მსხვერპლი ქალებისთვის შესაძლოა კრიზისული მართვის ცენტრი მოეწყოს

„აუცილებელია მოეწყოს კრიზისული მართვის ცენტრი,“ – აღნიშნა ბექა მაჭუტაძემ, ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის აჭარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა. შეხვედრა დღეს, 4 დეკემბერს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების გაძლიერებაზე ისაუბრეს.

ამ  დროისთვის ბათუმის თავშესაფარში, სადაც ტრეფიკინგის მსხვერპლიც შესაძლოა მოათავსონ, ძალადობის მსხვერპლი 4 ქალი და 7 ბავშვია. თავშესაფარში მოსახვედრად რამდენიმე გზა არსებობს: შემაკავებელი ორდერი, რომელსაც პოლიციელი გამოსცემს; დაზარალებულის სტატუსი, რომელსაც პროკურატურა ანიჭებს მსხვერპლს გამოძიების დაწყების შემთხვევაში. ასევე, შესაძლებელია, ქალმა, რომელიც მიიჩნევს, რომ ძალადობის მსხვერპლია, სტატუსის მიმნიჭებელ კომისიას მიმართოს და თავშესაფარში მოთავსება ითხოვოს იმის მიუხედავად, გამოძიება დაწყებულია თუ არა.

„კრიზისული მართვის ცენტრი დაეხმარება ქალს ამ პროცედურების სწრაფად გავლაში. ხშირად ადამიანებმა არ იციან, როგორ იმოქმედონ, ვის მიმართონ… რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ეხმარება ამ კუთხით მსხვერპლებს, მაგრამ აუცილებელია არსებობდეს სახელმწიფო სერვისიც,“ – მიიჩნევს ბექა მაჭუტაძე. მისი თქმით, ფონდის წარმომადგენლებს უკვე ჰქონდათ შეხვედრა აჭარის მთავრობაში და მათ კრიზისული მართვის ცენტრისთვის შენობის გამოყოფის დაპირება მიიღეს.

რა უპირატესობა ექნება კრიზისული მართვის ცენტრს? – ბექა მაჭუტაძემ განმარტა, რომ ცენტრში სოციალურ, სამართლებრივ და ფსიქოლოგიურ დახმარებას ხანგრძლივი პერიოდით მიიღებენ ადამიანები იმის მიუხედავად, მათ ოფიციალურად მსხვერპლის სტატუსი აქვთ თუ არა.

„მთავარი პრობლემა არის ფსიქოლოგიური. მსხვერპლ ქალებს მუდმივად სჭირდებათ ფსიქოლოგებთან კომუნიკაცია. ჩვენთან მხოლოდ ის ქალები იღებენ სერვისს, ვისაც თავშესაფრით სარგებლობის სტატუსი აქვთ. არიან მსხვერპლი ქალები, რომლებსაც თავშესაფრის პრობლემა არ აქვთ, მაგრამ სჭირდებათ სამსახურის მოძიებაში დახმარება, სამართლებრივი კონსულტაცია, ან ფსიქოლოგის დახმარება,“ – გვითხრა ბექა მაჭუტაძემ.

შეხვედრას პოლიციელი ნანა ხალითბაც ესწრებოდა. მისი თქმით, პოლიციისადმი მიმართვიანობა ოჯახში ძალადობის კუთხით მკვეთრად გაზრდილია.

„ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემა უკვე ჩვენ, პოლიციელებს შეგვიძლია… ადრე იყო შემთხვევები, როცა დაზარალებული ქალი არ მოგვყვებოდა სასამართლოში, არ მინდა დამინახონ და სხვებმა გაიგონო. შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდეგ, ჩვენ მონიტორინგსაც ვახორციელებთ, როგორ იქცევა მოძალადე ორდერის გამოცემის შემდეგ…“ – აღნიშნა შეხვედრაზე ნანა ხალითბამ.

პოლიციელმა გაიხსენა შემთხვევები, როცა ძალადობის ფაქტს თავად დაზარალებული ქალი მალავდა და ამის მიუხედავად, გამოძიება მაინც დაიწყო.

„ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როცა ქალმა ჩაშავებული თვალის და გატეხილი ცხვირის ფოტო მეგობარს გადაუგზავნა „ფეისბუქით“. ეს ფოტო გავრცელდა პირად მიმოწერებში და საბოლოოდ ერთ-ერთმა პოლიციელმაც ნახა… ჩვენ ამ ქალთან მივედით და მან უარყო ძალადობა. თქვა, რომ შემთხვევით დაეჯახა ქმარი. ჩვენ მაინც დავიწყეთ გამოძიება. შემდეგ ფსიქოლოგებმა იმუშავეს და იმ ქალმა თქვა, რომ ძალადობის მსხვერპლია,“ – დასძინა ნანა ხალითბამ.

შეხვედრაზე ისაუბრეს ძალადობის მსხვერპლი ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაზეც. თავშესაფარში მყოფ ქალებს სხვადასხვა კუთხით გადამზადების პროგრამის გავლა შეუძლიათ.

„ბათუმელები“ 2018 წლის ივნისში საჯარო ინფორმაციის საფუძველზე წერდა, რომ ბათუმში, ბოლო სამი წლის განმავლობაში, თავშესაფარში მყოფი არც ერთი ქალი არ ჩართულა პროფესიული გადამზადების რომელიმე პროგრამაში. მსხვერპლთა დაცვის ფონდში მაშინ გვითხრეს, რომ თავად ქალებს არ სურთ პროფესიული გადამზადება. საჯარო ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს სხვა თავშესაფარშიც პროფესიული გადამზადების მაჩვენებელი დაბალია.

დღევანდელ შეხვედრაზე ბათუმის თავშესაფრის ხელმძღვანელს, ბექა მაჭუტაძეს ვკითხეთ, რა შეიცვალა ამ კუთხით და როგორ ცდილობს მსხვერპლთა დაცვის ფონდი მსხვერპლ ქალებში პროფესიული გადამზადების ინტერესის გაჩენას.

„ჩვენთან მცირე დროა რეაბილიტაციისთვის, ვერ ხერხდება მათი მყარად ფეხზე დაყენება. მოძალადეები ცდილობენ, რომ ყველა სფეროში ქალი მათზე იყო დამოკიდებული…. სახალხო დამცველიც გვეუბნება, რომ ბიბლიოთეკის პრობლემა გვაქვს, მაგრამ არ უნდათ კითხვა. ხანგრძლივი უნდა იყოს ეს მუშაობა ფსიქოლოგთან,“ – გვიპასუხა ბექა მაჭუტაძემ.

ძალადობის მსხვერპლი ქალები თავშესაფარში 3-დან 9 თვემდე რჩებიან.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი