მთავარი,სიახლეები

რატომ ჭიანურდება ბათუმის ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმის განხილვა სასამართლოში

07.12.2018 • 2510
რატომ ჭიანურდება ბათუმის ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმის განხილვა სასამართლოში

როდის გაიმართება მორიგი სხდომა ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საქმეზე – უცნობია. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ სასამართლო განხილვა 10 თვის წინ, 2018 წლის 20 თებერვალს ერთი თვით გადადო. პროცესის გადადების მიზეზი ბათუმის მერიის მიმართვა გახდა, რომლის მიხედვითაც, ლაშა კომახიძე მუსლიმ თემთან მოლაპარაკებას გამართავდა.

მოლაპარაკება არ შედგა. მუსლიმი თემის წარმომადგენლები ბათუმის მერს – ლაშა კომახიძეს მარტის ბოლოს შეხვდნენ. რამდენიმე დღეში მუსლიმებმა მოსამართლეს წერილი გაუგზავნეს და აცნობეს, რომ მოლაპარაკება არ შედგა. წარუმატებელი მოლაპარაკების მიუხედავად, ამ დრომდე სასამართლო პროცესი არ განახლებულა.

„ცდილობენ მაქსიმალურად გააჭიანურონ ეს პროცესი. ჩვენ სამლოცველო სივრცე გვაქვს. უბრალოდ, ვცდილობთ, რომ ისტორიული მეჩეთი ავაგოთ. ჩვენ ხელახლა მივმართავთ სასამართლოს, რომ ჩაინიშნოს პროცესი,“ – ამბობს ტარიელ ნაკაიძე, „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ხელმძღვანელი.

ბათუმის მერიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი ააიპ „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა“ შეიტანა. ბათუმის მერიამ 2017 წლის 5 მაისს მუსლიმ თემს უარი უთხრა ქალაქში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე. სასამართლოს მუსლიმმა თემმა გასული წლის 10 ივნისს მიმართა.

რატომ ვერ შედგა მოლაპარაკება ბათუმის მერიასა და მუსლიმ თემს შორის? – განმარტებები ბათუმის მერიაში დღეს, 7 დეკემბერს ვითხოვეთ, სადაც გვითხრეს, რომ ამ საკითხზე კონკრეტულად ქალაქის მერმა უნდა ისაუბროს, რომელიც დღეს ბათუმში არ იმყოფება.

„შეხვედრაზე ლაშა კომახიძემ გვითხრა, რომ ეს მიწა, სადაც მეჩეთის აშენებას ვითხოვთ, მუსლიმთა სამმართველოს უნდა გადავცეთ, შემდეგ სამმართველომ მოგვმართოს და განვიხილავთო. ჩვენთვის გაუგებარია, რატომ უნდა გადავცეთ მიწა სამმართველოს, რომელმაც 2014 წელს, ფაქტობრივად, უარი განაცხადა მეჩეთის მშენებლობაზე, ან ვინ მოგვცემდა იმის გარანტიას, რომ მეჩეთი აშენდებოდა,“ – აღნიშნავს ტარიელ ნაკაიძე.

რატომ არ ჩაინიშნა აქამდე სასამართლო სხდომა ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე? – სასამართლოში გვითხრეს, რომ ამ დრომდე მორიგი სხდომის თარიღი განსაზღვრული არ არის. განმარტებას სასამართლო პროცესის გაჭიანურების კუთხით არ აკეთებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: