბინა. ერთხანს ვქირაობდი საცხოვრებელს. მერე გაძვირდა ქირა და თავშესაფარში გადავედი. პირობები აქ ნორმალურია – სამჯერადი კვება, სისუფთავე, კონცერტები ტარდება ხშირად, გვაკითხავენ, გვამხიარულებენ, მაგრამ საკუთარი ოჯახი სულ სხვაა…

კითხვა მიყვარს, ხანაც სასაფლაოზე დავდივარ. ვიცინი, მაგრამ ეს ჩემი ჰაერზე სიცილია, ხომ არ გგონიათ ქარაფშუტულად ვიცინი? მინდა გული გადავაყოლო, ჩემი მდგომარეობა დავივიწყო. ავადმყოფობის და ტკივილის გარდა ცხოვრებაში არაფერი მინახავს. ყველას, ვინც რთულ ცხოვრებას გადის, ერთს ვთხოვდი: ზედმეტ დარდს ნუ მიაკარებენ გულს, არაფერს არ აკეთებს დარდი, თუ ძლიერი ხარ, უნდა გადალახო ყველაფერი, მეტი გზაა არაა. რამდენჯერმე თავის მოკვლაც ვცადე, მაგრამ არ დამაცადეს“, – ამბობს ციური ჟორჟოლიანი.

ციური ჟორჟოლიანი – ბათუმის სათნოების სავანის ბენეფიციარი/ფოტო” მანანა ქველიაშვილი

მარგო გეორქიევი 72 წლისაა, აქამდე ახალქალაქის და თერჯოლის თავშესაფრებში ცხოვრობდა. ახლა ბათუმის თავშესაფარში ცხოვრობს. ბავშვობაც მიუსაფარ ბავშვთა სახლში გაატარა.

„ისე ორი და მყავს, განა უპატრონო ვარ! არ დადიან ჩემთან, არავის არაფერს ვთხოვ. მაგრამ ვოცნებობ, სანამ ცოცხალი ვარ მნახონ, რომ აღარ ვიქნები მკვდარს ყვავილები რად მინდა? მეგობარი არავინ მყავს. ვლოცულობ კარგად და ჯანმრთელად ვიყო. ღმერთი ხო იცი ვინც არის? აი, მაგას ვევედრები ჯანმრთელად ვიყო.

მიხარია დღეს თავშესაფრიდან რომ გამოვედით, აბა არ მიხარია?  თან რა მზიანი დღეა!“ ამბობს მარგო გეორქიევი და სარკეში იხედება, აკვირდება, როგორ გაუკეთეს მაკიაჟი.

მარგო გეორქიევი – ბათუმის სათნოების სავანის ბენეფიციარი/ფოტო: მანანა ქველიაშვილი

„გალამაზება ყველა ქალს უხარია, დღეს მეც გახარებული ვარ. ახლა ჩემს საყვარელ ვარცხნილობას გამიკეთებენ. 2 წელია სათნოების სახლში ვცხოვრობ. ცოტა ხნის წინ კონცერტი გვქონდა თავშესაფარში, ახალ წელსაც ვაპირებთ რამე გავაკეთოთ. გარეთ არავინ მყავს, დედ-მამა, ძმა, ყველა გარდამეცვალა, ოჯახი არ მყავს. სიხარულია გალამაზება, ძალიან მსიამოვნებს“, – ეს რუსიკო აბუთიძეა, 70 წლის. ამბობს, რომ თმა ლამაზად აქვს გათეთრებული და შეღებვა არ სჭირდება. დავარცხნას და მაკიჟის გაკეთებას დასჯერდა.

რუსიკო აბუთიძე – ბათუმის სათნოების სავანის ბენეფიციარი/ფოტო: მანანა ქველიაშვილი

სალონში გალამაზების შემდეგ თოთხმეტივე ქალი რესტორან „UOLLI”– ში მიიწვიეს სადღესასწაულო ვახშამზე. ვახშამი სამშენებლო კომპანია „ლაიქ ჰაუსმა“ დააფინანსა. ყავით, ჩაით და ხილის ასორტით რესტორანმა უფასოდ უმასპინძლა ქალებს, საკონდიტრო მაღაზია „ალუბალმა“ კი სპეციალურად ამ დღისთვის დიდი და ლამაზი ტორტი მოამზადა. შპს „ანბანის კოშკმა“ სამოცდაათ ქალს სათითაოდ დაუმზადა პერსონალური საჩუქრები. კომპანია ,,მაჭახელას დათუნიამ“ გაიგო თუ არა სოციალური კამპანიის შესახებ, მაშინვე დათანხმდა თანამონაწილეობაზე. ქედის  ჩირებისა და ჯემების კოოპერატივმა „დიოკნისმა“ სათნოების სახლს ნუგბარი და ტკბილეული გადასცა.

სილამაზის სალონ „შვარცკოფის“ მეპატრონე, თამარ ქოქოლაძე ამბობს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის როლი მსგავს კამპანიებში დიდი უნდა იყოს.

„დღევანდელი დღე ჩემთვის გამორჩეულია, ყოველთვის სიამოვნებით ვიღებთ მონაწილეობას ასეთ კამპანიებში. ერთმანეთის გვერდით დავდგეთ, ვისაც რა შეგვიძლია ის გავუკეთოთ ერთმანეთს. სასიამოვნო გრძნობაა, როცა ვინმეს ახარებ. არცერთ ბიზნესს არ აზარალებს სხვების მცირედი დახმარება, პირიქით“, – ამბობს სალონ „შვარცკოფის” მეპატრონე, თამარ ქოქოლაძე.

თამარ ქოქოლაძე – სალონ შვარცკოფის” მეპატრონე/ფოტო: მანანა ქველიაშვილი

„გვინდა ჩვენი აქცია სხვებისთვის ინსპირაციის წყარო გახდეს. ჩვენი ქალაქის სალონები მოემსახურონ უსახლკარო ადამიანებს და არა მხოლოდ მათ. რესტორნების, კაფეების მეპატრონეებმა სადილზე, ვახშამზე მიიპატიჟონ ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად გამოსული ბავშვები თუ მოხუცები. ან სულაც მიმოვიხედოთ ჩვენს ირგვლივ: ოჯახში, სამეგობროში, სამეზობლოში, უბანში, ქუჩაში შევთავაზოთ ჩვენს გვერდით მცხოვრებ ხანდაზმულებს  ჩვენთან ერთად გასეირნება, ჩაის დალევა, დროის გატარება. მოვუსმინოთ და მოვუყვეთ ერთმანეთს ის, რაც გვახარებს და გვწყინს“, – უთხრა „ბათუმელებს“ ქეთი ადეიშვილმა, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტების მენეჯერმა, როცა ვკითხეთ, რატომ გადაწყვიტეს ამ სახის აქციის ორგანიზება.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი

ფოტო: მანანა ქველიაშვილი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: