მთავარი,სიახლეები

დღეს ბათუმში აივ/ინფექციასა და C ჰეპატიტზე უფასო ტესტირება ტარდება

01.12.2018 • 1651
დღეს ბათუმში აივ/ინფექციასა და C ჰეპატიტზე უფასო ტესტირება ტარდება

დღეს, პირველ დეკემბერს, შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღსანიშნავად აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი უფასო ტესტირებას ატარებს აივ/ ინფექციასა და C ჰეპატიტზე.

ტესტირება სავაჭრო ცენტრ Metro city Forum Batumi-ში მიმდინარეობს, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მივიდეს და შემოწმება გაიაროს.

პირველი დეკემბერი, როგორც შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 1988 წლიდან აღინიშნება და ის ყოველ წელს აქტიურ თემას ეძღვნება.

2018 წლის თემაა „იცოდე შენი აივ სტატუსი ჩაიტარეთ ტესტირება აივ ინფექცია/შიდსზე️”.

სტატისტიკის მიხედვით, აივ ინფიცირებულთა სავარაუდო რიცხვი საქართველოში 7000-ზე მეტია.

2018 წლის პირველი დეკემბრის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია: აივ-ით ინფიცირების 7380 შემთხვევა. აივ ინფიცირებულთა შორის 5526  კაცია და 1854 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა.

შიდსი 3816 ადამიანს განუვითარდა, 1500 კი გარდაიცვალა.

შიდსის პირველი შემთხვევა საქართველოში 1989 წელს დაფიქსირდა.

სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი აივ-ინფიცირებული თბილისშია, შემდეგ მოდის – სამეგრელო, იმერეთი და აჭარა. აჭარაში  აივით ინფიცირების  827  შემთხვევაა დაფიქსირებული.

2018 წელს გამოვლინდა 606 ახალი შემთხვევა. არვ მკურნალობაზეა 4524 (მათ შორის აფხაზეთში – 526) პაციენტი.

რატომ არის მნიშვნელოვანი გამოკვლევის ჩატარება

დადგენილია, რომ თუკი დროულად აღმოაჩენთ აივით ინფიცირების ფაქტს, დროულად დაიწყებთ მკურნალობას, შეძლებთ მასთან გამკლავებას.

დღეს საქართველოში მოქმედი პროგრამით, მკურნალობა იწყება ადრეული სტადიიდან, აივით ინფიცირების დადგენის მომენტიდან, რაც პაციენტს აძლევს საშუალებას უფასოდ ჩაერთოს მკურნალობის პროგრამაში და სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვროს.

მთავარი ფოტო: აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები ატარებენ უფასო ტესტირებას აივ/ ინფექციასა და C ჰეპატიტზე.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: