რა არის გრიპის ვაქცინა და გავიკეთოთ თუ არა

გრიპი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ყველაზე ხშირად შემოდგომა-ზამთრის პერიოდშია გავრცელებული. გრიპის გამომწვევია ვირუსი და ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით. გრიპი არის საკმაოდ საშიში დაავადება და თუ სწორად არ ვუმკურნალეთ, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები. მედიცინამ გრიპის თავიდან ასაცილებლად მრავალი გზა შეიმუშავა, მათ შორის კი, ყველაზე ეფექტური  ვაქცინაციაა.

ვაქცინის მოქმედების პრინციპი ეფუძნება ორგანიზმის ბუნებრივი თავდაცვის სტიმულირებას. თუმცა გარკვეული დრო სჭირდება იმუნურ სისტემას იმისთვის, რომ მოახდინოს რეაგირება ვირუსზე, როგორც შემოჭრილ მტერზე.

იმის გათვალისწინებით, რომ ვაქცინა მოქმედებას იწყებს აცრიდან დაახლოებით ორ კვირაში, ვაქცინაციის საუკეთესო პერიოდია ოქტომბერი-ნოემბერი. გრიპის ვაქცინაციის ეფექტი (იმუნიტეტი) გრძელდება 8 თვიდან 1 წლამდე. ხშირ შემთხვევაში, გრიპის ვაქცინას არ გააჩნია მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები. ინექციის ადგილი შესაძლოა გარკვეული დროით გაწითლდეს და შეშუპდეს, რაც მალევე ალაგდება.

აცრის შემდეგ, იმუნიტეტის განვითარებამდე, მიზანშეწონილია თავი შევიკავოთ სხვა ადამიანებთან მჭიდრო კონტაქტისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ვირუსით დაინფიცირება, რა დროსაც ვაქცინაცია უშედეგო აღმოჩნდება. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გავრცელდა მთელ მსოფლიოში. მაგალითად, აშშ-ში მოსახლეობის ნახევარზე მეტი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას იკეთებს. რასაც სამწუხაროდ ვერ ვიტყვით საქართველოს მოსახლეობაზე.

ვაქცინაცია, როგორც ნებისმიერი სამედიცინო პროცედურა, არ არის პანაცეა. მას აქვს  დადებითი და უარყოფითი მხარეები. გრიპის ვაქცინაციის დადებით მხარედ მიიჩნევა, პირველ რიგში, ის, რომ ვაქცინაცია პროფილაქტიკური პროცედურაა. ვირუსი ასწრებს დიდი ზიანი მიაყენოს ორგანიზმს, ამიტომ დაავადების თავიდან ასაცილებლად ჯობია ვიბრძოლოთ მისი გამომწვევის წინააღმდეგ. თუმცა უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ ეს იმუნიტეტი ვრცელდება მხოლოდ ვირუსის ერთი შტამისთვის. იმავდროულად, ვირუსები მუდმივად იცვლება და ყოველწლიურად ჩნდება მათი ახალი შტამები, რომელთა წინააღმდეგაც იმუნიტეტი უკვე უძლურია.

თანამედროვე ვაქცინები საიმედოდ იცავენ ორგანიზმს გრიპისგან. ვაქცინაცია ეფექტურია 80% შემთხვევაში. ის საკმაოდ სწრაფი და შედარებით უმტკივნეულო პროცედურაა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, თავიდან ავიცილოდ დაავადება.

ექიმები გრიპის ვაქცინის გაკეთებას ურჩევენ  შემდეგი ჯგუფის ადამიანებს:

  • 6 წლის უფროსი ასაკის ბავშვები
  • ხანდაზმული ადამიანები (60-ზე მეტი წლის)
  • კარდიოვასკულური სისტემის, ფილტვებისა და თირკმლების ქრონიკული დაავადებების მქონე პირები
  • დაბალი იმუნიტეტის მქონე, შიდსით დაავადებული პაციენტები
  • დიაბეტით დაავადებული პაციენტები, ასევე, ვისაც აქვს ბრონქული ასთმა, სისხლის დაავადებები.

ამ კატეგორიის პაციენტებში გრიპი უფრო რთულად მიმდინარეობს და მას მეტი გართულება მოჰყვება. ასევე, მიზანშეწონილია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბავშვთა ბაღებისა და სკოლაში მომსახურე პერსონალისთვის, რადგან ხშირად ადამიანების ეს კატეგორია ავადდება გრიპით.

სტატისტიკა კი გვიჩვენებს, რომ აცრის შემთხვევაში აცრილთა 80% არ ავადდება გრიპით ან დაავადება იოლი ფორმით ვლინდება.

რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, ვაქცინაციას აქვს უკუჩვენებები ადამიანთა შემდეგ კატეგორიებში:

  • ფეხმძიმე მექალები 1 ტრიმესტრში
  • ბავშვები 6 თვემდე ასაკის
  • ვაქცინის შემცველ ნივთიერებებზე ალერგიული რეაქციების მქონე პირები.

აქვე, უნდა აღვნიშნოთ, რომ გრიპის ვაქცინა არ არის აბსოლუტური გარანტია იმისა, რომ პაციენტი არ დაავადდება. ამის მიზეზი რამდენიმეა: დაავადება გამოწვეულია  სხვა შტამით, რომელიც არ შედის ვაქცინის შემადგენლობაში;      ინფიცირება მოხდა ვაქცინაციისა და იმუნიტეტის საბოლოო ჩამოყალიბების პერიოდში; ინფიცირება მოხდა დიდი რაოდენობით ვირუსული ნაწილაკებით და იმუნიტეტს არ შეეძლო მათი ნეიტრალიზაცია; ყველაზე გავრცელებული მიზეზი კი ისაა, რომ დაავადება, რომელიც შეეყარა ადამიანს, შესაძლოა სულაც არ იყოს გრიპი და გამოწვეული იყოს ადენოვირებით, ენტეროვირუსებით ან რინოვირუსებით.

ამ დაავადებების სიმპტომები ძალიან ჰგავს გრიპის სიმპტომებს (ხველება, მაღალი ტემპერატურა და ა.შ.). ვაქცინაცია არის ყველაზე საიმედო და ეფექტური საშუალება გრიპის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა – ერთადერთი.

ინფექციის თავიდან ასაცილებლად პროფილაქტიკური ზომებია:

  • პირბადის ტარება
  • პირადი ჰიგიენა
  • ოთახის სველი გაწმენდა და ვენტილაცია, შიდა ჰაერის დატენიანება
  • იმუნომოდულარების მიღება

აქედან გამომდინარე, თითოეული ადამიანი თავად წყვეტს, გაიკეთოს ვაქცინა ან გამოიყენოს სხვა პრევენციული ზომები.

ავტორი: ჯამილა მინჯია

კონსლუტაციისთვის გვეწვიეთ მისამართზე: მრავალპროფილური კლინიკა „საგიტარიუსი“; ბათუმი, გორგილაძის ქუჩა N91

ტელ.: 0422 27 95 53

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი