ფაროსანას საწინააღმდეგოდ სურსათის სააგენტო 6,8 მილიონი ლარის ფერომონს შეისყიდის

საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს 6 875 000 ლარი აქვს გათვალისწინებული ფერომონების შესაძენად. სააგენტომ 250 ათასი ცალი ფერომონიანი მისატყუარის [აზიური ფაროსანას მოსაზიდად, დამჭერი ხაფანგის გარეშე] შეძენაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.

ფერომონი გაუხსნელ მდგომარეობაში ვარგისი უნდა იყოს არანაკლებ ერთი წელი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან, ხოლო მოქმედების ხანგრძლივობა – არანაკლებ 12 კვირა. საქონლის მიწოდება კი უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2019 წლის 31 მარტისა.

სატენდერო პირობის მიხედვით, შესყიდვაში მონაწილეობის მსურველმა პირებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ სატენდერო კომისია განიხილავს იმ პრეტენდენტების წინადადებებს, რომელთა შემოთავაზებული ფერომონი უკვე რეგისტრირებულია საქართველოში ან/და 2018 წლის 7 დეკემბრამდე დაწყებულია სარეგისტრაციო პროცედურები.

ფერომონებით სახელმწიფო, ძირითადად, მავნებლის რიცხოვნობას აკონტროლებს. შეძენილი ფერომონები, მომავალ წელს, მავნებლის გავრცელების მონიტორინგის მიზნით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განთავსდება.

ამ თემაზე:

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი

ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com