სტაჟირების ინდივიდუალური პროგრამები ყოფილი პატიმრებისთვის

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ 2017 წლის თებერვლიდან ახორციელებს ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს. პროექტის მიზანია ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და პატიმართა ოჯახის წევრების ინტეგრაცია, სამედიცინო მხარდაჭერა, განათლება და დასაქმების ხელშეწყობა.

გათავისუფლების შემდეგ პროფესიის არქონაა ყოფილი პატიმრებისთვის ხშირად მთავარი პრობლემა. ეს საზოგადოებაში მათ რეინტეგრაციის პროცესს ართულებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სტაჟირების პროგრამები და მცირეხნიანი, სახელდახელო ტრენინგ-სემინარები პროფესიულ საქმიანობაში დასახელოვნებლად. ხშირია შემთხვევები, როცა „დემოკრატიის ინსტიტუტის“ „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროგრამა“ ეხმარება მათ, გაიარონ სტაჟირება სხვადასხვა კომპანიასა და საწარმოში, სადაც დასაქმების შესაძლებლობაც ეძლევათ.

სტაჟირების პროგრამით ისარგებლა ოზურგეთში მცხოვრებმა დავით კოჩალიძემ, რომელმაც ხორცის დამუშავება შეისწავლა. დავითი მესაქონლეობა-მეფრინველეობას ეწევა და სტაჟირებისას შესწავლილი საქმე მას პროდუქციის რეალიზაციაში დაეხმარა. ახლა მას უკვე შეუძლია თავად მიაწოდოს მაღაზიებს დამუშავებული ხორცი.

სტაჟირების პროგრამაში ჩართვა იმერეთში, აჭარაში, გურიასა და სამეგრელო ზემო-სვანეთში მცხოვრებ ბენეფიციარებს შეუძლიათ.

პროგრამის ერთ-ერთმა ბენეფიციარმა ბათუმში სტაჟირებაზე შემდუღებლის საქმე ისწავლა, რასთანაც აქამდე არანაირი კავშირი არ ჰქონია. ახლა ის ეზოს ინვენტარს, რკინის სხვადასხვა ნივთს, მოაჯირებს, ჭიშკრებსა და კარებს აკეთებს, საქმეც გაუჩნდა და შემოსავალიც აქვს.

„ყოფილი პატიმრების, მათი ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ავტომობილის მართვის შესწავლის მსურველებსაც ეხმარება კურსების დაფინანსებით. ამ სერვისით სამეგრელოში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ბენეფიციარმა ისარგებლა და მართვის მოწმობაც მიიღო. სურვილის შემთხვევაში ბენეფიციარი  ტაქსის მძღოლად დასაქმებას შეძლებს.

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტში ბენეფიციარებს ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით სთავაზობენ სხვადასხვა სერვისს. პროგრამა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტი ასევე მიზანად ისახავს:

  • ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას; 
    • იურიდიულ დახმარებას;
  • ბენეფიციართა გადამისამართებას შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში;
    • ბენეფიციართა დახმარებას (ადვოკატირებას), რომ ისარგებლონ კუთვნილი სამედიცინო შეღავათებით და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით.
  • ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და მათი ოჯახის წევრების მცირე სამეწარმეო ინიციატივების წახალისებას.
  • სამიზნე ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობას.

ზემოთჩამოთვლილი სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებს და პრობაციონერებს. ამისთვის მათ უნდა მიმართონ:

აჭარაში – დემოკრატიის ინსტიტუტს – ქ.ბათუმი ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44

იმერეთში – აფხაზინტერკონტს / ქ.ქუთაისი ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61

გურიაში – გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს /ოზურგეთი რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26

თანაზიარი – რუსთაველის ქ. 88 /ტელ: (0415) 22 10 78

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი

ავტორი
თამარ ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან