მთავარი,სიახლეები

სასამართლოში ბრალდებულის გამოუცხადებლობის მიზეზი – გაფუჭებული ავტომანქანები

03.12.2018 • 1641
სასამართლოში ბრალდებულის გამოუცხადებლობის მიზეზი – გაფუჭებული ავტომანქანები

52 სპეციალიზებული ავტომანქანიდან 19 კუსტარული წესით გადაკეთების შედეგად გაფუჭდა – ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ პენიტენციურმა სამსახურმა ადმინისტრაციულად გასაჩივრების შემდეგ მოაწოდა.

„ბათუმელებმა“ საჯარო ინფორმაცია სასჯელაღასრულების სისტემის ავტოპარკის შესახებ 19 ოქტომბერს გამოითხოვა, მას შემდეგ, როცა ბათუმის საქალაქო სასამართლოში არაერთი პროცესის გადადების მიზეზი ბრალდებულის გამოუცხადებლობა გახდა. სასამართლო პროცესებზე მაშინ [და ახლაც] აღნიშნავდნენ, რომ ბრალდებულები პენიტენციურმა სამსახურმა ავტომანქანის არარსებობის გამო ვერ მიიყვანა ციხიდან სასამართლომდე.

იუსტიციის სამინისტროში ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემდეგ პენიტენციურმა სამსახურმა ავტოპარკის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა, სადაც აღნიშნულია, რომ ბალანსზე რიცხული 52 ავტომანქანიდან 19 კუსტარულად გადაკეთების შედეგად გაფუჭდა. ოფიციალურ წერილში არ არის დაზუსტებული, დაეკისრა თუ არა ვინმეს ამის გამო რაიმე სახის პასუხისმგებლობა.

„წლების მანძილზე ბალანსზე რიცხული ავტომანქანების სპეციალიზებულ მანქანებად არასწორად და მათი შესაძლებლობის გათვალისწინების გარეშე გადაკეთების შედეგად [კუსტარული მეთოდებით მიდუღების შედეგად ავტომობილის სალონში ჩამონტაჟებული ცხაურები და რკინის სხვა მძიმე კონსტრუქციები], ზემოხსენებული 52 მანქანიდან 2018 წლის ივლისის მდგომარეობით 19 ავტომანქანის ძრავი მწყობრიდან იყო გამოსული,“ – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მიერ გამოგზავნილ წერილში.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ავტომანქანების რემონტი ივლისში დაიწყეს, როცა სასჯელაღსრულების სისტემა იუსტიციის სამინისტროს შეუერთდა. საჯარო ინფორმაციის მიხედვით, დაზიანებული ავტომობილებიდან ექვსი ექსპლუატაციაში დაბრუნდა. პენიტენციურ სამსახურში ასევე განმარტავენ, რომ მომავალი წლისთვის 29 სპეციალიზებულ ავტომანქანას შეიძენენ.

„2018 წლის ოქტომბერში შემუშავდა ფინანსური გეგმა შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად – გადაწყდა 2019 წელს 29 ერთეული მაღალი სტანდარტის მქონე, ქარხნული წესით დამზადებული სპეციალიზებული ავტომობილის შესყიდვა, რომლებიც შესაბამისობაში იქნება პენიტენციური დაწესებულებებიდან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანის მიზნებთან“, – მოგვწერეს პენიტენციური სამსახურიდან.

დადგა თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობა სახელმწიფო ქონების დაზიანების გამო? – საჯარო ინფორმაციის მიღების შემდეგ ჩვენ პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურს დავურეკეთ, სადაც გვიპასუხეს, რომ პასუხისგებაში მიცემული არავინ არის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: