ვიდეორგოლი ფიროსმანის შესახებ – კომპიუტერები კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს 

სკოლის მოსწავლეებმა ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით უნდა მოამზადონ ანიმაციური ვიდეორგოლი, რომელშიც გააცოცხლებენ ფიროსმანის ნახატებს.

კონკურსისთვის – „გაცოცხლებული სურათები“ მოსწავლეებმა უნდა შექმნან ვიდეორგოლი, სადაც შეუძლიათ გამოიყენონ როგორც ციფრული, ასევე, სხვადასხვა ტიპის რესურსი, მათ შორის, საკუთარი ნახატებიც.

კონკურსის პირობების მიხედვით, მოსწავლეებმა მხატვრის ბიოგრაფიიდან უნდა მოიძიონ ისტორიები და მასზე დაყრდნობით შეიმუშაონ ვიდეორგოლის სიუჟეტი.

ვიდეორგოლი უნდა იყოს გახმოვანებული ან გაფორმებული მუსიკალურად.

ვიდეორგოლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს.

საკონკურსო ნამუშევრის მომზადებას სკოლის ადმინისტრაცია კურირებს. სკოლამ უნდა გამოავლინოს მინიმუმ ორი საუკეთესო ნაშრომი, რომელსაც ჩაწერს CD-ზე და წარადგენს შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრში.

ვიდეორგოლებს დაახარისხებენ ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით. გამარჯვებულებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული კომისია გამოავლენს.

პირველ ასაკობრივ კატეგორიაში (მე-7-9 კლასები), პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული ნამუშევრების ავტორები დაჯილდოვდებიან კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათებით.

პირველი ადგილის მფლობელი მიიღებს 700 ლარის ღირებულების კომპიუტერულ ტექნიკას და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათს,  მეორე ადგილის მფლობელი – 600, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი – 500 ლარის ღირებულების სასაჩუქრე ბარათს.

იგივე პრიზები გადაეცემათ მეორე ასაკობრივ კატეგორიაში (მე-10-12 კლასები) გამარჯვებულ კონკურსანტებსაც.

გამარჯვებული ნამუშევრები სკოლებმა რესურსცენტრებს უნდა წარუდგინონ 17 დეკემბრამდე, რესურსცენტრებმა კი სამინისტროში უნდა გადააგზავნონ 20 დეკემბრის ჩათვლით.

გამარჯვებულ მოსწავლეებს 31 დეკემბერს გამოავლენენ.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com