ბათუმში 8 თანამდებობის პირის არადეკლარირებული ქონება – „გამჭვირვალობის“ კვლევა

ბათუმის საკრებულოსა და მერიის  8 თანამდებობის  პირს ქონებრივი დეკლარაცია არასრულად აქვს შევსებული – ინფორმაციას ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აქვეყნებს. ორგანიზაცია მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს, კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები შეისწავლოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.

„გამჭვირვალობამ“ მუნიციპალიტეტის 30 თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია შეისწავლა. „აღმოჩენილი დარღვევებიდან 6 შემთხვევა ეხება თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრების კუთვნილი ქონების (უძრავი ქონება, წილები საწარმოებში) არასრულ ასახვას, 2 შემთხვევაში კი დადგინდა ინტერესთა შეუთავსებლობა (საწარმოს ხელმძღვანელობა). აღსანიშნავია ისიც, რომ სხვადასხვა საწარმოში წილების მფლობელ თანამდებობის პირებს წილები სხვა პირებისთვის მინდობით არ გადაუციათ. ეს, ასევე, წარმოადგენს საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევას“, – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის თანახმად ქონებრივი დეკლარაცია არასრულად აქვთ შევსებული:

სოფიო მიქელაძეს, ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსს, 2018 წლის 24 ოქტომბერს შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული მეუღლის, რევაზ ვერძაძის სამეწარმეო საქმიანობა. ვერძაძე 25%-იანი წილის მფლობელია შპს-ში „ხელმარჯვე ოსტატი”. აღნიშნული გარემოება საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-15 მუხლის დარღვევაა. კომპანია სახელმწიფო შესყიდვებში არ მონაწილეობს.

ლევან მამინაიშვილს, ბათუმის მერიის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსს, 2018 წლის 23 სექტემბერს წარდგენილ დეკლარაციაში მითითებული არ აქვს მეუღლის, ლალი ძნელაძის 25%-იანი წილი შპს-ში „ველზი“, რაც საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-15 მუხლის დარღვევაა. „ველზი” სახელმწიფო ელექტრონულ ტენდერებში არ მონაწილეობს.

ირაკლი პატარიძე, ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, შპს „ბაგირა 21-ის” დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია. საკრებულოს თანამდებობის პირს კანონი საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საწარმოს დირექტორობას უკრძალავს. კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, 2018 წლის 15 იანვარს, ირაკლი პატარიძემ მიმართა მეწარმეთა რეესტრს დირექტორობიდან გათავისუფლების განცხადებით, თუმცა რეესტრის მონაცემებით, განცხადებაზე წარმოება შეწყვეტილია არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარდგენის გამო. შესაბამისად, პატარიძე ამ დრომდე აღნიშნული კომპანიის დირექტორად რჩება. ამასთან, ამავე კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას კომპანიის 100%-იანი წილი მინდობით სხვა პირისთვის უნდა გადაეცა. ირაკლი პატარიძეს 2018 წლის 22 იანვარს წარდგენილ დეკლარაციაში აღნიშნული აქვს, რომ შპს „ტრეიდინგ სერვისსა” და ასევე, შპს trading service-ში 50-50%-იანი წილი აქვს. საკრებულოს თანამდებობის პირს არც ეს წილები გადაუცია სხვა პირებისთვის სამართავად, რაც კანონდარღვევაა. მასთან, ირაკლი პატარიძეს ქონებრივ დეკლარაციაში არ მიუთითებია, მამის, ბადრი პატარიძის სამეწარმეო საქმიანობა კომპანიაში „ბადურა”, სადაც საკრებულოს თანამდებობის პირის მამა 100%-იანი მეწილე და დირექტორია.

ირაკლი პატარიძემ მმართველ პარტიას „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” 2016 წელს 2000 ლარი შესწირა. პატარიძის 50%-იან მფლობელობაში მოქმედი კომპანიები „ტრეიდინგ სერვისი” და Trading Service აქტიურად მონაწილეობენ ბათუმსა და ზოგადად, აჭარაში მოქმედ საჯარო დაწესებულებების მიერ გამოცხადებულ შესყიდვებში. აღნიშნული კომპანიები შემსყიდველ ორგანიზაციებს ჰიგიენისა და დასუფთავების პროდუქტებს სთავაზობენ. ამ ორგანიზაციებს შორისაა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში არსებული საბავშვო ბაღები, „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი ცენტრი”, ა(ა)იპ ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი, ბათუმის სასპორტო სკოლა, ასევე ბათუმის საზღვაო აკადემია, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი და ათეულობით სხვა საჯარო დაწესებულება. ორივე კომპანიას 2015-2018 წლებში გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვების შედეგად გაფორმებული 113 ხელშეკრულებიდან 500 000 ლარზე მეტი აქვს მიღებული, 300 გამარტივებული შესყიდვიდან კი – 170 000-მდე ლარი. მიუხედავად ამისა, ირაკლი პატარიძეს 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ 2017 წელს არც ერთი კომპანიიდან შემოსავალი არ მიუღია.

ზურაბ ნაკაიძეს, ბათუმის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარეს, 2018 წლის 16 მაისს შევსებულ დეკლარაციაში მითითებული არ აქვს სამეწარმეო საქმიანობა. იგი შპს „ბიოლა ჯორჯიას” დირექტორია, რითაც საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონს არღვევს. კომპანია სახელმწიფო შესყიდვებში არ მონაწილეობს. ზურაბ ნაკაიძემ მმართველ პარტიას „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” 2014 წელს 2 200 ლარი შესწირა.

ომარ მახარაძეს, ბათუმის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს, დეკლარაციაში მითითებული 50%-იანი წილი შპს „აისსა” და 20%-ანი წილი შპს „წყალი მახარობელში” მინდობით სხვა პირებზე არ გადაუცია, რაც კანონის მოთხოვნათა დარღვევაა. ასევე, დეკლარაციაში არ არის მითითებული ავტოფარეხი ქ.თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე და ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე ავტოფარეხი და დამატებითი ფართობი. შპს „აისი” სხვადასხვა ორგანიზაციას პირდაპირი შესყიდვის გზით სასტუმრო მომსახურებას უწევს, მათ შორისაა ბათუმის კულტურის ცენტრი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აჭარის დასაქმების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ა.შ. „აისთან” დადებული ბოლო პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება 2018 წლის 2 აგვისტოთი თარიღდება, პირველი კი 2012 წლის 18 ივლისით.

ჯამში, 37 პირდაპირი მიყიდვის ხელშეკრულების შედეგად, სასტუმრო „აისმა” 60 ათას ლარამდე შემოსავალი მიიღო, თუმცა მიუხედავად ამისა, ომარ მახარაძეს ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ „აისის” 50%-იანი წილის ფლობიდან 2017 წელს შემოსავალი არ მიუღია. რაც შეეხება ელექტრონულ ტენდერებს, „აისს” სულ ორ ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, ერთის ღირებულება 1 200 ლარამდეა, მეორისა კი – 37 ათას ლარამდე („აისმა” ორ კონკურენტს დაბალი ფასის შეთავაზებით მოუგო, ამჟამად მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება) – შემსყიდველი ორგანიზაცია ფინანსთა სამინისტროს აკადემიაა.

ნატალია ძიძიგურმა, ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების” თავმჯდომარემ, 2018 წლის 23 თებერვალს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა მეუღლის, იაგო ტაკიძის საკუთრებაში არსებული 77.6 კვ.მ სხვენი ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე. დეკლარაციაში არც იაგო ტაკიძის 2.38%-იანი წილია აღნიშნული შპს „რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში”. ორივე შემთხვევაში საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-15 მუხლი დაირღვა.

ნერიმან ცინცაძეს, ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების” თავმჯდომარის მოადგილეს, 2018 წლის 7 მარტს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნული არ აქვს, რომ მისი მეუღლე, როსტომ ცინცაძე, ფლობს 6.67% წილს შპს „კანისა და ვენსნეულებათა სამედიცინო ცენტრში”.

მირდატ ქამადაძეს, ბათუმის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, 2017 წლის 20 დეკემბერს შევსებულ დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ შპს „ჯი ელ ჯის” 40%-იანი წილის ფლობიდან 2016 წელს შემოსავლის სახით 33 000 ლარი აქვს მიღებული. ბათუმის საკრებულოს თანამდებობის პირს აღნიშნული წილი სხვა პირზე მინდობით არ აქვს გადაცემული, რაც კანონდარღვევაა. მირდატ ქამადაძემ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 2016 და 2018 წლებში 10 000 ლარი შესწირა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.