მთავარი,სიახლეები

9,4-მილიონამდე ლარი ქალაქისა და მერიის შენობების დალაგება-დასუფთავებაზე დაიხარჯება

07.12.2018 • 1545
9,4-მილიონამდე ლარი ქალაქისა და მერიის შენობების დალაგება-დასუფთავებაზე დაიხარჯება

ქალაქის ქუჩების, მერიის ადმინისტრაციული შენობების დასუფთავებისთვის, ნარჩენების გატანასა და ნაგავსაყრელის ოპერირებისთვის ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტში, ჯამში, 9 426 042 ლარია გათვალისწინებული. მომსახურებას, რომელიც მომავალი წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით უნდა განხორციელდეს, მუნიციპალიტეტი ელექტრონული ტენდერით შეისყიდის.

ამისთვის ოთხი ტენდერია გამოცხადებული:

[checklist]

  • ქალაქის ქუჩების, პარკებისა და მოედნების დასუფთავებისთვის სატენდერო თანხა 5 406 306 ლარია. პირობების მიხედვით, ზაფხულში ქუჩების, მოედნების, ეზოებისა და სანაპირო ზოლის დაგვა-დასუფთავება უნდა განხორციელდეს პირველად დილის 5:00 სთ-დან 8:00 სთ-მდე, მეორეჯერ – 15:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, ხოლო დამატებით მესამე – საღამოს 23:00 საათზე; ზამთარში კი დაგვა-დასუფთავება უნდა განხორციელდეს პირველად დილის 6:00 სთ-დან 9:00 სთ-მდე, მეორეჯერ – 14:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე; რაც შეეხება სანაპირო ზოლის დასუფთავებას, ის უნდა დასრულდეს დილის 8:00 სთ-მდე.
  • საყოფაცხოვრებო ნარჩენების და ანახვეტის, ასევე, თოვლის გატანისთვის 3 746 700 ლარია გათვალისწინებული. ტენდერში გამარჯვებულს მომავალი წლის განმავლობაში, ჯამში, 83 ათასი ტონა საყოფაცხოვრებო ნარჩენების და ანახვეტის, ასევე, 2 ათასი კუბ/მ თოვლის გატანა მოუწევს. სხვა პირობებთან ერთად, გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს ბოძებზე განლაგებული ურნებიდან და ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული ნაგავშემკრები კონტეინერებიდან ნაგვის გატანა დღეში 2-ჯერ; წვიმის შედეგად ბორდიურებისა და სავალ ნაწილთან დაგროვილი მასის გაწმენდა-გატანა; ნაგვის გატანისთანავე უნდა მოხდეს ნაგავშემკრები კონტეინერების ირგვლივ ტერიტორიის დასუფთავება.
  • უშუალოდ ნაგავსაყრელის ექსპლოატაციისა და სანიტარული მომსახურებისთვის მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს: არსებული ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე შეტანილი ნარჩენების ყოველდღიურად მოსწორება და დატკეპნა მექანიკური საშუალებით (ბულდოზერით); პოლიგონის მოწყობა ქვაღორღოვანი ნარევის (ბალასტის) მინიმუმ 30 სმ სისქის ფენით; ნაგავსაყრელის მისასვლელი გზისა და პოლიგონზე ასასვლელის შენარჩუნება-ექსპლოატაციისათვის ვარგის მდგომარეობაში (გზაზე არ უნდა იყოს გუბურები და ორმოები); ასევე, ობიექტზე ყოველთვიურად შეტანილი უნდა იქნეს მინიმუმ 200 კუბური მეტრი ბალასტი (ქვაღორღი). ამ სამუშაოებისთვის ქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში 159 642 ლარია გათვალისწინებული.
  • 113 394 ლარია გათვალისწინებული ბათუმში, მერიის ადმინისტრაციული შენობების დალაგება-დასუფთავების მომსახურებისთვის. ამ ობიექტების მისამართებია, მერიის ადმინისტრაციული შენობები ლ. ასათიანის, ლერმონტოვისა და ს.ს. ორბელიანის ქუჩებზე, ასევე სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისი 26 მაისის ქუჩაზე.

[/checklist]

ადმინისტრაციული შენობების დალაგება-დასუფთავებაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება იწყება 11 დეკემბერს და სრულდება 14 დეკემბერს. დანარჩენ ტენდერებში კი წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 14 დეკემბერს დაიწყება და 17 დეკემბერს დასრულდება.

როდის დაიწყება ბათუმის ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა, ამ დრომდე გაურკვეველია. ახალი ნაგავსაყრელი ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში უნდა აშენდეს.  შესაბამის პროექტს კურირებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „ჰიგიენა 2009“.
ამ თემაზე ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე: ვისზეა დამოკიდებული ბათუმის ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობის დაწყება

2019 წლის თებერვლიდან საქართველოში მუნიციპალიტეტების ვალდებულება იქნება ასევე ნარჩენების სეპარაცია, ანუ გადარჩევა [გამოცალკევება] და შეგროვება. მათ ამას „ნარჩენების მართვის კოდექსი“ ავალდებულებს. ძირითადად, უნდა მოხდეს ქაღალდის, მინის, პლასტიკისა და ლითონის გამოცალკევება.

საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ბათუმელებს“ დაახლოებით ორი თვის წინ უთხრეს, რომ ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებას 2019 წლისთვის მაინც პილოტური ხასიათი ექნება და ის რამდენიმე მსხვილ ქალაქში დაიწყება.
ამ თემაზე: როდის დაიწყება ნარჩენების დახარისხება და რა ვალდებულება ექნება მეწარმეს

ბათუმის ხედი ბათუმის არსებული ნაგავსაყრელიდან /2018 წ./ ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: