რა ჟურნალ-გაზეთებს კითხულობენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟურნალ-გაზეთების შესასყიდად ელექტრონულ ტენდერს აცხადებს. 2019 წელს შს სამინისტრო ბეჭდური მედიის შესაძენად დაახლოებით 17 117 ლარს დახარჯავს – ეს არის ტენდერში მითითებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულება.

ტენდერს თან ახლავს ტექნიკური დავალებაც, სადაც ჩამოთვლილი იმ ჟურნალ-გაზეთების სახელწოდებები და ეგზემპლარების სავარაუდო რაოდენობა, რომელთა შეძენასაც შსს გეგმავს.

გაზეთებს შორის არის: „კვირის პალიტრა“, „პრაიმ-თაიმი“, „ალია“, „ასავალ-დასავალი“, „საქართველო და მსოფლიო“ და ა.შ., სულ 14 დასახელების გაზეთი. მათგან ყოველკვირეულად ყველაზე მეტი ეგზემპლარით შსს აპირებს გამოიწეროს „კვირის პალიტრა“ [თვეში 7 ეგზემპლარი] და ასევე – Georgia today [თვეში 7 ეგზემპლარი]. რაც შეეხება სხვა გაზეთებს, შსს აპირებს გამოიწეროს თვეში 6-6 ეგზემპლარი „ალია“, „ასავალ-დასავალი“, „პრაიმ-თაიმი“ და „საქართველო და მსოფლიო“. რაც შეეხება სხვა გაზეთებს, შსს თითოეული გაზეთის 5 ეგზემპლარს გამოიწერს, გარდა „საერთო გაზეთისა“ [თვეში 4 ეგზემპლარი].

შს სამინისტრო გამოიწერს ჟურნალებსაც. ყველაზე პოპულარული ქართული ჟურნალი შს სამინისტროში როგორც ჩანს „არსენალია“, ძალოვანი სამინისტრო ამ ჟურნალის თვეში 43 ეგზემპლარის გამოწერას გეგმავს. შსს გამოიწერს თვეში 9 ცალ ჟურნალ „ისტორიანს“ და 8 ეგზემპლარ „National Geographic“-ს.

შს სამინისტროში არც ტაბლოიდები დავიწყებიათ. სამინისტრო გამოიწერს ჟურნალებს: „გზა“, „თბილისელები“ და „სარკე“ – თვეში 4 ეგზემპლარი.

შსს-ში კითხულობენ ჟურნალ „ინდიგოსაც“, მხოლოდ სამინისტრო ამ ჟურნალის თვეში სამი ეგზემპლარის გამოწერას აპირებს.

 ტენდერში წინადადებების მიღება 14 დეკემბერს სრულდება.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com