მთავარი,სიახლეები

ხელფასი 440 ლარი – მზარეულები, რომლებიც სოციალურად დაუცველებს უმზადებენ სადილს

30.11.2018 • 3814
ხელფასი 440 ლარი – მზარეულები, რომლებიც სოციალურად დაუცველებს უმზადებენ სადილს

„რა ვქნათ, ყველა გაჭირვებულია,“ – ასე ამბობენ მზარეულები, რომლებიც ყოველდღე სოციალურად დაუცველებს ემსახურებიან. თითოეული მათგანის ხელფასი თვეში 440 ლარია. დილის რვა საათზე მზარეულები უფასო სადილის მოსამზადებლად იკრიბებიან. ჯავახიშვილის ქუჩის ბოლოში მდებარე მერიის მუნიციპალური სასადილოს მზარეულებს ვკითხეთ, როგორია თავად მათი სოციალური მდგომარეობა.

„არ გვყოფნის ხელფასი, მაგრამ რა უნდა ვქნათ, ვეჩვევით,“ – გაღიმებას ცდილობს გულიკო ყურშუბაძე და სხვა მზარეულებთან ერთად გვიყვება ხელფასზე. მზარეულები თანხმდებიან, რომ ხელფასი არაფრისთვის არაა საკმარისი და შიგადაშიგ ახსენებენ ფრაზებს: „ბანკში მიდის ეს ფული“, „ქმრებს ვეხიდებით და ესაა“…

„მე წამლებშიც არ მყოფნის…“ – განაგრძობს გულიკო ყურშუბაძე. – „საყოველთაო ჯანდაცვით კი ვსარგებლობ, მაგრამ ექიმთან რომ მივიდე, მერე წამალი ხომ მინდა? 100 ლარის წამალი მინდა მარტო. ორი წელია აქ ვმუშაობ. მანამდე ჩაისუბნის ბაღში ვმუშაობდი, იქ 80 ბავშვის მზარეული ვიყავი და 180 ლარი მქონდა ხელფასი. თუ ცოტას მოუმატებენ ხელფასს, კმაყოფილი ვიქნები კიდევ უფრო. ჩემი შვილი სატყეოში მუშაობს, რეინჯერია, რძალი – ხელვაჩაურის გამგეობაში, ერთად მოვდივართ. ყველა დღე ჩაისუბნიდან დავდივარ,“ – ასრულებს საუბარს ის.

„სხვათა შორის, არასდროს აგვიანებს,“ – ამატებენ სხვები.

2003 წლიდან ბათუმის მუნიციპალურ სასადილოში მუშაობს ჟუჟუნა დიასამიძე. თავიდან ხელფასი 90 ლარი მქონდა და 150 ლარი რომ გახდა, სიხარულით აღარ ვიყავიო. „ახლა ისე გაძვირდა ყველაფერი და გაჭირდა ცხოვრება, მაღალი ფასებია ყველაფერზე,“ – დასძენს ის. ჟუჟუნა დიასამიძე ახლა შეფმზარეულია და მისი ხელფასი თვეში 600 ლარია.

„უკვე 20 წელი მზარეული ვარ… ისე ბიბლიოთეკარობაა ჩემი პროფესია, მაგრამ ერთი წელი ვმუშაობდი მარტო ბიბლიოთეკაში ხელვაჩაურში… აქ დილას ვიწყებთ მუშაობას და ხუთის ნახევარზე გავდივართ. ამ სასადილოში სულ 748 ადამიანი იკვებება. ყოველდღე ვმუშაობთ, მაგრამ გვაქვს შიდაგანაწესი და თითო დღით ვისვენებთ. სულ 11 სული ვართ ოჯახში. ხელფასი, რა თქმა უნდა, არაა საკმარისი, მაგრამ ვინაწილებთ ოჯახში პასუხისმგებლობას, ისე არაფერი გამოვა. მე 4 მცირეწლოვანი შვილიშვილი მყავს ჩაბარებული,“ – გვითხრა ჟუჟუნა დიასამიძემ.

ხელფასს – 440 ლარს აბიტურიენტი შვილის მომზადებისა და კომუნალური გადასახადებისთვის ხარჯავს მაია ბაღდავაძე.

„დანარჩენი რა ვიცი, მეუღლე მუშაობს, დედამთილი საზღვარგარეთაა და გვეხმარება, სოფელი გვაქვს კიდევ, იქედან მოგვაქვს პროდუქტები… ამის გარეშე ცხოვრება ძალიან გაგვიჭირდებოდა,“ – აღნიშნავს მაია ბაღდავაძე.

„სხვა სამსახური არაა და რა უნდა ქნა?“ – კითხულობს ლიანა ბერიძე, რომელმაც სადილის მომზადება უკვე დაასრულა: „ჩემი ბავშვები უკვე დაიზარდნენ, რა უნდა მექნა სახლში? სახლში ჯდომას მუშაობა ჯობია. თანაც, მეუღლეს ვეხიდები…“ – გვითხრა მან.

„ამ ხელფასის მიუხედავად, ყოველდღიურად ძალიან ბევრი განაცხადი შემოდის დასაქმებაზე,“ – გასაუბრების პროცესს შემოუერთდა შორენა გორგილაძე, იგი სურსათის უვნებლობის განყოფილების მენეჯერია. შორენა ირწმუნება, რომ განაცხადები მზარეულად დასაქმების მოთხოვნით ხშირად შედის მერიაში. შორენა გორგილაძე აღნიშნავს იმასაც, რომ თავად სოციალურად დაუცველებმა რამდენჯერმე უარი თქვეს მზარეულად დასაქმებაზე.

„ჩვენ შევთავაზეთ სოციალურად დაუცველებს მზარეულად მუშაობა, მაგრამ უარი თქვეს. ხელფასი, რაც თქვენ გაქვთ, ჩვენ დახმარების სახით თითქმის ვიღებთ, გარდა ამისა, კვება, წამალი და მკურნალობა უფასო გვაქვსო და უარი თქვეს. მათ იცოდნენ, რომ თუკი დასაქმდებოდნენ, სოციალურად დაუცველის სტატუსი მოეხსნებოდათ,“ – გვითხრა შორენა გორგილაძემ.

ააიპ „ბათუმის მუნიციპალური სასადილოს“ ხელმძღვანელი, ასლან მგელაძეც ფიქრობს, რომ მზარეულების ხელფასი დაბალია. თუმცა კონკრეტულად არ იცის, როდის გაიზრდება იმ ადამიანების ხელფასი, რომლებიც უშუალოდ სოციალურად დაუცველებს ემსახურებიან.

„ჩვენ გამოვითვალეთ და დაახლოებით 100 ლარით რომ გაიზარდოს მზარეულის ხელფასი, 18 ათასი ლარი დაგვჭირდება. მე მგონი, რომ უნდა გამოინახოს ეს რეზერვი. ჩემი მოსაზრება მიტანილი მაქვს მერიამდე და ვნახოთ. გააჩნია, ბიუჯეტი რის საშუალებას მოგვცემს,“ – ამბობს ასლან მგელაძე.

მთავარი ფოტო: მზარეულები – ლიანა ბერიძე და მაია ბაღდავაძე, მანანა ქველიაშვილის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: