მთავარი,სიახლეები

ბათუმში ვაშაძემ ზურაბიშვილს არჩევნები 10 უბანზე მოუგო

30.11.2018 • 2447
ბათუმში ვაშაძემ ზურაბიშვილს არჩევნები 10 უბანზე მოუგო

არჩევნების პირველი ტურისგან გასხვავებით, არჩევნების მეორე ტური ბათუმში სალომე ზურაბიშვილმა მოიგო. ზურაბიშვილს ხმა ბათუმში 43 630-მა ამომრჩეველმა მისცა, გრიგოლ ვაშაძეს კი – 34 656-მა ამომრჩეველმა.

ჯამში, სალომე ზურაბიშვილმა ბათუმის საარჩევნო ოლქის 104 უბნიდან არჩევნები 94 უბანზე მოიგო, გრიგოლ ვაშაძემ კი – მხოლოდ 10 უბანზე. „ბათუმელებმა“ ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ ოქმებს გადახედა, სადაც ჩანს, რომ განსხვავება ხმებს შორის ძირითადად მცირე იყო, რამდენიმე უბნის გამოკლებით.

ბათუმის #96 უბანი იყო ერთადერთი საარჩევნო უბანი ბათუმში, სადაც ერთმა ხმამ გადაწყვიტა კანდიდატის აქ გამარჯვება. ამ უბანზე გრიგოლ ვაშაძემ 494 ხმა მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა კი – 495 ხმა.

ბათუმის ოლქი, #96 უბნის ოქმი

იმ 10 უბანს შორის, რომლებიც ვაშაძემ ბათუმში მოიგო, მისი გამარჯვება ყველაზე დამაჯერებელი ბათუმის #102 უბანზე იყო, სადაც ვაშაძეს ხმა მისცა 344-მა ამომრჩეველმა, ზურაბიშვილს კი – 111-მა. ამავე უბანზე, ასევე, დამაჯერებლად მოიგო ვაშაძემ არჩევნები პირველ ტურშიც – მან უბანზე 287 ხმა მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა კი მხოლოდ – 51 ხმა. ბათუმის #102 უბანი ტბეთის ქუჩაზე, თამარის დასახლებაში მდებარეობს.

ბათუმის ოლქი, #102 უბნის ოქმი

ვაშაძემ ბათუმში, ასევე მოიგო შემდეგი უბნები:

  • #42 უბანი – 424 ხმა ვაშაძე, 403 ხმა ზურაბიშვილი
  • #26 უბანი – 469 ხმა ვაშაძე, 376 ხმა ზურაბიშვილი 
  • #61 უბანი  – 337 ხმა ვაშაძე, 330 ხმა ზურაბიშვილი
  • #67 უბანი – 398 ხმა ვაშაძე, 387 ხმა ზურაბიშვილი
  • #87 უბანი – 406 ხმა ვაშაძე, 375 ხმა ზურაბიშვილი
  • #88 უბანი – 407 ხმა ვაშაძე, 391 ხმა ზურაბიშვილი
  • #89 უბანი – 504 ხმა ვაშაძე, 464 ხმა ზურაბიშვილი
  • #101 უბანი –  252 ხმა ვაშაძე, 231 ხმა ზურაბიშვილი
  • #103 უბანი – 455 ხმა ვაშაძე, 360 ხმა ზურაბიშვილი

პირველ ტურში ბათუმში სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები მხოლოდ 14 საარჩევნო უბანზე მოიგო, სხვა ყველა უბანზე ვაშაძეს მასზე მეტი ხმა ჰქონდა და რიგ უბნებზე ხმებს შორის სხვაობა ასსაც აღემატებოდა. მაგალითად, #26 საარჩევნო უბანზე პირველ ტურში ვაშაძემ 345 ხმა მიიღო, ზურაბიშვილმა კი – 165. მეორე ტურშიც ამ უბანზე ვაშაძემ გაიმარჯვა და პირველ ტურთან შედარებით 124 ხმით მეტი, სულ 469 ხმა მიიღო.

იმ უბნებზე, სადაც სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების პირველ ტურში გრიგოლ ვაშაძეზე მეტი ხმა დააგროვა [ეს უბნებია: #91, #85, #83, #82, #81, #65, #63, #52, #49, #13, #9, #8, #7, #6], მეორე ტურში მისი მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზარდა, თუმცა იმავე უბნებზე გაიზარდა ვაშაძის მომხრეთა რაოდენობაც. მაგალითად, ბათუმის #49 უბანზე ზურაბიშვილმა პირველ ტურში 270 ხმა მიიღო, ვაშაძემ – 263 ხმა. მეორე ტურში კი, ორივე კანდიდატის მხარდამჭერთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ზურაბიშვილმა 495 ხმა მიიღო, ვაშაძემ კი – 326 ხმა.

პირველ ტურთან შედარებით ბათუმში არჩევნების მეორე ტურში მაღალი იყო ამომრჩეველთა აქტივობა. არჩევნების პირველ ტურში  ბათუმში ხმა მისცა 63 634-მა ამომრჩეველმა [44.38%], მეორე ტურში კი – 80 364-მა ამომრჩეველმა [55.84 %]. 

არჩევნების მეორე ტურამდე პოლიტოლოგები ამბობდნენ, რომ არჩევნებზე მნიშვნელოვან გავლენას იქონებდნენ ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლები, რომლებიც არც „ოცნებას“ უჭერდნენ მხარს და არც „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ მაინც გააკეთებდნენ არჩევანს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: