ზედამხედველობა: საწვავი თუკი ტყვიას შეიცავს, ან განადგურდება, ან უკან გავაბრუნებთ

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საქართველოს ტერიტორიაზე საწვავის იმპორტისას, წარმოებისას და მიწოდებისას, თუკი დარღვეული იქნება ამ დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები და საწვავში აღმოჩნდება ტყვია (არაუმეტეს 0.005 გ/ლ), ამოქმედდება შესაბამისი ჯარიმები.

საქართველოს ტერიტორიაზე საავტომობილო საწვავის (ბენზინი ან დიზელი) იმპორტირებისას, კანონით დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, იმპორტიორი 10 000 ლარით დაჯარიმდება.

ისეთი საწვავის წარმოება, რომელიც არ შეესაბამება ხარისხის დადგენილ ნორმებს, გამოიწვევს დაჯარიმებას 9 000 ლარის ოდენობით.

ხოლო მსგავსი ხარისხის მიწოდების შემთხვევაში პირი დაჯარიმდება 8 000 ლარით.

„დაჯარიმების შემდეგ, იმპორტიორის ან მწარმოებლის მონაცემები და საქმის მასალები გადაიგზავნება შემოსავლების სამსახურში ან ნავთობისა და გაზის კორპორაციაში კომპეტენციიდან გამომდინარე“, – ეუბნებიან „ბათუმელებს“ გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტში.

„ბათუმელების“ კითხვაზე, სად წაიღებენ ქსელიდან ამოღების  შემთხვევაში უხარისხო საწვავის? – უწყებაში გვეუბნებიან, რომ იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში, პროდუქცია უკან დაბრუნდება იმ ქვეყანაში, საიდანაც შემოვიდა.

„იმ შემთხვევაში, თუკი ადგილზეა წარმოებული, განადგურდება. თუმცა რა ფორმით მოხდება ეს, არ ვიცით, კანონში ამაზე კონკრეტული ჩანაწერი არ არსებობს“, – გვეუბნებიან ზედამხედველობის სამსახურში.

უხარისხო საწვავის გამოვლენის მიზნით სინჯების აღება 5 დეკემბერს დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით სულ 240 სინჯი უნდა აიღონ.

მთავრობის ამავე დადგენილების მიხედვით, უხარისხოდ მიიჩნევა საწვავი, თუკი ტყვიის გარდა, მასში ბენზოლის მოცულობითი წილი აღემატება 1 პროცენტს, არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი არაუმეტეს 35 პროცენტს, ხოლო გოგირდის შემცველობა – არაუმეტეს 10 მგ/კგ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com