მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერიის 5 მუნიციპალურ ავტობუსს ფოთის მერიას გადასცემენ

27.11.2018 • 3155
ბათუმის მერიის 5 მუნიციპალურ ავტობუსს ფოთის მერიას გადასცემენ

ბათუმის მერია, რომელსაც მუნიციპალური ტრანსპორტი საკმარისად ისედაც არ აქვს, 5 ავტობუსს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს, სახელმწიფო კი – ფოთის მერიას. ავტობუსების გადაცემის საკითხს ბათუმის საკრებულო 30 ნოემბრის სხდომაზე განიხილავს.

ავტობუსების გადაცემის თხოვნით ბათუმის მერიას სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის 12 ნოემბერს მიმართა, სააგენტოს კი – ქალაქ ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.

ფოთის მერი თავის წერილში მიუთითებს, რომ „ავტობუსების რაოდენობა არ არის საკმარისი მოსახლეობის სრულფასოვანი მომსახურებისთვის, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს მათ სამართლიან უკმაყოფილებას“:

ამონარიდი ფოთის მერის მიერ ქონების ეროვნულ სააგენტოში გაგზავნილი წერილიდან

ბათუმის მერია, „ბათუმის ავტოტრანსპორტთან“ შეთანხმებით, მზადაა ქალაქის ავტოპარკიდან სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს 5 „ზონდას“ მარკის [ე.წ. „ყვითელი“] ავტობუსი, შემდგომში მათი ფოთის მერიისთვის გადასაცემად.

„ბათუმის ავტოტრანსპორტში“ განაცხადეს, რომ ეს ავტობუსები ამჯერად გაჩერებულია, ხაზზე არ მოძრაობენ და საჭიროებენ შეკეთებას. თუ ვინ შეაკეთებს ავტობუსებს [სააგენტო, ბათუმის თუ ფოთის მერია] „ავტოტრანსპორტში“ ჯერ არ იციან: „ყველა შემთხვევაში, ავტობუსები თავისი სვლით უნდა ჩავიდნენ ბათუმიდან ფოთში“.

ავტობუსების საწყისი ღირებულება ჯამში 407 171 ლარი იყო, თუმცა „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ამ ხუთი ავტობუსის საბალანსო ღირებულება დღეს ჯამში 5250 ლარია.

დაახლოებით ორი კვირის წინ „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ქალაქში სულ 148 მუნიციპალური ტრანსპორტია, აქედან ყოველდღიურად ხაზზე 118 ავტობუსი გადის [დანარჩენი საჭიროებს გეგმით გათვალისწინებულ ტექდათვალიერებას] და იმის მიუხედავად, რომ პიკის საათებში ცალკეულ მარშრუტებზე ავტობუსები გადატვირთულია, ავტობუსის დამატებას ვერ ახერხებენ.

ამ თემაზე:

მოძველებული საინფორმაციო დაფები და სხვა შენიშვნები ბათუმის ავტოტრანსპორტის მისამართით

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: