მთავარი,სიახლეები

ბათუმში „შერატონის“ მესაკუთრის სახელობის ქუჩას სახელს აღარ შეუცვლიან

29.11.2018 • 2562
ბათუმში „შერატონის“ მესაკუთრის სახელობის ქუჩას სახელს აღარ შეუცვლიან

ბათუმში ნურეთინ ჩარმიქლის ქუჩისთვის სახელის გადარქმევაზე საკრებულოს განათლების კომისიამ უარი თქვა. ამ კომისიის დადებითი დასკვნის გარეშე ამ საკითხზე მომზადებულ პეტიციას საკრებულო ვერ განიხილავს.

პეტიცია ბათუმის „შერატონის“ მესაკუთრის – ნურეთინ ჩარმიქლის ქუჩისთვის სახელის გადარქმევაზე 3 სექტემბერს გამოცხადდა. პეტიციას 1111-მა ადამიანმა მოაწერა ხელი.

„უარი გვითხრეს, რადგან ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, ქსენოფობიაში დაგვდებენ ბრალსო. მე ვუთხარი მათ, რომ საკრებულო მინიპარლამენტია და პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. ოფიციალურ დოკუმენტს როცა ჩაგვაბარებენ, შემდეგ ვაპირებთ სასამართლოს მივმართოთ. სასამართლოში ქუჩისთვის ჩარმიქლის სახელის მინიჭებას გავასაჩივრებთ. მიგვაჩნია, რომ თავის დროზე ეს უკანონოდ მოხდა, რადგან არ იყო საზოგადოების დაკვეთა… კომისიის წევრები დაგვპირდნენ, რომ თუკი საჩივარს მოვამზადებთ, ისინიც მოგვიწერენ ამაზე ხელს,“ – გვითხრა დავით ფარტენაძემ, რომელიც ამ პეტიციის ინიციატორი იყო.

„… ბიზნესმენი ნურეთინ ჩარმიქლი ასრულებდა კონკრეტული ფინანსური ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, რისგანაც მან მიიღო ფინანსური მოგება. ანუ, შესაბამისად ბიზნესმენი ნურეთინ ჩარმიქლი არ ახორციელებდა საზოგადოებრივ, კულტურულ, საგანმანათლებლო და/ან საქველმოქმედო საქმიანობას. მისი ღვაწლი უნდა შეფასდეს, როგორც კონკრეტული ბიზნესქმედება. ჩვენ, პეტიციის ხელმომწერთ, მიგვაჩნია, რომ ქალაქ ბათუმში მდებარე, ნურეთინ ჩარმიქლის ქუჩას გადაერქვას სახელი და დაერქვას „ქართველი ჯარისკაცის“ სახელი,“ – აღნიშნულია პეტიციაში.

წარმოშობით ლაზი ბიზნესმენის, ნურეთინ ჩარმიქლის სახელი ქუჩას ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით 2010 წელს მიენიჭა. მის სახელს ბათუმში სასტუმრო „შერატონის“ მშენებლობა უკავშირდება. გარდა ამისა, იგი საქართველოს საპატიო კონსული იყო ქალაქ იზმირში.

ბათუმის საკრებულო

„ჩვენ არ გვინდოდა ამას პოლიტიკური სარჩული მისცემოდა,“ – გვითხრა საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმის და სპორტის კომისიის წევრმა ლაშა სირაბიძემ. რატომ მიეცემოდა ქუჩისთვის სახელის შეცვლას „პოლიტიკური სარჩული“? – ლაშა სირაბიძემ გვითხრა, რომ კითხვას კომისიის თავმჯდომარემ უნდა გასცეს პასუხი. საკრებულოს წევრმა მოკლედ გვითხრა თავისი პოზიციაც:

„მე, პირადად, შევატყვე პეტიციიის ავტორებს პოლიტიკური ნიშნები. ისინი აქცენტს აკეთებდნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოჰაბიტაციაზე – აი, ვნახოთ ახლა, გიორგი კირთაძის გადაწყვეტილების შეცვლას თუ შეძლებთო… მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური მიზნით არ უნდა შეეცვალოს ქუჩას სახელი, თუ სამართლებრივად დაირღვა რამე, ამაზე უნდა იმსჯელოს სასამართლომ, მე ამის მომხრე ვარ… არ ვიცი, დაირღვა თუ არა იმ დროისთვის არსებული რეგლამენტი,“ – ამბობს ლაშა სირაბიძე.

„ბათუმელების“ სატელეფონო შეტყობინებას არ უპასუხა ირაკლი პატარიძემ, საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარემ.

საკრებულო თავს იკავებს სხვა ქუჩების სახელების გადარქმევაზეც. 2018 წლის მარტში საკრებულომ უარი თქვა გრიბოედოვის ქუჩისთვის ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის სახელის მინიჭებაზე. ამავე წლის აგვისტოში საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძემ საკრებულოს სხდომაზე თქვა, რომ ლერმონტოვის ქუჩისთვის ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის სახელის მინიჭების საკითხს განიხილავენ, თუმცა ამ დრომდე ინიციატივა საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიას არ განუხილავს.

ამავე თემაზე:

როგორ შეიძლება ქუჩისთვის სახელის შეცვლა – საიას განმარტება

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: