24-დან არც ერთი – ისტორიული სახლები ბათუმში უკვე ერთი წელია ძეგლის სტატუსს ელიან

თითქმის ერთი წლის განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ბათუმში ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად წარდგენილი 24 შენობიდან ერთის გაძეგლებაც ვერ შეძლო. სააგენტო გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. ამ შენობების გამოსავლენად ბათუმის მერიამ სამი წლის წინ ბიუჯეტიდან 100 000 ლარი დახარჯა.

ვიდრე სააგენტოში კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ, გასაძეგლებლად წარდგენილი შენობების დასაცავად არავინ არაფერს აკეთებს, მათი რიცხვი თანდათან მცირდება. წარდგენილი შენობებიდან რამდენიმე სახლი ინვესტორმა უკვე დაანგრია და მის ნაცვლად ახალი, მაღალსართულიანი შენობის მშენებლობა წამოიწყო. ის, რომ კომპანია „გეოგრაფიკის“ მიერ რეკომენდებული შენობებიდან ბათუმში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს ძეგლის სტატუსი ჯერ არცერთისთვის არ მიუნიჭებია, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში დღეს, 10 დეკემბერს, დაგვიდასტურეს.

რატომ ვერ იმსჯელა ამ დრომდე ეროვნული სააგენტოს საბჭომ თუნდაც ერთი სახლის გაძეგლებაზე? – ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს. სააგენტოს პრესსამსახურში დღეს მოისმინეს კითხვები, შეგვპირდნენ, რომ გვიპასუხებდნენ ან კონკრეტულ რესპონდენტს შეგვირჩევდნენ, თუმცა ამის შემდეგ ტელეფონს, რამდენიმე მცდელობის შემდეგაც აღარ უპასუხეს.

დავუკავშირდით სააგენტოს ხელმძღვანელს,  ნიკოლოზ ანთიძესაც. ის დაგვპირდა, რომ ინფორმაციას მოიძიებს და პასუხს მოგვიანებით გვაცნობებს.

კვლევა, რომლითაც „გეოგრაფიკმა“ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული  სახლები გამოავლინა, ბათუმის მერიის დაკვეთით ჩატარდა. კვლევის შედეგად 2015 წელს შეგროვილი მასალები დამკვეთმა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს 2017 წლის იანვარში გადაუგზავნა – მიზეზი: დასაზუსტებელი იყო მასალები, რომელთა მოსაძიებლადაც ბიუჯეტიდან 100 000 ლარი დაიხარჯა.

„წარმოდგენილი სააღრიცხვო ბარათები ვერ პასუხობდა კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს მოთხოვნებს, არ იყო მოწოდებული სრულყოფილი ფოტომასალა, რაოდენობა არ იყო რეალურ სურათთან თავსებადი, როგორც სტატუსის მისანიჭებელ, ასევე, სტატუსის მოსახსნელ ობიექტებთან მიმართებაში. ამავდროულად, წარმოდგენილ სააღრიცხვო ბარათებში იყო მთელი რიგი უზუსტობები. ამიტომაც, საბჭოს მოთხოვნებიდან გამომდინარე, ჩვენ ამ მოთხოვნებს ვერ დავეყრდნობოდით“, – ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურის ეს პასუხი 2018 წლის იანვარში გამოვაქვეყნეთ.

ამ განმარტების გამოქვეყნებიდან ერთ საათში „ბათუმელებს“ დაუკავშირდა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს იურისტი და განაცხადა, რომ გასაძეგლებლად წარდგენილი 24 ობიექტის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ეროვნულ სააგენტოში გადაგზავნილი ჰქონდათ.

აჭარის სააგენტოს ინფორმაციითვე, ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ეროვნული სააგენტო დოკუმენტაციას ამზადებდა ეროვნული საბჭოს სხდომაზე წარსადგენად.

 

2018 წლის იანვრიდან 11 თვის შემდეგ ეროვნულ სააგენტოში 24 ობიექტიდან ერთზეც კი ვერ მოახერხეს გადაწყვეტილების მიღება. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში იციან, რომ 24-ვე ობიექტზე ადმინისტრაციული წარმოებაა დაწყებული, თუმცა როდის დაიწყო წარმოება და როდის უნდა ველოდეთ მის დასრულებას, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ადმინისტრაციულ წარმოებას კანონით გათვალისწინებული ვადები აქვს, რაც ერთიდან  სამ თვემდე შეიძლება გაგრძელდეს.

 

 

 

ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად წარდგენილი სახლი ბათუმში დაანგრიეს – ნებართვა მერიამ გასცა

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი