მთავარი,სიახლეები

EMC : გადაუჭრელი რჩება ბათუმის მეჩეთის მშენებლობის საკითხი

10.12.2018 • 1343
EMC : გადაუჭრელი რჩება ბათუმის მეჩეთის მშენებლობის საკითხი

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“(EMC),  ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს ეხმიანება და ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას აფასებს.  შეფასებების ერთი ნაწილი შეეხება საკულტო ნაგებობების მშენებლობისა და გადაცემის დისკრიმინაციულ პრაქტიკებს.

შეფასებაში ნათქვამია, რომ კვლავ გადაუჭრელი რჩება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი. „მუსლიმების თვითორგანიზებულ ჯგუფთან ბათუმის მერის მიერ დაწყებული მოლაპარაკებები შედეგების გარეშე დასრულდა, წაყენებული პირობების უსამართლო შინაარსის გამო.

მეჩეთის მშენებლობის ნებართვაზე მერის უკანონო და დისკრიმინაციული უარის საქმეზე დაწყებული დავა კი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჭიანურდება. ადგილობრივი მუსლიმი თემი მათ მიერ ნაყიდ და საკუთარი ხელით აწყობილ სალოცავ სივრცეში აგრძელებს ლოცვას. ეს ადგილი მათთვის სამოქალაქო უფლებების ბრძოლის სიმბოლური სივრცე გახდა“.

EMC-ის ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წელს თანდოიანცის ისტორიული სომხური ეკლესიის საქართველოს საპატრიარქოსთვის გადაცემის გადაწყვეტილება კვლავ მწვავედ დააყენა საბჭოთა პერიოდში რელიგიური უმცირესობებისთვის ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის პოლიტიკის არარსებობის საკითხი. „ისტორიული ეკლესიის საპატრიარქოსთვის გადაცემა საკითხის სათანადო შესწავლის გარეშე მოხდა. ამასთან ნაგებობის რესტავრაციის გეგმის შესაბამისად ჩანს, შენობის ისტორიული, კონფესიური და კულტურული ღირებულების წაშლის რისკები“.

ანგარიშის მიხედვით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს როლი ზემოთ წარმოდგენილ პროცესებში იყო „არსებითად პასიური ან ნეგატიური, რაც აღნიშნული უწყების საქმიანობის პრობლემას კიდევ ერთხელ აჩვენებს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული უწყების გაუქმების იდეა ოფიციალურად განაცხადა, თუმცა, შესაბამისი საჯარო განმარტების გარეშე ეს იდეა რატომღაც არ განხორციელდა“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: