მთავარი,სიახლეები

ვინ ვისი აგენტია, ანუ რას შეცვლის ლუსტრაციის კანონი

07.12.2018 • 3677
ვინ ვისი აგენტია, ანუ რას შეცვლის ლუსტრაციის კანონი

„სახელმწიფოს არ უნდა ლუსტრაციის შესახებ კანონის მიღება. როგორც კი ეს დაიწყება, მას პასუხების გაცემა მოუწევს ბევრ რამეზე, პასუხის გაცემა კი რთულია,“ – აღნიშნა ისტორიკოსმა, საბჭოთა წარსული კვლევის ლაბორატორიის მკვლევარმა, დავით ჯიშკარიანმა. მან დღეს, 7 დეკემბერს ბათუმის დემოკრატიის სკოლაში საჯარო ლექცია გამართა.

დავით ჯიშკარიანი წლებია მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცულ არქივში, ასევე ეროვნულ არქივში არსებულ დოკუმენტებთან. რატომ არ სურთ საქართველოში ლუსტრაციის კანონის მიღება, რომელიც ნებისმიერი ისტორიული დოკუმენტის გაცნობის და ისტორიული პროცესის განსხვავებული თვალით შეხედვის საშუალებას მოგვცემს? – დავით ჯიშკარიანს ეს კითხვაც დავუსვით დისკუსიის დროს. „ბათუმელები“ დავით ჯიშკარიანის საჯარო ლექციიდან რამდენიმე საინტერესო მონაკვეთს გთავაზობთ.

[red_box]„სამწუხაროდ, ჩვენთან ლუსტრაციის აღქმაც არასწორია“ [/red_box]

ლუსტრაციის პირველი მცდელობები საქართველოში იყო გასული საუკუნის 90-იან წლებში, მაგრამ ეს მცდელობები ვერ იქნება ისე აღქმული, როგორც დიდი მოძრაობა გახსნილობისკენ. როგორც ყველაფერში, აქაც საკმაოდ ფრაგმენტულები, ზერელეები და არათანმიმდევრულები ვიყავით.

ამ არჩევნების დროსაც იყო გაუთავებელი მანიპულაცია, რომ ეს იმის აგენტია, ეს ის არის და ასე შემდეგ. არავის არ უთქვამს, რომ ერთხელ მაინც ვაჩვენოთ რაღაც დოკუმენტი და დაისვას წერტილი… საზოგადოებას და ინსტიტუციებს არ სურთ ლუსტრაცია, ანუ ის, რომ ისტორია იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის. მერე ვისაც უნდა წაიკითხოს ეს დოკუმენტები, ვისაც უნდა – ნუ წაიკითხავს.

სამწუხაროდ, ჩვენთან ლუსტრაციის აღქმაც არასწორია. ლუსტრაცია ესმით, როგორც აგენტურული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. რეალურად, ლუსტრაციის დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ოფიციალურ საქმეებს, სისხლის და ადმინისტრაციულ საქმეებს, რამაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება თვისებრივად შეცვალა…

რა რეალობა გვაქვს ახლა: 1991 წლის დეკემბერში ჩნდება ხანძარი უშიშროების შენობაში, იწვის არქივი და ამის მერე გვესმის, რომ ყველაფერი დაიწვა, თუმცა გზადაგზა რაღაცები ჩნდება. ითქვა, რომ არქივის დაახლოებით 80 პროცენტი დაიწვა, თუმცა არ შემდგარა კომისია და არავის აღურიცხავს, რა დაიწვა, რა – გადარჩა. ორი წლის წინ ვიყავით უკრაინაში, სადაც პირველად გაიხსნა ყოფილი სახელმწიფო უშიშროების არქივები. ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელიც ჩვენ იქ ავიღეთ, იუწყებოდა, რომ საკავშირო უშიშროების დირექტივით, განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეები და პირადი საქმეები ცეცხლგამძლე კარადებში შეენახათ. აღმოჩნდა, რომ არის დოკუმენტები, რომლებიც არსებობს ოფიციალური არქივს მიღმა. ამის კლასიკური მაგალითი იყო ვალერი ხაბურძანია, რომელმაც თავის დროზე შალვა რამიშვილთან ინტერვიუს დროს თქვა: მე რომ დავინიშნე მინისტრად, ვუთხარი თანამშრომელს, ერთი, შემომიტანეთ აგენტურული საქმეები და შემომიტანესო. თუ ეს ყველაფერი განადგურდა 1991 წელს, ვალერის რა შეუტანეს? ამით გამოჩნდა სახელმწიფოს მიდგომა: ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ რაღაც დოკუმენტები გვაჩვენოს, რაღაც – არა. ლუსტრაცია ამ არქივებში არ მომხდარა.

[red_box]როგორ შეიძლება ისტორიული დოკუმენტების გაცნობა შსს-ს და ეროვნულ არქივებში[/red_box] 

ხელისუფლება ამბობს, რომ გადარჩა ფონდების ნაწილი და ამ საქმეებს გვაჩვენებენ. ერთხელ შსს-ს არქივის თანამშრომელს ვკითხე, რის საფუძველზეა ეს დოკუმენტები განსაიდუმლოებული, გასაჯაროებული-მეთქი. გვითხრეს, რომ არსებობს მინისტრის ბრძანება. მერე გამოვითხოვეთ  მინისტრის ეს ბრძანება და გვიპასუხეს, რომ საიდუმლოა მინისტრის ბრძანება დოკუმენტების განსაიდუმლოების შესახებ. ეს, რა თქმა უნდა, ბევრ ეჭვს აღძრავს. ეს ნიშნავს, რომ დოკუმენტი შეიცავს კიდევ ისეთ ინფორმაციას, რომელიც ეხება არქივებს. ეს ცალსახად მიუთითებს იმაზეც, რომ სახელმწიფო სენსიტიურ ინფორმაციას მალავს.

ფონდების ნაწილი ნამდვილად ღიაა და შეიძლება ნახო, ეს არაა მკაცრად რეგულირებული, თუმცა ერთი გვერდის ასლის გადაღების ფასი 3 ლარია. იგივე საფასურის გადახდა მოგიწევთ, თუკი დოკუმენტს ფოტოსურათს თავად გადაუღებთ. ვინც დოკუმენტებზე მუშაობს მან იცის, რომ მხოლოდ კალმით რაღაც ინფორმაციის გადმოწერა არაა საკმარისი. რეალურად ჩვენ გერმანიიდან უფრო იოლად ვიღებთ დოკუმენტებს, ვიდრე საქართველოში. იქ პირიქით, სტიპენდიებს აძლევენ სტუდენტებს და მკვლევარებს, რომ ვინმემ არქივებში იმუშაოს, ჩვენთან ბარიერს გიქმნიან, რომ როგორმე არქივს არ გაეკარო.

ბარიერი უფრო დიდია ეროვნულ არქივში, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნის. ამას წინათ ზუსტად სამი კვირა ველოდი დოკუმენტს. წარმოიდგინეთ, როგორი ბიუროკრატიაა. თავდაპირველად წერ განცხადებას და ერთი კვირა უნდა ელოდო პასუხს, გაქვს თუ არა დაშვება კონკრეტულ დოკუმენტზე. უცნობია, ვინ, როგორ და რის მიხედვით იღებს ამ გადაწყვეტილებას.

ეროვნული არქივი ხშირად უარს ამბობს ინფორმაციის მოწოდებაზე პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით. საუბარია 1975 წელს აქეთ არსებულ დოკუმენტებზე. ვიცით, რომ პერსონალურია მონაცემი, რომლითაც პირის იდენტიფიცირებაა შესაძლებელი. ამ მიდგომას იყენებს არქივი ისტორიულ დოკუმენტებთან მიმართებით. ბუნებრივია, იქ დაცული ყველა დოკუმენტი პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს. შესაბამისად, გამოდის, რომ ჩვენ ვერ ვნახავთ 1975 წელს აქეთ არსებულ დოკუმენტს, რადგან ყველა დოკუმენტი შეიცავს პერსონალურ ინფორმაციას.

ეროვნულ არქივს ასევე არ სურს მოგვაწოდოს საყოველთაო აღწერის მონაცემები იმისთვის, რომ გამოჩნდეს, როგორი იყოს ეთნიკური მოზაიკა: ვინ როდის ჩამოასახლეს, ან გაასახლეს, როგორ მოხდა ეს პროცესი… ეროვნული არქივის თანამშრომლები თვლიან, რომ ისინი ეროვნულ ღირებულებებს იცავენ. არც ერთი გამოფენა, რომელიც არქივმა მოაწყო, არ იძლევა განსხვავებული პერსპექტივიდან ისტორიული პროცესების დანახვის შესაძლებლობას. მთავარი იდეა არის ის, რომ არსებული ისტორიული დისკურსი სხვანაირად არ იქნას აღქმული.

საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ იგეგმება შსს-ს არქივის ეროვნულ არქივთან შეერთება. ჩუმად გადაწყვიტეს ეს პროცესი. ამით ჩანს, რომ სახელმწიფოს არ სურს ისტორიის სხვაგვარი გააზრება. მათ აქვთ ისტორია, რომელიც არის საკმაოდ არაკვალიფიციური, სუსტი, „ჩეკისტების“ დონეზე დაწერილი, მაგრამ ურჩევნიათ, რომ ეს ჰქონდეთ, ვიდრე სხა. რაღაცნაირი შიშია, ინფანტილური უფრო – როგორც შესაძლოა ბავშვს  ბათუმში ეშინოდეს იმის, რომ საღაციდან ვეფხვი გამოვა და შეჭამს.

როცა ამბობენ, რომ ლუსტრაციის კანონი გამოიწვევს დაპირისპირებას და ომს, მაჩვენონ ერთი ქვეყანა, სადაც ლუსტრაციის კანონის მიღების გამო მოხდა ომი.

[red_box]ისტორია „ოკუპაციის მუზეუმში“[/red_box]

წინა ხელისუფლება მოსვლისთანავე ამბობდა, რომ ეს დოკუმენტები უნდა ყოფილიყო ღია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თუკი კრიტიკულად შევხედავთ ისტორიას, ეს არაა ისე, როგორც, მაგალითად ოკუპაციის მუზეუმშია წარმოდგენილი. მუზეუმში ჩანს, რომ მსხვერპლები არიან სულ ქართველები… იყო რამდენიმე აჯანყება განსაკუთრებით 20-იან წლებში, შემდეგ ლოკალური გამოსვლები, მაგრამ კრიტიკულად თუ შევხედავთ, მძლავრ პროტესტებს ვერ ატყობ. განსაკუთრებით 1956 წლის ამბები არის გაშუქებული, როგორც ნაციონალურ-გამათვისუფლებელი მოძრაობა, როდესაც ეს იყო ცალსახად სტალინის კულტის დაცვისკენ მიმართული აქცია და ეს იყო ქართული ნაციონალიზმის თვისებრივად ახალ დონეზე გადაყვანა.

სახელმწიფოს არ უნდა ლუსტრაციის შესახებ კანონის მიღება. როგორც კი ეს დაიწყება, მას პასუხების გაცემა მოუწევს ბევრ რამეზე, პასუხის გაცემა კი რთულია. მაგალითად, რამდენიმე ბიზნესმენია საქართველოში, რომლებმაც 90-იანი წლების მიწურულს უცებ დააგროვა რამდენიმე მილიონი. გასაგებია, რომ მოიშალა სისტემა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ამდენი ქარხანა ერთი კაცის ხელში. გამოდის, რომ ეს კაცი მილიონერი იმიტომ კი არ გახდა, რომ კარგი ბიზნესსტრატეგია დადო, არამედ სხვა რაღაცის გამო გახდა მილიონერი.

როცა ამ დოკუმენტებს ვეცნობი, ვხედავ, რომ ისინი სხვა საქართველოშ ცხოვრობენ, ჩვენ – სხვაგან. ერთი და იგივე კლანები მოქმედებენ მაშინაც და ახლაც. ყოფილი კომუნისტური ელიტის შვილიშვილები ისევ  დეპუტატები არიან, გამგეობებში და ასე შემდეგ. ფეოდალიზმი ტრანსფორმირდა, ოღონდ ახლა სხვანაირად.

[red_box]რას მოგვცემს ლუსტრაცია და ისტორიის გააზრება? [/red_box]

ისტორიის გააზრება გაძლევს საშუალებას, რომ შენი ქვეყნის განვლილი ცხოვრება სხვა პერსპექტივაში დაინახო. ბევრი რამე, ბევრი კონფლიქტი ძალიან ნათელი ხდება ამ არქივების გადახედვის შემდეგ.

თავის დროზე გერმანიაში იყო დღის წესრიგი, რომ გაეხსნათ შტაზის არქივები. პირველად, როცა იქ შევიდნენ, დახიეს დოკუმენტები. დისიდენტებმა კი შეაერთეს, შემდეგ შეაწებეს და აღადგინეს. გახსნილობა ხდება იმისთვის, რომ გაიგოს ხალხმა, სად ვცხოვრობთ. ხომ უნდა ვიცოდეთ ჩვენც, როგორ ვიარსებეთ, რატომ გაშენდა, მაგალითად, ჩაის პლანტაცია დაგვაში და ასე შემდეგ. არქივები თუკი არ გაიხსნა, ამას ვერ გავიგებთ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ საკუთარი წარსული, რადგან წარსული შეცნობა არის გზა დემოკრატიული პროცესების დაწყების.

ეს პროცესი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ინტელექტუალურმა ელიტებმა დაიწყეს. ჩვენთან იგივე ელიტებმა ვერ შეძლეს. რუსეთშიც კი, 90-იან წლებში დისიდენტებმა თქვეს, რომ არქივები უნდა გაიხსნას. რუსეთში არ მიუღიათ ლუსტრაციის შესახებ კანონი, მაგრამ იქ უფრო მეტია გახსნილი და გამოქვეყნებული, ვიდრე ჩვენთან.

ჩვენთან არის მოსაზრება, რომ მეცნიერის შესახებ, მაგალითად, არ უნდა გამოქვეყნდეს ინფორმაცია, რომელიც თანამშრომლობდა უშიშროებასთან. მე ვფიქრობ პირიქით: ეს აჩვენებს იმ პროცესის ტრაგიკულობას, როცა ადამიანს ყველაფერზე უწევდა წასვლა, ოღონდაც, მაგალითად, საცხოვრებელი ბინა მიეღო.

ჩეხეთში ლუსტრაცია მოხდა იმ დონეზე, რომ ყველა დოკუმენტი არათუ ხელმისაწვდომი გახდა, არამედ დაასკანერეს და ვებგვერდზე დადეს. ცნობილია, რომ ამ გასაჯაროების შემდეგ მხოლოდ ერთი ცოლ-ქმარი დაშორდა ერთმანეთს. აჭარის არქივის თანამშრომელმა მითხრა, აქ რომ მასე გაიხსნას ყველაფერი, აჭარა პატარაა და დახოცავენ ერთმანეთსო.

[red_box]რას მოგვცემს უარი ლუსტრაციაზე?[/red_box]

ახლა ეს პროცესი კიდევ უფრო იხურება, რაც გააძლიერებს მითებს და ლეგენდებს, არაჯანსაღ დისკურსებს. ეს არ იქნება სამეცნიერო და არგუმენტირებული დისკურსი. ეს იქნება ეგზალტირებისკენ მიმართული პროცესი.

კლასიკური მაგალითი, თუ რა შეიძლება მოხდეს მაშინ, როცა ისტორიის შესახებ ინფორმაცია არ გაქვს: ამას წინათ, ჩემმა ნაცნობმა შექმნა მითი ვინმე გენერალ ხორთუმოვზე, რომელიც პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა და თითქმის მოსკოვიც კი აიღო. ჩვენ, ისტორიკოსებმა ბევრი ვიცინეთ ამ გამოგინილ პერსონაჟზე. ბევრი მწერდა, ეს ამბავია მართალიაო?

ჯერჯერობით პოლიციური მიდგომაა ისევ: მე რასაც გთავაზობ, ის მიიღე, თუ არადა, წადი.

ჩვენ ვლაპარაკობთ ლუსტრაციაზე და ეს წინგადადგმული ნაბიჯი მგონია. მე ვფიქრობ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ამ კანონს მაინც მიიღებენ, სხვაგვარად ვერ იქნება. მოვა ახლა 2020 წლის არჩევნები და ისევ ვნახავთ მანიპულაციებს, მოვისმენთ არგუმენტებს ვინ ვისი აგენტია.

დავით ჯიშკარიანის საჯარო ლექცია ბათუმის დემოკრატიის სკოლაში

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: