მთავარი,სიახლეები

ექსპრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე ამბობს, რომ ქუჩაში უცხო კაცებმა შეურაცხყვეს

01.12.2018 • 6351
ექსპრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე ამბობს, რომ ქუჩაში უცხო კაცებმა შეურაცხყვეს

დღეს, პირველ დეკემბერს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პრესსპიკერმა და ახლა უკვე „ტვ პირველის“ ჟურნალისტმა, მანანა მანჯგალაძემ თავის ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა სტატუსი, რომელშიც აღწერს, თუ როგორ შეურაცხყვეს ის ორი დღის წინ მისთვის უცნობმა კაცებმა.

„ეს ეტყობა ტრენდია. ორი დღის წინ კინოში მივდივარ და ჩემს მეგობრებს ველოდები, ვაჟა-ფშაველაზე ვდგავართ მე და ნათია ბანძელაძე… მოვიდა ორი ახალგაზრდა მამაკაცი. ერთი უფრო აქტიური – „მიშას იცნობთო”. მართლა დავაპირე მეკითხა – “რომელი მიშა”. წამით არ მიფიქრია, ვინ იგულისხმა (მე ჩემი მოვალეობაც მოვიხადე, ვალდებულებაც და დავამთავრე ეგ ამბავი 2013 წლის ნოემბერში). ხოდა დაიწყო, მაგრამ რა დაიწყოო… გინება, გინებაა, შეურაცხყოფა… ნუ, მიშას ბოზები ხომ ძაან ჩვეულებრივია, ყველაფერ იმასთან რაც ამოსდიოდა…

მერე ალბათ წავიდა და იამყებდა, თავს მოიწონებდა: მანანა მანჯგალაძეს ვაგინეო. თან გარბოდა…

ისე ვიმუშავე ოთხი წელი ადმინისტრაციაში, ისე ვიარე ხუთი წელი ყველგან, არავინ გამომხტომია. რა ვიცი არ შემშინებია, არც შეურაცხყოფილად მიგრძვნია თავი, არც უპასუხოდ დამიტოვებია. მე არც მაშინ შემშინებია ბიბლიოთეკასთან მარტო რომ მივედი (ყველაზე არ ვიტყვი, მაგრამ იქ ნაწილი როგორი პოლიტპატიმარიც იყო კი აჩვენა დრომ)… უბრალოდ, არც გინებაა ჩემი სტილი და არც ისტერიკა.

ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ ქალებზე გამწევი და მოკივანი კაცები…“

მანანა მანჯგალაძის თქმით, ეს არ ყოფილა მუქარა და არც აპირებდა ამ ამბის გასაჯაროებას, რომ არა დღეს მომხდარი ძალადობის ფაქტები.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პრესსპიკერსა და ახლა უკვე მოქმედ ჟურნალისტს მიაჩნია, რომ დღევანდელი ვითარება „ჯინის გამოშვებას“ ჰგავს: „ვის არ გაუმარჯვია და ვინ არ დამარცხებულა, მაგრამ გამარჯვებას და დამარცხებასაც ღირსეულად უნდა შეხვდე, სახე უნდა შეინარჩუნო. მართლა ვერ ვხვდები, გამარჯვებული ასე რატომ უნდა იქცეოდეს. ჯინის გამოშვების ამბავია და ამას თუ არ მიხედავენ, პრობლემა სხვებისთვისაც გახდება – იმისთვის, ვინც ეს ჯინი გამოუშვა. ეს არ არის ადვილად მართვადი. წარმოუდგენელია შეურაცყოფებით და ურთიერთანგარიშსწორებით ვინმემ რამე მოიგოს“.

დღეს გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ მას და მის მეუღლეს ქუთაისის აეროპორტში პოლიტიკური ნიშნით დაესხნენ თავს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ასევე, დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამდენიმე ადამიანი თავს დაესხა კიდევ ერთ ოპოზიციონერს – ბაჩუკი ქარდავას.

ფოტო მანანა მანჯგალაძის ფეისბუქგვერდიდან. ფოტო გამოქვეყნებულია რესპონდენტის თანხმობით.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: