მთავარი,სიახლეები

ვის გაუნახევრებენ ხელფასს საარჩევნო კომისიებიდან – საჩივრების განხილვა

30.11.2018 • 1783
ვის გაუნახევრებენ ხელფასს საარჩევნო კომისიებიდან – საჩივრების განხილვა

საუბნო კომისიებში დაწერილი საჩივრები ბათუმის საოლქო კომისიამ დღეს, 30 ნოემბერს განიხილა. ბათუმში საჩივრები, ძირითადად, კომისიის იმ წევრების წინააღმდეგ დაიწერა, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდნენ და გადასატანი ყუთის წილისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

ერთ-ერთ შემთხვევაში საჩივარი კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგაც დაიწერა. „კომისიის თავმჯდომარემ თავისი სურვილით არ მიაღებინა მონაწილეობა წილისყრაში კომისიის წევრს,“ – აღნიშნა საოლქო კომისიის სხდომაზე მადონა ბერიძემ, „სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურიის კოორდინატორმა. ეს ორგანიზაცია ბათუმის 25-ე უბანზე კომისიის თავმჯდომარის და ასევე კომისიის წევრის მიმართ ითხოვდა შესაბამისი სანქციის გატარებას.

„როცა გადასატანი ყუთის წილისყრა დავიწყეთ, ვიკითხე, ვის არ სურს მონაწილეობა-მეთქი. ნონა ბასილიამ უარის ნიშნად თავი გაიქნია, არ მინდაო და არც მიუღია მონაწილეობა. ვუთხარი, რომ ამ არჩევნებზე თავისუფალი მოქალაქე იქნები-მეთქი,“ – უთხრა კომისიის წევრებს ბათუმის 25-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ.

„რატომ დასვით ეს შეკითხვა საერთოდ? რას ნიშნავს, ვის სურს და არ სურს წილისყრაში მონაწილეობა?“ – იკითხა საოლქო კომისიის წევრმა. საუბნო კომისიის თავმჯდომარეს დავით ბაციკაძე გამოესარჩლა, რომელიც უმაღლესი საბჭოს წევრია „ქართული ოცნებიდან“. საუბნო კომისიის თავმჯდომარის ნაცვლად შეკითხვას მან გასცა პასუხი.

„გამოცდილება ჰქონდა პირველი ტურიდან და წინა არჩევნებიდან… ცნობილია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ იღებენ მონაწილეობას გადასატანი ყუთის წილისყრაში. ამიტომ იკითხა ეს კომისიის თავმჯდომარემ,“ – თქვა დავით ბაციკაძემ.

„რა იყო ადრე არ მაინტერესებს, მასე ხუთი პრემიერ-მინისტრი გყავდათ თქვენ,“ – მიმართა დეპუტატს კახა ჯაიანმა, ორაგანიზაცი „ახალი ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა.

საბოლოოდ საოლქო კომისიამ მიიჩნია, რომ კანონი კომისიის წევრმა დაარღვია, რომელსაც გადასატანი ყუთის წილისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. კომისიის თავმჯდომარის მიმართ კი, სამართალდარღვევა არ დადგინდა.

„არა მგონია, კომისიის თავმჯდომარეს შეეშინებინა ვინმე,“ – დასძინა საოლქო კომისიის თავმჯდომარე ციალა შავაძემ.

ბათუმის 25-ე საუბნო კომისიის წევრს ნონა ბასილიას ხელფასის ნახევარს ჩამოაჭრიან. ანალოგიურად ხელფასი ჩამოეჭრებათ მე-13 უბნის კომისიის წევრს ნანი გერგანიას და 31-ე საარჩევნო უბნის წევრს – ნონა გოგიტიძეს.

მე-13 უბნის შემთხვევაში საჩივარი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დამკვირვებელმა დაწერა, 31-ე უბანზე კი „ახალგაზრდულმა ცენტრმა“. ამ ორგანიზაციის წარმომადგენლის მტკიცებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გადასატანი ყუთის წილისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და შესასვლელთან ამომრჩევლების პირადი მონაცემების ჩაწერა დაიწყო.

„ეს არ იყო მხოლოდ ერთ და ორ უბანზე, ეს ხდებოდა მასობრივად, როცა ისინი წილისყრაში მონაწილეობაზე უარს ამბობდნენ და შემდეგ ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელთან დგებოდნენ და პერსონალურ მონაცემებს ამუშავებდნენ. ისინი არ ეხმარებოდნენ კომისიებს მუშაობაში, პირიქით, ხელს უშლიდნენ,“ – გვითხრა საოლქო კომისიის თავმჯდომარე ციალა შავაძემ. მას ვკითხეთ, რატომ გადაწყვიტა ოლქმა საარჩევნო კომისიებში მყოფი ოპოზიციის წარმომადგენლების მკაცრად დასჯა.

ამომრჩეველთა მონაცემების ჩაწერაზე საჩივარი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ჰქონდა წარმოდგენილი. საჩივარში აღნიშნული იყო, რომ 51-ე უბანზე კომისიის წევრი ლია ირემაძე ამომრჩევლების სახელ-გვარებს იწერდა და მობილურ ტელეფონში შეჰყავდა.

„ეს არის პერსონალური მონაცემების წესის დარღვევა,“ – მიიჩნევს მალხაზ ჭკადუა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერი.

„თუ კომისიის წევრი ამ მონაცემს ცესკოში ამოწმებდა, ამაში ვერ ვხედავ პრობლემას, მაგრამ ის sms-ს აგზავნიდა, რაც დაუშვებელია,“ – გამოთქვა პოზიცია დავით ბაციკაძემ „ქართული ოცნებიდან“.

„რა იცით, რომ აგზავნიდა, ამის მტკიცებულება არსებობს? ჩვენ უარესი ვნახეთ, თქვენ ამომრჩევლების ფოტოსურათებიანი სიები ქუჩებში გქონდათ გამოფენილი“, – მიმართა მმართველი პარტიის წარმომადგენელს „ნაციონალური მოძრაობის“ იურისტმა.

საოლქო კომისიის სხდომას 51-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ჯონი ბარამიძეც ესწრებოდა. საჩივრის ავტორი მის მიმართ მოითხოვდა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას, რადგან მან კენჭისყრის დროს ამაზე რეაგირება არ მოახდინა. უბნის კომისიის თავმჯდომარემ საოლქო კომისიას უთხრა, რომ ამომრჩეველთა ნაკადის მარეგულირებელი კენჭისყრის ოთახის გარეთ იდგა.

„სხვაგვარად მოუხერხებელი იყო, მე ვერ დავინახავდი, კომისიის წევრი ამუშავებდა თუ არა ამომრჩევლის პირად მონაცემებს… როცა მითხრეს, მივედი და ვუთხარი, აღარ განმეორდეს-მეთქი და მაინც განაგრძო. მერე გავაძევეთ უბნიდან, მაგრამ დაბრუნდა, როგორც დამკვირვებელი, მე რა უნდა მექნა?“ – იკითხა ჯონი ბარამიძემ.

„პერსონალური მონაცემების დაცვა სავალდებულოა, მაგრამ საარჩევნო კანონმდებლობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ კენჭისყრის დღეს შემხებლობა გქონდეს პერსონალურ მონაცემებთან, აბა ტყუილად ხომ არ იდგები კენჭისყრის ოთახში, თუ არაფერი არ გადაამოწმე?“ – იკითხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა საოლქო კომისიაში, უშანგი მიქელაძემ.

საოლქო კომისიამ გადაწყვიტა, რომ არ უნდა ემსჯელა საკითხზე, რომელიც კენჭისყრის ოთახის მიღმა ხდებოდა. საოლქო კომისია ადმინისტრაციული წესით იმსჯელებს, უნდა ყოფილიყო თუ არა ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კენჭისყრის ოთახს გარეთ.

ადმინისტრაციული წესით ბათუმის საოლქო კომისიამ ერთი თვის ვადაში კიდევ ხუთი საჩივარი უნდა განიხილოს, მათ შორის, ერთ-ერთი დედის საჩივარია, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ამომრჩეველთა საერთო სიიდან ამოღებას ითხოვს. საოლქო კომისიამ ეს საკითხიც უნდა შეისწავლოს და გადაწყვეტილება მიიღოს.

ბათუმის საოლქო კომისიამ არ დააკამყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შედგენილი საჩივარი, რომელიც მე-100 უბანზე დაგვიანებით მისულ კომისიის წევრს შეეხებოდა.

„საჩივარში მითითებულია, რომ კომისიის წევრმა 10 წუთით დაიგვიანა და მას არ უნდა მიეღო წილისყრაში მონაწილეობა. კანონმდებლობა ასეთ შეზღუდვას არ იცნობს. ბუნებრივია, საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო,“ – გვითხრა საოლქო კომისიის თავმჯდომარე ციალა შავაძემ.

რატომ არ ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს, სხვა საჩივარი? – ამ პარტიის წარმომადგენელმა უშანგი მიქელაძემ გვითხრა, რომ ჯამში ბათუმის საუბნო კომისიებში მათ 40-მდე საჩივარი დაწერეს, თუმცა მათი უმრავლესობა აღმოფხვრილად მიიჩნია საოლქო კომისიამ, ნაწილი კი, უსაფუძვლობის გამო არ განიხილა.

„მათ შეცვალეს და მოირგეს კანონი. რაც გინდა ის მოხდეს, თუკი კომისიის წევრი დაწერს ახსნა-განმარტებას, ითვლება, რომ პრობლემა მოხსნილია… ჩვენს დროსაც იყო ახსნა-განმარტებები, მაგრამ მაშინ იქვე, სავარაუდო დარღვევის დროს უნდა დაეწერა კომისიის წევრს ახსნა-განმარტება. გარდა ამისა, საოლქო კომისიამ საუბნო კომისიებში მიავლინა დამხმარე პერსონალი, ისინი ეხმარებიან,“ – გვითხრა უშანგი მიქელაძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: