მთავარი,სიახლეები

როგორ დავამარცხოთ უმუშევრობა ევროკავშირის დახმარებით – ორი რეალური ისტორია

03.12.2018 • 1891
როგორ დავამარცხოთ უმუშევრობა ევროკავშირის დახმარებით – ორი რეალური ისტორია

საქართველოში ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ მოსახლეობისთვის ერთ-ერთი უპირველესი პრობლემა უმუშევრობაა. ეს განსაკუთრებით ნათლად ჩანს რეგიონებში, სადაც სამუშაო ადგილების ნაკლებობასთან ერთად კვალიფიციური კადრების დეფიციტიც არსებობს.

ამის საპასუხოდ ევროკავშირი აფინანსებს საგრანტო პროექტებს, – „საოჯახო ბიზნესი“ და „საქართველოში ფორმალურ/არაფორმალური პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის სისტემებს შორის კავშირის გაძლიერება სიცოცხლის მანძილზე სწავლების კონტექსტში“.

ჩვენ ამ პროექტების ბენეფიციარებს, ნიკა ხასაიას და იამზე ხახუტაიშვილს შევხდით

ნიკა ხასაია, 25 წლის – შემდუღებელი

„დიახ, გისმენთ. ახლა კი ვმუშაობ, მაგრამ ცოტა ხანს მოვიცლი“, – მეუბნება ტელეფონში ახალგაზრდა კაცი. ნიკა ხასაია 25 წლისაა. სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარში ცხოვრობს. იქ დაიბადა და გაიზარდა. სკოლაც იქვე დაამთავრა. შემდეგ ჯარში იმსახურა. 19 წლის იყო, როდესაც სახლში დაბრუნდა და სამსახურის ძებნა დაიწყო.

ნიკა ხასაია

ნიკა ხასაია

ოჯახში ოთხნი არიან. ის, მისი მეუღლე, ხანშიშესული მამა და 5 წლის ანდრია.

„ერთი პერიოდი ზუგდიდში ჩავედი და მუშად დავიწყე მუშაობა. რა ვიცი, სხვა რა უნდა მექნა. თან, როგორ გითხრათ, აბა… ძალიან უნიჭოც არ ვარ, ვუყურებდი სხვებს და ვხვდებოდი, რომ რაღაცების გაკეთება მეც შემეძლო. ვუყურებდი, ვსწავლობდი“, – მიყვება საკუთარ თავზე. ამ დროს გაიგო, რომ მის სოფელში, „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ სამუშაოების დაწყებას გეგმავდა და, რა თქმა უნდა, გულმა სახლისკენ გამოუწია.

დაიწყო კიდეც მუშაობა. უბრალო მუშა იყო, ხან რის გადაზიდვას ავალებდნენ და ხან – რის.  „შედუღება ადრეც გამიკეთებია, სხვებს ვუყურებდი, დამაინტერესა და ისე ვისწავლე, მაგრამ პროფესიონალურად, რა თქმა უნდა, არ ვიცოდი“, – მიყვება ნიკა. ჯვარის სასწავლო ცენტრში – „ლაკადა“ ზეინკალ-შემდუღებლის 300-საათიანი პროფესიული კურსი გაიარა.

 

ნიკა ხასაია

ნიკა ხასაია

ახლა უკვე 6 თვეა, რაც „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ შემდუღებლად მუშაობს, „სერტიფიკატიც მაქვსო“, მეუბნება და ამატებს – „აბა, ამის გარეშე ვინ აგიყვანს სამსახურში“.

იცის, რომ მილების გაყვანა 7-8 თვეს მაინც გაგრძელდება. ამიტომ ეს პერიოდი არ აშინებს. მერე? მერე იცის, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია პროფესიული კურსის ტრენინგების გავლა და სერტიფიცირებული, სხვადასხვა სახელობო პროფესიის დაუფლება. ეს კი, გარანტირებულ სამსახურს ნიშნავს.

პარალელურად კი…  „მამა? დღეს ბაღი მააქვს?“ – ყოველ დილით ასე იწყება ნიკას დღე. და „მამა, დღეს წვიმა რომაა, შენ ხომ არ მუშაობ?“ – მოჰყვება ხოლმე უკვე ტრადიციად ქცეული თანმიმდევრობა. ესეც გაიხედავს ფანჯარაში და თუ უამინდობაა, იცის, რომ იმუშავებს. ესე იგი, ნიკას და ანდრიას დღე იქნება.

იამზე ხახუტაიშვილი – 47 წლის

აი, ასე დგებიან და ნიჟარების ძიებაში მთელი ოჯახით სანაპიროს მოუყვება – იამზე ხახუტაიშვილი, მისი მეუღლე და სამი შვილი – ორი ქალი და ერთიც ვაჟი. ისინი ქობულეთიდან არიან.

ხელნაკეთი ნივთების შექმნა იამზეს ბავშვობიდან უყვარდა. 12 წლის იყო, როდესაც პირველად წიწვებისგან მოქსოვა კალათა. მერე საყვავილე გააკეთა, მერე ქარგვა და ქსოვა ისწავლა. „მთელი ცხოვრება ხელმარჯვე ვიყავი და სულ რაღაცებს ვაკეთებდიო“. ერთი წელი ლაბორატორიაში იმუშავა, თუმცა მერე „გავბედნიერდიო“, მითხრა და ახალ დაოჯახებულმა, სამსახურს თავი დაანება. ჯერ ერთი შვილი გაჩნდა, მერე – მეორე, მერე – მესამე…

იამზე ხახუტაიშვილი

იამზე ხახუტაიშვილი

ნიჟარებით სუვენირების კეთება 25 წლის წინ დაიწყო. ჯერ ის და მისი მეუღლე შრომობდნენ, მერე ბავშვებიც ჩაერთვნენ და ახლა უკვე ნამდვილი საოჯახო ბიზნესი აქვთ. „ყველას სხვადასხვა რაღაც მოგვწონს, ბავშვები რომ წამოიზარდნენ, დაიწყეს – ასე ჯობია, ასე გავაკეთოთო… მე და ჩემი მეუღლეც ვითვალისწინებთ და ისე ვაკეთებთ, რომ ყველა ბედნიერი იყოს“.

ესე იგი, თქვენს სახლში სულ ფუსფუსი და ნიჟარების ჩხარუნი ისმის? – ვეკითხები იამზეს: – „რა თქმა უნდა, აბა, ქობულეთში ზამთარში სხვა რა უნდა გააკეთო?“

ჯერ საფერფლე გააკეთეს, მერე სხვადასხვა ფიგურა და სამკაული მიაყოლეს – ქობულეთში, ბათუმსა და ურეკში სხვადასხვა ადგილას აბარებდნენ და ყიდდნენ.

ნიჟარებს თავად აგროვებენ ანდა ყიდულობენ. ხელით ამუშავებენ და ნატეხებად აქცევენ. აი, მერე კი, ნამდვილი შემოქმედება იწყება.

2 წლის წინ იამზემ ევროკავშირის ტრენინგი გაიარა, რომელზეც ბიზნესის ადმინისტრირება, ბუღალტერიის წარმოება და სხვა ის მრავალი დეტალი შეისწავლა, რაც საკუთარი საოჯახო ბიზნესის უკეთ წარმართვაში ეხმარება.

„მთავარი ის იყო, რომ აქ გვასწავლეს ბიზნესის წარმოება, ხალხთან, კლიენტებთან ურთიერთობა, ისეთი დეტალები, რაზეც მანამდე არც მიფიქრია. როგორ შეგვიძლია ონლაინსივრცის გამოყენება, როგორ კეთდება და რამდენად აუცილებელია ეტიკეტის დამზადება… რა უნდა გააკეთო რეალიზაციისათვის. გრანტით აღებული თანხით კი შევძელით იმ ხელსაწყოებისა და მასალის შეძენა, რაც ძალიან გვჭირდებოდა“, – მიყვება იამზე.

გამოდის, რომ მან აქ ისწავლა ყველაფერი ის, რასაც შეუძლია კუსტარულად დაწყებული საქმე თუ ჰობი, ნამდვილ, გამართულ ბიზნესად აქციოს.

იამზე ხახუტაიშვილი მეუღლესთან ერთად.

იამზე ხახუტაიშვილი მეუღლესთან ერთად.

იამზე მიიჩნევს, რომ ტრენინგზე მიღებულმა გამოცდილებამ მთლიანად შეცვალა საქმისადმი მისი დამოკიდებულება. ეს, თავის მხრივ, გაყიდვებზეც აისახა.

ძალიან უნდა, რომ ისევ ევროკავშირის დახმარებით ქობულეთში ცენტრი გახსნას, სადაც სხვადასხვა ასაკის ადამიანებს ხელსაქმეს შეასწავლის. ვინც იცის – იმათ დაასაქმებს. „ბევრნი არიან და ასეთ სივრცეს ყველა მოუთმენლად ელისო“.

ასე, რომ თუ შემთხვევით, ქობულეთში, სანაპიროზე ნიჟარების მაძიებელ შუახნის ქალბატონსა და მისი ოჯახის წევრებს დაინახავთ, იცოდეთ, ეს შეიძლება იამზე ხახუტაიშვილის ოჯახი იყოს, რომელიც მორიგი სუვენირისთვის საჭირო მასალის შეგროვებას ცდილობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: