განათლება,მთავარი,სიახლეები

აგვისტოს ომზე სკოლებში გაკვეთილების ჩასატარებლად 19 სამხედროს გადაამზადებენ

06.12.2018 • 1971
აგვისტოს ომზე სკოლებში გაკვეთილების ჩასატარებლად 19 სამხედროს გადაამზადებენ

საჯარო სკოლებში კიდევ ერთი ახალი საგნის – „თავდაცვა და უსაფრთხოება“ შეტანა იგეგმება. საგნის საპილოტე სწავლება 2019 წლიდან რამდენიმე სკოლაში დაიწყება. როგორც „ბათუმელებს“ საქართველოს განათლების სამინისტროში უთხრეს, ახალი საგნის სკოლებში შეტანის მიზანი მოსწავლეებში პატრიოტული სულისკეთების, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებაა.

განათლების მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე გვეუბნება, რომ აღნიშნული საგნის სკოლებში სწავლების ინიციატორი საქართველოს თავდაცვის სამინისტროა.

„ეს საგანი კურიკულუმში ჩაჯდება თუ არა, ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, რადგან პილოტი გვაჩვენებს, როგორ წავა სწავლება.“

ახალ საგანში აგვისტოს ომის თემატიკაცაა შეტანილი. „საპილოტე ნაწილში შესულია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი,  საქართველო საერთაშორისო მისიებში და შეიარაღება.

მოსწავლეები ინფორმაციას მიიღებენ პრაქტიკოსებისგან. გაანალიზებენ, იმსჯელებენ, უფრო ახლოს გაეცნობიან აგვისტოს ომის გმირებს, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომ უახლესი ისტორიის გმირები გაიცნონ მოსწავლეებმა. ამას სახელმძღვანელოები პრაქტიკულად ვერ ფარავს“.

ირინა აბულაძის თქმით, ამ საგნის სწავლების მიზანია ის, რომ მოსწავლეებმა შეძლონ სხვადასხვა მოვლენის ანალიზის ფონზე გაანალიზონ საფრთხეები და იმსჯელონ, გაეცნონ უსაფრთხოების სისტემებს და ა.შ.

სწავლის პერიოდში მოსწავლეებმა უნდა მოამზადონ რეპორტაჟები და პრეზენტაციები ომის შესახებ, უშუალოდ დაელაპარაკონ ომის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს, შექმნან ომში მონაწილე ჯარისკაცის დღიური და მოაწყონ პრეზენტაციები მათი განვლილი ცხოვრების შესახებ. აჩვენებენ და განიხილავენ აგვისტოს ომზე გადაღებულ ფილმს – „აგვისტოს ხუთი დღე“. იქნება როლური თამაშები და დებატები.

ახალი საგანი მეათეკლასელებისთვის არის განკუთვნილი. გაკვეთილებს სამხედრო პირები ჩაატარებენ. როგორც ირინა აბულაძე გვეუბნება, ამ დროისთვის შერჩეულია 19 სამხედრო პირი. ისინი პედაგოგიკის მიმართულებით მასწავლებელთა ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებულ ტრენინგ-მოდულებით გადამზადდებიან.

„სკოლაში შევლენ ისინი, ვინც წარმატებით გაივლიან გადამზადებას“, -ამბობს ირინა აბულაძე.

საპილოტე პერიოდი 2019 წლის მაისამდე გაგრძელდება, შემდეგ  კი გადაწყდება საბოლოოდ დაინერგება საგანი სკოლებში თუ არა.

როგორ გაიცემა სამხედრო პირებზე ანაზღაურება, ვინც აღნიშნულ გაკვეთილებს ჩაატარებს, ჯერჯერობით არ არის ცნობილი. აბულაძის თქმით, ეს საკითხი პილოტის დაწყების შემდეგ გაირკვევა.

საპილოტე სკოლებს შეარჩევენ თბილისში და ასევე, რეგიონებშიც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: