საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა. გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის 14 კმ-იან მონაკვეთს ერთობლივი საწარმო „პოლატიოლი და მაპა“ ააშენებს.
გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის საშუალებით სამტრედია–გრიგოლეთის გზა ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება და სატრანსპორტო ნაკადი გრიგოლეთიდან ქობულეთის მიმართულებით ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრავებს. აშენდება 4-ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზა, 22 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, წყალგამტარი მილები და მიწისქვეშა გასასვლელები
დეპარტამენტის ცნობით, პროექტი გააერთიანებს მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს შავი ზღვის საკურორტო ზონაში და 2020 წლისთვის, სამტრედიიდან-ჭოროხამდე, ჯამში 110 კმ-დე ახალი გზა, საშუალებას მისცემს მგზავრებს საკურორტო ზონების გვერდის ავლით, ჩქაროსნული გზით გადაადგილდნენ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის განხორციელების ვადად სამუშაოების დაწყებიდან 24 თვეა განსაზღვრული.
გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს და მისი ღირებულება 228 მილიონი ლარია.