14 წლის გოგოს დაყაჩაღებაში ბრალდებული მოსამართლეს: ერთი თვეა მეც იგივე კითხვა მაქვს



“ერთი თვეა ჩემს თავთანაც იგივე კითხვა მაქვს, რომ რა მოხდა,” – ასე უპასუხა ყაჩაღობაში ბრალდებულმა იმედა მ. მოსამართლეს ტრადიციულ შეკითხვაზე: ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?

იმედა მ.-ს გამოძიება 14 წლის გოგოს დაყაჩაღებას ედავება. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულმა ბაგრატიონის ქუჩაზე, ღამის 11 საათზე, გოგოს კისერთან დანა მიადო და მობილური ტელეფონი სიცოცხლის მოსპობის მუქარით წაართვა. რამდენიმე დღის შემდეგ იმედა მ. დააკავეს, მას ტელეფონი სახლში ჰქონდა შენახული.

“ყაჩაღი რომ ყოფილიყო, გაყიდდა ხომ?” – გვითხრა სასამართლოს დარბაზში მყოფმა ბრალდებულის ახლობელმა. მისი თქმით, იმედა იმ საღამოს ნასვამი იყო და არაფერი ახსოვს.

“ვერ გავიგე თქვენი პოზიცია, აღიარებთ ბრალს, არ აღიარებთ, თუ დუმილის უფლებით სარგებლობთ?” – მიმართა მოსამართლე ლევან გელოვანმა ბრალდებულს, რომელმაც ამჯერად თქვა, რომ ბრალს სრულად აღიარებს.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებული დაზარალებული არასრულწლოვნის მეგობარმა ამოიცნო, რომელიც ამ შემთხვევას შეესწრო. ბრალდებული ყაჩაღობის დროს შენიღბული არ ყოფილა.

“ჩვენ მოვითხოვთ ბრალდებულის გათავისუფლებას 5 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ,” – აღნიშნა ადვოკატმა ედიშერ მახარაძემ, რასაც პროკურორი ადილარ წირღვავა არ დაეთანხმა.

“ახლადაღმოჩენილი გარემოება არ არსებობს,” – თქვა მან.

იმედა მ. მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

“ეს მუხლი სასჯელის სახით მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 5-დან 7 წლამდე,” – დასძინა მოსამართლე ლევან გელოვანმა.

იმედა მ. 34 წლისაა. 2010 წელს იგი ქურდობისთვის გაასამართლეს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი