მთავარი,სიახლეები

რა პირობებში უწევთ ცხოვრება თავშესაფრის მაძიებელ ქართველებს საფრანგეთში

26.11.2018 • 13816
რა პირობებში უწევთ ცხოვრება თავშესაფრის მაძიებელ ქართველებს საფრანგეთში

საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში, თავშესაფრის საძიებლად ჩასული საქართველოს მოქალაქეები ღია ცის ქვეშ, კუსტარულად მოწყობილ კარვებში ცხოვრობენ. კარვების დასახლება სტრასბურგის განაპირას, პარკშია მოწყობილი.

კარვებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შორის ფეხმძიმე ქალი და მცირეწლოვანი ბავშვები არიან. როგორც „ბათუმელებისთვის“ გახდა ცნობილი, კარვების მობინადრეებს სტრასბურგში მცხოვრები ქართველები ეხმარებიან, თუმცა მათი მხარდაჭერა არ არის საკმარისი.

მაია მჭედლიშვილი იმ ადამიანებს შორისაა, ვინც კარვებში მცხოვრებლებს ეხმარება. სწორედ მან გამოაქვეყნა ფეისბუქზე ქართველების ყოფის ამსახველი ფოტოები. მაიას თქმით, ყველა იმ ადამიანმა, ვინც აპირებს საფრანგეთში წავიდეს და ჩაბარდეს საემიგრაციო სამსახურს, მნიშვნელოვანია იცოდეს, თუ რა ელოდება იქ.

„გაითვალისწინონ და თუ მაინც გადაწყვეტენ ჩვენი თანამემამულეები ევროპაში წამოსვლას და ჩაბარებას, მოერიდონ დიდ ქალაქებს, რადგან აქ არანაირი შანსი არ აქვთ,“ – ამბობს მაია.

კარვები სტრასბურგთან ახლოს მდებარე პარკში,  რომელშიც საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელი ქართველები ცხოვრობენ ფოტო: მაია მჭედლიშვილი

კარვები სტრასბურგთან ახლოს მდებარე პარკში,  რომელშიც საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელი ქართველები ცხოვრობენ ფოტო: მაია მჭედლიშვილი

სტრასბურგში მცხოვრები კიდევ ერთი ქართველი, ნათია ხუტაშვილი, რომელსაც „ბათუმელები“ ესაუბრა, აგვიღწერს სიტუაციას კარვებში.

„ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ჩვენი მთავრობის დამსახურებაა დღეს რაც აქ ხდება. ჩაბარებით იბარებენ და საცხოვრებელს არ აძლევენ [საფრანგეთში], ასე, კარვებში უწევთ ცხოვრება ამ სიცივეში. 115-ზე დარეკვისას ეუბნებიან, რომ ქართველები ძალიან ბევრი ხართ და თავშესაფარს აღარ ვიძლევითო. ვისაც რისი საშუალება აქვს, იმით ეხმარებიან, მაგრამ ამ სიცივეში ძნელია თავშესაფრის გარეშე ყოფნა,“ – ამბობს ის.

ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ საფრანგეთმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების რიცხვში შეიყვანა. შესაბამისად, პრაქტიკულად შეუძლებელია თავშესაფრის მიღება საფრანგეთში. ამის მიუხედავად, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ საქართველოდან საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაზრდილია. საქართველოს მოქალაქეები საფრანგეთში ტურისტებად ჩადიან, შემდეგ საემიგრაციო სამსახურს ბარდებიან და ითხოვენ თავშესაფარს.

კარვები სტრასბურგთან ახლოს მდებარე პარკში,  რომელშიც საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელი ქართველები ცხოვრობენ ფოტო: მაია მჭედლიშვილი

კარვები სტრასბურგთან ახლოს მდებარე პარკში,  რომელშიც საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელი ქართველები ცხოვრობენ ფოტო: მაია მჭედლიშვილი

ამავე თემაზე:

ვის შეუძლია თავშესაფრის მიღება საფრანგეთში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: