ვინ დაიცავს უფლებებს, როცა სასამართლოს მიმართ ნდობა იკლებს – ინტერვიუ ანა ნაცვლიშვილთან

ბოლო კვლევების მიხედვით, მცირდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ენდობიან სასამართლოს და მიიჩნევენ, რომ მოსამართლეები სამართლიანები არიან. სასამართლო რეფორმა ისევ გრძელდება, თუმცა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, ანა ნაცვლიშვილს პოზიტიური მოლოდინი არ აქვს. იგი არ გამორიცხავს, რომ ნდობის ეს მაჩვენებელი კიდევ შემცირდეს, თუკი სასამართლო სისტემა გამჭვირვალე არ გახდება. „ამ სისტემამ აჩვენა, რომ ცვლილების არანაირი სურვილი და რესურსი არა აქვს“, – ამბობს ის.

ვინ დაიცავს ადამიანის უფლებებს, როცა  უფლებების დაცვის მთავარი ინსტიტუტის – სასამართლოს მიმართ ნდობა სუსტდება. „ბათუმელები“ ანა ნაცვლიშვილს ესაუბრა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილ ხელმძღვანელს.

  • ქალბატონო ანა, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მდგომარეობა გაუარესდა. თქვენი დაკვირვებით, რა ვითარება გვაქვს?

ადამიანის უფლებები  დაცული რომ იყოს, ამას სჭირდება რამდენიმე მნიშვნელოვანი წინაპირობა. ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტურია ინსტიტუტები, რომლებსაც პირდაპირ ავალიათ ადამიანის უფლებების დაცვა, ისინი უნდა იყვნენ კომპეტენტურები, ძლიერები და ეფექტურები. წლებია ვხედავთ, რომ სწორედ ეს ინსტიტუტები არათუ ძლიერდება და არა აქვთ საკანონმდებლო და პოლიტიკის დონეზე გაძლიერების ხელშეწყობა, არამედ პირიქით – ვხედავთ მათ დასუსტებას, გაჭიანურებულ რეფორმებს, რომლებიც ეფექტურ მექანიზმებს ვერ ქმნიან ადამიანის უფლებების დასაცავად.

შესაძლოა, ვხედავთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან აქტიური და სისტემური დარღვევები არ ხდება, მაგრამ ამის აღმოფხვრის ეფექტური მექანიზმები არ არსებობს. ეს ქმნის სიტუაციას ქვეყანაში, როდესაც არ გვაქვს ეფექტურად დაცული ადამიანის უფლებები. სერიოზული საქმეებიდან ჩანს, რომ არასასურველი გავლენა არსებობს გარედან… ყველაზე ცნობილი მაინც იყო „ხორავას ქუჩის საქმე“, რომელიც დაიწყო სკოლაში. ამ საქმემ გამოავლინა ძალიან ბევრი მიმართულებით სისტემური პრობლემა – სკოლა, სადაც არ არსებობს პრევენციის მექანიზმები. ამოჩნდა გამოძიების პრობლემა, რომელიც აბსოლუტურად არაკვალიფიციურია და ემორჩილება პოლიტიკურ გავლენებს, ეს ძალიან კარგად გამოაჩინა საპარლამენტო კომისიამ. სასამართლოზე აღარაფერს ვიტყვი…

  • რა მოხდა სასამართლოში, რომლის მიმართ ნდობა იმატებდა 2013 წლიდან. CRRC-ის ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 41 პროცენტი მოსამართლეებს არ ენდობა, 32 პროცენტი თვლის, რომ მოსამართლეები სამართლიანები არ არიან. მოსამართლეებზე მეტად ადამიანები ენდობიან, მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციებს… რამ შექმნა ეს მოცემულობა? 

ასეა იმიტომ, რომ სასამართლო სისტემა რეალურად არ გახდა გამჭვირვალე. 2013 წელს შევიდა ცვლილება კანონში და მედია იქნა დაშვებული, გარკვეული შეზღუდვები მოიხსნა. მაშინ ეს შეფასდა, როგორც პირველი ნაბიჯი, რომ გახსნილიყო სასამართლო სისტემა საზოგადოებისთვის, მაგრამ ეს არ არის სასამართლოს გამჭვირვალობა. უმთავრესია, რომ სასამართლო ასაბუთებდეს თავის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და ეს დასაბუთება უნდა იყოს ძალიან მწყობრი, ჩამოყალიბებული, ეფუძნებოდეს კანონს და არ ტოვებდეს სერიოზულ კითხვის ნიშნებს.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილებები არ არის გამჭვირვალე. ვგულისხმობ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც იღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ჩვენ კი არა, იუსტიციის საბჭოს ზოგიერთი წევრისთვისაც კი გაუგებარია, რატომ იღებს საბჭო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას.

  • წელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ირაკლი შავაძე აპროტესტებდა იმას, რომ იუსტიციის საბჭოს უარი მის მიმართ არ იყო დასაბუთებული. მას უვადო მოსამართლედ გამწესება სურდა. 

ზუსტად ესაა. სერიოზული იყო ეს განცხადება და ამაზე სერიოზული რეაგირებაც კი არ მომხდარა. დაიბარეს ორივე, მოუსმინეს ორივეს და აქ დამთავრდა…

  • როცა სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა სუსტდება, რამდენად იზრდება საფრთხე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით? 

რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ არის კავშირში ერთმანეთთან. ადამიანს როცა აქვს უსამართლობის განცდა, მიმართავს სასამართლოს. შესაძლოა, სასამართლომ არ მიიღოს ადამიანისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება, მაგრამ სასამართლო პროცესი წარიმართოს იმდენად მაღალი სტანდარტით, მოსამართლე იყოს იმდენად პროფესიონალი და მისი გადაწყვეტილება ისე დასაბუთებული, რომ ადამიანი არ გამოვიდეს სასამართლოდან უსამართლობის განცდით. ადამიანს უნდა გაუჩნდეს პატივისცემა და ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა.

  • სასამართლო რეფორმა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. რა მოლოდინი უნდა გვქონდეს? 

მოლოდინი არ არის სახარბიელო. ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ, ყველაზე ზედა ინსტანციის სასამართლოს დაკომპლექტებაც კი გადადის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელში. აქამდე რაც გაუკეთებია ამ საბჭოს, არ გვაძლევს მცირეოდენ იმედსაც, რომ ეს არ იქნება მიკერძოებული გადაწყვეტილებები და არ დანიშნავენ მათთვის მოსაწონ, სანდო და ერთგულ ადამიანებს. ფაქტობრივად, ამ სისტემამ არაერთხელ აჩვენა, რომ ცვლილების არანაირი სურვილი და არანაირი რესურსი არა აქვს, რაც არის ძალიან მძიმე ამბავი.

სასამართლო სისტემის შიგნითაც არის სერიოზული პრობლემები, რაზეც მოსამართლეები ვერ საუბრობენ. არიან მოსამართლეები, რომლებსაც ასობით საქმე აწერიათ და მოსამართლეები, რომლებსაც ცოტა საქმე აქვთ, ან არ აქვთ საქმე საერთოდ. მოსამართლეებიც ხედავენ ამ უთანასწორო გარემოს, რაც აჩენს საზოგადოებაში უიმედობის და უსამართლობის განცდას: მოსამართლე, რომელიც ვერ დაიცავს საკუთარ თავს, როგორ დაიცავს სხვას?

ხშირად მოაქვთ ხოლმე სტატისტიკა, რომ გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა გაიზარდა და როგორ არ არის დამოუკიდებელი სასამართლო. ინსტიტუტების სიმყარე და სიმტკიცე ფასდება არა ზოგადი სტატისტიკით, არამედ ეს ყველაზე უკეთ მოსჩანს სენსიტიურ საქმეებში, როცა სახელმწიფოს აქვს ინტერესი. მიხეილ სააკაშვილის მმართველობას აღარ შევადარებ, ჩვენ არც გვინდა, რომ ამას შევადაროთ, შეიძლება სტატისტიკა უკეთესია ახლა, ვიდრე 2009 წელს, მაგრამ იმ საქმეებს უნდა შევხედოთ, სადაც სახელმწიფოს ინტერესი ფიგურირებს. ვერ გავიხსენებთ ასეთ საქმეს, სადაც სახელმწიფოს ინტერესი იყო და იქ დროულად, ეფექტურად წარიმართა მართლმსაჯულება და დადგა შედეგი. ჩვენ ვერ ვისაუბრებთ სისტემურ გარდაქმნაზე. ვერ ვიტყვით აშკარად, რომ ახლა ეს ინსტიტუციები დადგნენ უფლებების დაცვის სადარაჯოზე.

  • რატომ ვერ დადგნენ?

ნათელია, რომ პოლიტიკური ნება არ არსებობს. წლების განმავლობაში ვხედავთ არასრულ და ფრაგმენტულ რეფორმებს, კრიტიკის სრულ მიუღებლობას. ქვეყნის შიგნით თუ გარეთ პროფესიონალთა ჯგუფებს ბევრჯერ უთქვამთ, რომ კონკრეტული რეფორმა არასწორად ხორციელდება. მაგალითად, პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებით „ვენეციის კომისია“ პირდაპირ ამბობდა, რომ ეს მოდელი დეპოლიტიზებას ვერ მოგიტანთო, მაგრამ რეფორმის გამტარებლებმა არ მოისმინეს ეს. ჩანს, რომ პოლიტიკური ნება არ არის, რომ გარდამტეხი ცვლილებები მივიღოთ.

  • რატომ ვერ გაჩნდა ამ დრომდე ეს პოლიტიკური ნება? 

ადამიანის უფლებების ცნება ისტორიულად წამოვიდა იქედან, როცა მოქალაქემ თქვა, რომ სახელმწიფოს აღარ ექნება შეუზღუდავი ძალაუფლება, ამ ძალაუფლების შეზღუდვა იქნება ჩემი უფლებაო. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ უნდა გაიყოს ძალაუფლება მოქალაქეებთან, შეიბოჭოს საკუთარი თავი. ეს კი არის რთული და არასასურველი. აქ კულტურული და მენტალური პრობლემაც გვაქვს.

  • სააკაშვილის მმართველობის დროს ხელისუფლების პროტესტის მთავარი საფუძველი „გირგვლიანის საქმე“ იყო, დღეს – „შვილმკვდარი მამების საქმე“. ეს არ არის მკაფიო გზავნილი საზოგადოებისგან, რომ მისთვის უფლებების დაცვა უპირველესი მოთხოვნაა? 

ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ცნობიერება და კულტურა. ჩვენს საზოგადოებაში პრობლემაა ეს. ჩვენ ხშირად უფლებები მოგვწონს მაშინ, როცა ეს უფლებები ჩვენ გვიცავს. თუ ეს უფლებები სხვას იცავს, ჩვენგან განსხვავებულს, ჩვენგან მოუწონარს, მაშინ ამის დაცვა აღარ გვინდა. მაგალითად, კლუბების ამბავზე [კლუბ „ბასიანში“ სპეცრაზმის შესვლა] ბევრი არ გამოვიდა და მახსოვს, მოიგონეს საბაბი, რომ აი, იქ ნარკომანები არიან, გეები, მოტაშფანდურე ხალხი. ჩვენთან პრინციპების მიმართ ერთგულება არის ისევ სუსტი, ანუ პრინციპებს კი არა ვუერთგულებ მე, არამედ თუ მაწყობს და ჩემთვის მოსაწონი ხალხი დგას, მაშინ მივდივარ მათ დასაცავად. თუ ასე წავალთ, ჩვენ ვერ შევქმნით საზოგადოებას, სადაც სახელმწიფო არის შებოჭილი და კანონი არის მთავარი.

მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა პოლიტიკურად პოლარიზებული გარემოა: როცა ადამიანი ხმას იმაღლებს დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად, თვლიან, რომ ის რომელიმე პოლიტიკურ ბანაკშია. ეს მენტალობა არის ძალიან დამაზიანებელი ადამიანის უფლებების კულტურის განვითარების კუთხით. წინა წლებისგან განსხვავებით, წელს აქტიურად ვნახეთ ისიც, რომ უფლებადამცველებს უწოდეს „ფაშისტები“.

რთული სოციალური მდგომარეობა, სიღარიბეც არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს უფლებრივ მდგომარეობას. არასწორად არის ხშირად გადანაწილებულია რესურსები და უთანასწორობის მომენტი არის მზარდი. ეს მძიმე რეალობაა, როცა ძალიან ბევრი ადამიანის უფლება ავტომატურად ვერ რეალიზდება და ბევრი ადამიანისთვის მსჯელობა სიტყვის თავისუფლებაზე, მაგალითად, ფუფუნებაა, რადგან მას საფიქრალი აქვს, როგორ დააპუროს ხვალ თავისი შვილი. არის კატეგორია უფლებების, რომლისთვისაც დრო და ენერგიაც აღარ გვყოფნის, მაგალითად, უფლება ჯანსაღ გარემოში ცხოვრებაზე, ან ჯანდაცვის უფლება, შრომით უფლებებზე და უსაფრთხოებაზე აღარ ვსაუბრობ, ადამიანებზე, რომლებიც უხმოდ მიდიან გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაზე, რადგან სხვაგვარად ისინი, უბრალოდ, შიმშილით დაიხოცებიან. ამ ნაწილშიც სახელმწიფოს მხრიდან ვხედავთ ზედმეტად ფრთხილ ნაბიჯებს მაშინაც კი, როცა საქმე ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლეს უკავშირდება. ვგულისხმობ შრომის ინსპექციის უფლებამოსილებებთან დაკავშირებულ საკითხებს.

სახელმწიფო აქტიურად აღარ არღვევს ადამიანის უფლებებს, როცა პოლიცია სცემდა ხალხს, ციხეები იყო სავსე პატიმრებით და ასე შემდეგ, მაგრამ გვაქვს სრულიად არაეფექტური რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც ახალისებს ახალ დარღვევებს.

  • რამ შეიძლება შეცვალოს ეს დამოკიდებულება? 

მოქალაქეების აქტიურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთ-ერთი მსხვერპლი მსგავსი სიტუაციის არის ის, როცა ადამიანები ამბობენ ფრაზას: მაინც არაფერი შეიცვლება. ეს ხელჩაქნეულობა და განწყობა არის ნომერ პირველი მეგობარი ავტოკრატიული სიტუაციის. დემოკრატიას სჭირდება აქტიური მოქალაქეები, ყოველდღიური მუშაობა უფლებების დაცვისთვის, არ არის ისე, რომ ერთხელ მივაღწიე და შემდეგ თავისით გაგრძელდება. თუ გვინდა, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული, უნდა გაძლიერდეს ინფორმირებული, თანმიმდევრული მოქალაქე, რომელიც მუდმივად აკონტროლებს ხელისუფლებას და ცდილობს, რომ გაიზარდოს, არ შეჩერდეს…

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი

ავტორი