აჭარაში ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულთათვის მედიკამენტების დაფინანსება იზრდება

2019 წლიდან აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა სამედიცინო მომსახურების პროგრამაში ცვლილებები შედის. მართალია, ჯერჯერობით პროგრამის ბიუჯეტი არ იცვლება და კვლავ 2 მილიონი ლარია, მაგრამ იზრდება მედიკამენტების დაფინანსების წლიური ლიმიტი. პროგრამაში ცვლილებების შესახებ „ბათუმელები“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსს, მანანა ფაღავას ესაუბრა.

  • ქალბატონო მანანა, კონკრეტულად რა შეიცვლება 2019 წლიდან ამ პროგრამაში?  

ჩვენ ვაფინანსებთ იმ სამედიცინო მომსახურებას, რომელიც არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. საყოველთაო ჯანდაცვა არ აფინანსებს ტარგენტულ მკურნალობას, ბისფოსფონატების ჯგუფის და იმუნოთერაპიულ მკურნალობას. ჩვენ ამ მედიკამენტებით მკურნალობაზე წლიურად, ერთ პაციენტზე, გამოყოფილი გვქონდა 10 ათასი ლარი. 2019 წელს თითო პაციენტზე წლიური დაფინანსება 5 ათასი ლარით გაიზრდება და გახდება 15 ათასი ლარი.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისათვის, რომელთაც სჭირდებათ ძალიან ძვირადღირებული ტარგენტული მედიკამენტებით მკურნალობა. არის ზოგიერთი მედიკამენტი, რომელიც ღირს 7 000 ლარი და პაციენტს სჭირდება, 5-6 მედიკამენტი, განსაკუთრებით ეს ეხება ონკოჰემატოლოგიას. წინა წელს გვქონდა ისეთი შემთხვევები, როცა პაციენტს ვერ დავუფინანსეთ ერთჯერ მეტად, რადგან არ იყო პაციენტზე 10 ათას ლარზე მეტი განკუთვნილი. გავითვალისწინეთ ასეთი პაციენტების მოთხოვნა და ჩავსვით 15 ათასი ლარი თითოეულ პაციენტზე, ასე ცოტათი მეტად უფრო დავეხმარებით.

ასევე, ჩვენი პრიორიტეტი არის ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების მკურნალობა. მოგეხსენებათ, მთელ მსოფლიოში, საქართველოში და აჭარაშიც ონკოლოგიურ დაავადებებს შორის ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს ძუძუს კიბოს. ჩვენ ვაფინანსებთ ძუძუს თითქმის ყველა ფორმის კიბოთი დაავადებული პაციენტების მედიკამენტოზურ მკურნალობას, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ აფინანსებს. აქვე უნდა ავღნიშნო, საყოველთაო აფინანსებს ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ჰორმონოთერაპიას, მაგრამ არ აფინანსებს ტარგენტულ და მედიკამენტოზურ მკურნალობას. წელს ვაფინანსებდით ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების ძალიან ძვირადღირებული მედიკამენტებით მკურნალობას, მომავალი წლიდან კი კიდევ ერთი სახეობის ძუძუს კიბოს მკურნალობას დავაფინანსებთ – ეს არის აგრესიული ძუძუს კიბო, ოღონდ ჰორმონდამოკიდებული. ამ პაციენტების მკურნალობას ჩვენ ახლა ვაფინანსებთ თანადაფინანსებით, აფინიტური მედიკამენტებით, 2019 წლიდან კი პირველად, სრულად დაფინანსდება აფინიტური მედიკამენტები, თანადაფინანსების გარეშე.

  •  თქვენ აღნიშნეთ, რომ პროგრამის ბიუჯეტი არ იზრდება. როგორ ჩაეტევით ბიუჯეტში? 

პროგრამის მიმდინარეობის დროს ვნახავთ, გავაანალიზებთ მომართვიანობას და თუ თანხა არ იქნება საკმარისი, ასეთ დროს ჩვენ ვითხოვთ თანხას და პროგრამის ბიუჯეტი იზრდება, ამის ნება მთავრობიდან არსებობს. არასოდეს არ გვეუბნებიან უარს ბიუჯეტის დამატებაზე, პაციენტებს დაფინანსებაზე უარს არ ვეუბნებით. ასეთი შემთხვევა ჯერ არ ყოფილა.

  • წელს რამდენი ბენეფიციარი ჰყავდა ამ პროგრამას?

რომ არ ველოდით, ისეთი მაღალია მომართვიანობა, განსაკუთრებით წლის ბოლოს. ონკოლოგიურ პაციენტებზე სულ გაცემულია 4 000-მდე ვაუჩერი. ამ ვაუჩერით პაციენტს შეუძლია თავად შეიძინოს მედიკამენტები ან სამედიცინო დაწესებულებამ შეიძინოს მისთვის წამალი და მოითხოვოს ანგარიშფაქტურა. ჩვენ საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული ნებისმიერი სააფთიაქო ქსელიდან და სამედიცინო დაწესებულებიდან მოტანილ ანგარიშფაქტურას ვაფინანსებთ.

  • რაც შეეხება პროგრამაში მონაწილეობის პირობებს…

პროგრამით მოსარგებლე პირი უნდა იყოს რეგისტრირებული აჭარაში. ეს არის ადგილობრივი პროგრამა, რომელიც მხოლოდ აჭარის მცხოვრებლებისთვისაა გათვლილი. წელს ტარგენტული მედიკამენტების დაფინანსებას იწყებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროც საქართველოს დანარჩენი მოსახლეობისთვის. ასევე, იმავე პროგრამას აფინანსებს თბილისის მერია თბილისის მოსახლეობისთვის და ჩვენ, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო.

  • თუ ყოფილა შემთხვევა, როცა ადამიანს შეუცვლია საცხოვრებელი ადგილი, რომ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ბენეფიციარი გამხდარიყო?

ჩვენ არ გვაქვს უფლება, ადამიანს შევუზღუდოთ დარეგისტრირდეს აჭარაში, ოღონდ, მაგალითად, წელს რომ ისარგებლოს პროგრამით, რეგისტრირებული უნდა იყოს აჭარაში 2018 წლის პირველ იანვრამდე, ანუ წინა წლის ბოლოს უნდა იყოს დარეგისტრირებული ადამიანი აჭარაში, რომ მოხვდეს შემდეგი წლის პროგრამაში. არის შემთხვევები, როცა ეწერებიან აჭარაში. კახეთიდან გვყავს, გურიიდან, სამეგრელოდან… ჩვენ ამას ვერ შევზღუდავთ, ადამიანმა გადაწყვიტა, რომ დარეგისტრირდეს აჭარაში, ეს ნიშნავს, რომ ის შეიძლება გახდეს პროგრამით მოსარგებლე.

  • რა ასაკის არიან ამ პროგრამით მოსარგებლე პირები ძირითადად?

ძირითადად არიან შუა ხნის ასაკის ბენეფიციარები, მაგრამ ძალიან გაიზარდა ახალგაზრდების მომართვიანობა.

  • აქვს თუ არა მნიშვნელობა აჭარაში მკურნალობს პროგრამით მოსარგებლე, თუ საქართველოს სხვა ქალაქში/რეგიონში?

არ აქვს მნიშვნელობა. ბენეფიციარს საქართველოს ტერიტორიაზე აკრედიტებულ ნებისმიერ სამკურნალო დაწესებულებაში შეუძლია მკურნალობა, ეს პაციენტის ნებაა. ძირითადად მაინც ირჩევენ ბათუმს.

  • ბოლო წლებში პაციენტები თურქეთში არჩევს მკურნალობას. ასეთ შემთხვევაში პაციენტი შეძლებს გახდეს პროგრამით მოსარგებლე?

ამ პროგრამით ვერ ისარგებლებს. არის სხვა, პაციენტთა საზღვარგარეთ  მკურნალობის თანადაფინანსების პროგრამა და იმ პროგრამაში თუ მოხვდება, მაშინ შესაძლებელია. იმ პროგრამას თავისი პირობები აქვს. საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსების პროგრამას ჰყავს ექსპერტები, რომლებიც შეისწავლიან შემთხვევას და თუ კი ის სამედიცინო მომსახურება, რაც ესაჭიროება პაციენტს, საქართველოს ტერიტორიაზე არ ტარდება, მაშინ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მას უფინანსებს ნაწილს, დარჩენილს ვაფინანსებთ ჩვენ, აქამდე იყო ეს თანხა 15 ათასი ლარის ფარგლებში, მომავალ წელს კი იქნება 25 ათასი ლარის ფარგლებში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com