მთავარი,სიახლეები

რატომ ამბობს უარს „გეოგრაფიკი“ მის მიერ მომზადებული დოკუმენტის ავტორობაზე – მერიის პასუხი

26.11.2018 • 2216
რატომ ამბობს უარს „გეოგრაფიკი“ მის მიერ მომზადებული დოკუმენტის ავტორობაზე – მერიის პასუხი

დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც ბათუმის მერიამ ქალაქში ისტორიული ზონის საზღვრები უნდა დაადგინოს, „გეოგრაფიკმა“ თავისი ლოგოს მოხსნა მოითხოვა. თავის დროზე ეს დოკუმენტი სწორედ „გეოგრაფიკმა“ მოამზადა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კომპანიამ ამ მოთხოვნით ბათუმის მერიას ოფიციალურად მიმართა.

საუბარია ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დამტკიცებისთვის საჭირო სარეკომენდაციო დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც, მერიას ქალაქში ისტორიული ზონის საზღვრები უნდა დაედგინა. მერიამ ამ დოკუმენტის მომზადებისთვის „გეოგრაფიკს“ 20 000 ლარი გადაუხადა – სამუშაოები ელექტრონული ტენდერით შეისყიდა.

თავდაპირველად, „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული დოკუმენტი საჯარო განხილვისას არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოიწონეს. თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ მერიამ საკრებულოში წარდგენამდე დოკუმენტში დატანილი საზღვრები შეცვალა. შესაბამისად, ახალი საზღვრები სამოქალაქო სექტორისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მიზეზი: ისტორიული ზონის მიღმა დარჩა ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორია, სადაც პროექტი „რივიერაა“ დაგეგმილი და სხვა ტერიტორიებიც.

ბათუმის მერიაში „გეოგრაფიკის“ მიერ თავის პროექტზე უარის თქმის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ. „გეოგრაფიკი მიიჩნევს, რომ ეს სულ სხვა დოკუმენტია, ამიტომაც მას კომპანიის ლოგო არ უნდა ჰქონდეს“, – განმარტა მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელმა მირიან მეტრეველმა.

ჯერჯერობით, მერიას კომპანიის მოთხოვნა არ შეუსრულებია, რადგან დოკუმენტი უკვე გადაგზავნილია განსახილველად საქართველოს კულტურის სამინისტროში [ისტორიული ზონის დადგენისას მხოლოდ მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილება საკმარისი არ არის, კანონდებლობით ის საქართველოს მთავრობამ უნდა განიხილოს].

ბათუმის ისტორიული საზღვრების დამდგენ დოკუმენტში ცვლილებების შეტანას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალი სასამართლოში ასაჩივრებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: